რეზონანსი
30.10.2020

ხვალ, 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქე გააკეთებს თავის არჩევანს და ეს არჩევანი იქნება ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი, ღირსებით სავსე დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ. ეს იქნება არჩევანი, რომელიც უარს ეტყვის უუფლებობის, ძალადობის, ფეხქვეშ გათელილი ღირსებისა და ადამიანის ინტერესების წარსულში დაბრუნებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის წარდგენაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„გლდანში ვატარებთ ჩვენი საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას. ხვალ, 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქე გააკეთებს თავის არჩევანს და ეს არჩევანი იქნება ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი, ღირსებით სავსე დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ. ეს იქნება არჩევანი, რომელიც უარს ეტყვის უუფლებობის, ძალადობის, ფეხქვეშ გათელილი ღირსებისა და ადამიანის ინტერესების წარსულში დაბრუნებას. ეს არის ჩვენი თითოეული მოქალაქის დაკვეთა - „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელოს ქვეყნის აღმშენებლობა. ჩვენი ვალდებულებაა, გავაგრძელოთ ზრუნვა პირველ რიგში ყველაზე მოწყვლად ადამიანებზე - ვისაც, ეს ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ღვაწლმოსილი პენსიონერები და მოხუცები არიან. „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც კანონის დონეზე დაადასტურა, რომ პენსია ყოველწლიურად გაიზრდება და ეს ვერ გახდება წინასაარჩევნოდ პოლიტიკური სპეკულირების საგანი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნებთ ბავშვებზე, რომელთა ჯანმრთელობა, განათლება და სოციალური მდგომარეობა სულ უფრო დიდი გამოწვევების წინაშეა და ჩვენ ეს ზრუნვა ყოველდღე უნდა გამოვავლინოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზრუნებთ სოციალურად დაუცველებსა და დევნილებზე“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, 2013 წლიდან 2019 წლამდე სოციალურად დაუცველთა დახმარების ბიუჯეტი დაახლოებით 2,5-ჯერ გაიზარდა და 3,5 მილიარდ ლარზე მეტი გახდა.

„ჩვენ გვესმის, რომ დევნილებზე ზრუნვა ჩვენი უპირობო პრიორიტეტია და 2013 წლიდან დევნილებს 24 ათასზე მეტი საცხოვრებელი გადავეცით. გეგმაში გვაქვს მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ 13 ათასი საცხოვრებლის გადაცემა, მაგრამ კარგად გვესმის, რომ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ მათ მშობლიურ სახლებში დაბრუნებაზე - გონივრულად, მშვიდად და მშვიდობიანად. გავაგრძელებთ ზრუნვას ძლიერ საჯარო მოხელეზე. არ უნდა შეგვრცხვეს და მოგვერიდოს, რომ სახელმწიფო დგას კეთილსინდისიერ, ეფექტურ პოლიციელსა და ჯარისკაცზე, მასწავლებელსა და ექიმზე, და როდესაც ასეთი შესაძლებლობა გვექნება, ყოველთვის დავუდგებით მათ გვერდით. ეს არის ხალხი, რომელზეც დგას საქართველოს ხვალინდელი დღე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ბიზნესის მხარდასაჭერად. დავეხმარებით გლეხს, რომ ის გახდეს ძლიერი ფერმერი, დაასაქმოს თავისი ოჯახი, მეზობელი, ახლობელი და ღირსეულად არჩინოს თავისი ოჯახი. დაცული საკუთრების უფლება, თანაბარი პირობები ბიზნესის ყველა წარმომადგენლისთვის - ეს ის პირობებია, რომელთა გარეშეც განვითარებული ევროპული ქვეყანა შეუძლებელია. გავაგრძელებთ დასავლეთისკენ სვლას - ევროპული ინტეგრაცია და ის მიღწევები, რომელიც გვაქვს, არის მხოლოდ გარდამავალი ეტაპი იმ დიდი ნაბიჯისთვის, რომელიც წინ გველოდება“, - განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ალეკო   (31.10.2020)
ისემც შენი დდმტყნ!!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×