რეზონანსი
29.10.2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა სასურსათო პროდუქტების ფასის დაზღვევის მიზნით სუბსიდირებას არ გეგმავს.

„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა მთავრობის მხრიდან პირველადი სასურსათო პროდუქტების ფასის სუბსიდირების პროგრამა, მინისტრმა განმარტა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი ინტერვენციის საჭიროების წინაპირობები არ არსებობს.

„რაც შეეხება პროდუქტების სუბსიდირებას, ჩვენ იმპორტის წახალისება გავაკეთეთ, რადგან არაორდინალური ნაბიჯები იყო გადადგმული მეზობელი ქვეყნების მხრიდან, რაც უკავშირდებოდა ექსპორტების ლიმიტირებას და სხვადასხვა ბარიერს. ასეთი რამ ახლა არ მოიაზრება, ასეთი წინაპირობები ბაზარზე არ არსებობს და შესაბამისად, მსგავსი ტიპის ინტერვენციას ახალ არ ვგეგმავთ", - აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილმა ხორბლისა და ფქვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მხრივ გარკვეულ სპეკულაციებს აქვს ადგილი და სასურსათო მომარაგების კუთხით არანაირი წყვეტა არაა მოსალოდნელი.

„მიკვირს ბოლო დღეების განმავლობაში გარკვეული სპეკულირება, რომელიც ფქვილის იმპორტთან დაკავშირებით ხდება. მსოფლიოში ხორბლის საერთო ნაშთები კრიტიკულად არ გამოიყურება. ვაკვირდებით ამ პროცესს ყოველდღიურ რეჟიმში, ასევე ნაშთებს საქართველოში იმისთვის, რომ სასურსათო უზრუნველყოფაში არ იყოს არანაირი წყვეტა. ეს არ ყოფილა გაზაფხულზე და არ იქნება მომავალშიც, ამას ვამბობ პირდაპირ, სრული პასუხისმგებლობით. ამიტომ როდესაც ამხელა აჟიოტაჟია ატეხილი ცოტა მიკვირს. ჩვენ დავამტკიცეთ, ვაჩვენეთ, რომ პროცესის მართვა შეგვიძლია და კრიტიკულ სიტუაციაში ამას ისე ვმართავთ, რომ ჩვენი მოსახლეობა მინიმალურად იგრძნობს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×