რეზონანსი
30.10.2020

კომუნიკაციების კომისიამ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი „იმედის“ წინააღმდეგ დააკმაყოფილა და ტელეკომპანიას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. საქმე ეხება „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც „იმედმა“ ეთერში არ განათავსა.

ვიდეო-რგოლის ეთერში განუთავსებლობის მიზეზად „ტელეიმედმა“ ორი ფაქტორი დაასახელა, პირველი - რეკლამის წარდგენისას არ იყო დაცული მხარეებს შორის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების პირობები, კერძოდ ვიდეო-რგოლს არ ახლდა წერილი და მედიაგეგმა და მეორე - ვიდეოში ნაჩვენებია უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რაც არღვევს „საარჩევნო კოდექსის“ მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც, საარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს.

კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე მხარეთა პოზიციები მოისმინა და მიიჩნია, რომ პირველ შემთხვევაში ტელეკომპანია „იმედმა“ ვერ დაასაბუთა შესაბამისი მტკიცებულებებით ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც იგი ვიდეო-რგოლის განუთავსებლობის მიზეზად უთითებდა. ხოლო რაც შეეხება უცნო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობას წინასაარჩევნო რეკლამაში, კომისიამ მსჯელობის საფუძველზე მიიჩნია, რომ წარმოდგენილ ვიდეო-რგოლში მიხეილ სააკაშვილის სურათის გამოყენება არ შეიძლება განიმარტოს როგორც მისი მონაწილეობა წინასაარჩევნო აგიტაციაში, ვინაიდან აგიტაციის გაწევა და მასში მონაწილეობა წარმოადგენს ნებელობით აქტს, რომელიც გულისხმობს პირის მიერ გარკვეული ქმედების განხორციელებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა „ევროპული საქართველოს“ საჩივარი და მის მიერ წარდგენილი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის გადაწყვეტილება მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×