რეზონანსი
29.10.2020

მომავალი 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ინფრასტრუქტურაში 20 მილიარდ ლარზე მეტის ინვესტირებას მოვახერხებთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საბურთალოს ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს და ყველაზე დიდ ოცნებას - ევროკავშირის წევრობას მიაღწიოს, რომელზეც განაცხადს 2024 წელს გააკეთებს.

„ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი გზები, ჩვენი სკოლები, ჩვენი საავადმყოფოები იყოს ისეთივე თანამედროვე როგორც ევროპულები. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კეთდება იმისთვის, რომ ჩვენი განათლების სისტემა იყოს ევროპული, ეს კეთდება იმისთვის, რომ 4 წლის შემდგომ ჩვენი ქვეყნის სტანდარტები დავუახლოვოთ მაქსიმალურად ევროპულს, როცა გვექნება სრული მორალური უფლება, რომ სრულფასოვან წევრობაზე გავაკეთოთ განაცხადი 2024 წელს. ეს არის ამ ქვეყნის, დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე დიდი ოცნება, რომელიც ჩვენ ერთად უნდა განვახორციელოთ.

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ეს არის რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არჩევნები და გვმართებს ურთიერთპასუხისმგებლობა, უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები, მაგრამ რაც მთავარია, უნდა გვესმოდეს, რომ პანდემია გაივლის, ეკონომიკურ კრიზისსაც დავძლევთ, მაგრამ არჩევანი, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ 31 ოქტომბერს, განსაზღვრავს წლების განმავლობაში საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას. ასე რომ, გისურვებთ გამარჯვებას სამართლიან ბრძოლაში,"-განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×