რეზონანსი
25.10.2020

თუ რამე სამწუხარო ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ეს ღვთის დაშვებით ხდება იმისთვის, რომ ჩვენ ჩავწვდეთ ცხოვრების ღრმა აზრს, როგორც სულიერ ცხოვრებაში, ასევე ერის ცხოვრებაში, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ჩვენი ცხოვრება სავსეა შეცოდებებით, შეცდომებით და ჩვენი ცოდვებით და ასეთი განსაცდელების მეშვეობით გვაძლიერებს და გვასწავლის ღმერთი.

„რით შეიძლება ადამიანმა მიიპყროს ღმერთის ყურადღება? - იმით, რომ სათნო იყოს ღვთისთვის, სასურველი იყოს ღმერთისთვის მაშინ უფალი მზად არის, რომ მოვიდეს ადამიანთან და დაეხმაროს. აქ ჩანს ბევრი რამ. იესო ქრისტე ყველა ადამიანზე ზრუნავს, ყველასთვის მზად არის, რომ დახმარება გაწიოს და ანუგეშოს, მაგრამ განსაკუთრებით იმათთვის, ვინც მისთვის სათნოა და გამოირჩევა ღვთივსათნო ცხოვრებით“, - განაცხადა მეუფე შიომ.

მეუფე შიომ ნაინელი ქვრივის ვაჟის მკვდრეთით აღდგინების შესახებ დღეს წაკითხული სახარება განმარტა და აღნიშნა, რომ „მრავალი ადამიანი ტრაგედიის შემდეგ მოდის ღმერთთან, ეკლესიაში, პოულობენ ღმერთს, როდესაც ახლობლები გარდაეცვლებათ“.

„რატომ იცით? - რაც არ უნდა ადამიანი ურწმუნო და არაეკლესიური იყოს, ასეთ რეალობას რომ ეჯახება, ხვდება ახლობლის სიკვდილს, ის გრძნობს, რომ მოხდა რაღაც დიადი, განსაკუთრებული. ადამიანი ამას უშუალოდ ეხება და, რა თქმა უნდა, მიწიერი ცხოვრებით არ მთავრდება, რომ საფლავში ჩადებენ ამ ადამიანს და ბალახი ან ყვავილი გაიზრდება იქ. ადამიანი ამას ხვდება და იღვიძებს მასში რწმენა, ფიქრი ღმერთზე და მოდის ეკლესიაში. ძალიან ხშირად ხდება ეს ყველაფერი. რაზე გვაფიქრებს ეს სახარება? - ყოველ ჩვენთაგანს აქვს ცხოვრებაში მწუხარებები, შეიძლება არ ვართ შვილმკვდარი მშობლები, თუმცა, ასეთიც ბევრია ჩვენს შორის, მაგრამ ჩვენში შეიძლება ბევრი რამ მოხდეს, დიდი მწუხარება, გაწბილება, დაკარგვა სიყვარულის, დაკარგვა იმედის, დანგრევა ცხოვრების. უფალი როგორც ნაინელი ქვრივის წინაშე დადგა, ასევე დგას ჩვენს წინაშეც რეალურად და გვეუბნება - „არ იტირო!“ თუმცა, იმ გაგებით კი არა, რომ ჩვენ დაგვავიწყდეს ჩვენი მიცვალებული და ტკივილი, არა! არამედ, ჩვენ დავძლიოთ ჩვენი გლოვა, მწუხარება, ავმაღლდეთ სულიერად, გავძლიერდეთ, მოვიპოვოთ ღვთის მადლი და ნამდვილი სულიერი სიხარული. ხშირად გარემოებებიც იცვლება ასეთ დროს, მაგრამ ზოგჯერ არ იცვლება. უფალი გვტოვებს იმავე ცხოვრებაში. უწმინდესს ბევრჯერ უთქვამს რომ ცხოვრებაში ერთმანეთს ენაცვლება მწუხარება და სიხარული, ასეთი კანონია. ღმერთ გვტოვებს ამ რეალობაში, მაგრამ გვაძლევს ძალას რო დავძლიოთ ეს და მოვიპოვოთ ღვთის მადლი, ვჭვრეტდეთ უფალს და გვქონდეს ამის სიხარული. ამ სიხარულს ვერ განაქარვებს ვერანაირი ამსოფლიური, მიწიერი ტკივილი და განსაცდელი. ამით შეიძლება შემოწმდეს ქრისტიანის სულიერი მდგომარეობა, აქვს თუ არა მას სიხარული, სიხარული ეს არის საფუძველი სულიერი ცხოვრების, განსაკუთრებით მონაზვრობაშია ეს ასე და არა მარტო მონაზვნობაში.

ადამიანს როცა სიცხე აქვს და ეჭვგარეშე ვიცით, რომ ის ავადაა, ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც - როდესაც ადამიანს არ გააჩნია სიხარული და ვხედავთ, რომ პირისახე ჩამოსტირის, ეს ნიშნავს, რომ ძალიან შორს არის ქრისტიანობისგან და ის სევდა, რომელიც მასშია, სულაც არ არის ადამიანების და გარემოს ბრალი, არამედ მისი არასწორი სულიერი მდგომარეობის ბრალია. ეს სახარება გვასწავლის, რომ უფალს ყოველი ჩვენთაგანი ახსოვს. იმისთვის, რომ ღმერთის ყურადღება მივიპყროთ, საჭიროა ჩვენი აზროვნებით, ჩვენი ცხოვრებით სათნო ვიყოთ. უფალს არ უნდა რომ ჩვენ ვტიროდეთ. უფალს უნდა, რომ ადამიანი ბედნიერი, გახარებული იყოს, მაგრამ ამ სიხარულს მოხვეჭა, შრომა უნდა. თუ რამე სამწუხარო ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ესეც ღვთის დაშვებით ხდება იმისთვის, რომ ჩვენ ჩავწვდეთ ცხოვრების ღრმა აზრს, ამა თუ იმ მოვლენის აზრს სულიერ ცხოვრებაში თუ ერის ცხოვრებაში. სავსეა ჩვენი ცხოვრება შეცოდებებით, შეცდომებით და ჩვენი ცოდვებით. ასეთი განსაცდელების მეშვეობით გვაძლიერებს და გვასწავლის ღმერთი. ის ყოველთვის მზად არის გვანუგეშოს. უფალმა ინებოს, რომ ვიყოთ სათნო ღვთისთვის, არ ვიტიროთ, არამედ ჩვენი ტირილი და გლოვა შეიცვალოს სიხარულად“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×