რეზონანსი
30.09.2020

თავდასხმა "ქართული ოცნების" საარჩევნო სპეციალისტზე - ადგილზე ცოტა ხნის წინ "ქართული ოცნების" ლიდერები მამუკა მდინარაძე და ირაკლი სესიაშვილი იმყოფებოდნენ, რომლებმაც აღნიშნული დაპირისპირება შეაფასეს და ამ ყველაფერში ოპონენტების ხელწერას ხედავენ.

როგორც თავად "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, ხელისუფლების ოპონენტების სურვილია, რომ წინასაარჩევნო გარემო არ იყოს მშვიდი.

"ჩვენი მარნეულის შტაბის საარჩევნო სპეციალისტი გადაადგილდებოდა თბილისიდან მარნეულის მიმართულებით, რა დროსაც მას აედევნა ერთი მანქანა. მოახდინეს დაჯახება უკანა მხრიდან. 3 ადამიანი გადმოვიდა და ყოველგვარი მიზეზის გარეშე ადამიანი უმოწყალოდ სცემეს, არის სასტიკად ნაცემი, ძალიან მძიმე დაზიანებები აქვს, არიან თვითმხილველები, რომლებიც გაჩერდნენ და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს ადამიანს, გამოიძახეს საპატრულო პოლიცია. ჩვენი ეჭვი არის, რომ სწორედ ამ ყველაფრის უკან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების ხელი ურევია," - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, აღნიშნული თავდასხმა საარჩევნო სპეციალისტზე შემთხვევითობა არ ყოფილა.

"ესე ლაჩრულად წამოეწივნენ, დაუდარაჯდნენ, სადაც მათი აზრით ვიდეოკამერები არ არის და სასტიკად სცემეს. მიარტყეს ჯერ მსუბუქად მანქანა იმისთვის, რომ გაეჩერებინა ამ ადამიანს და შემთხვევითი არ არის, ეს ადამიანი არის საარჩევნო სპეციალისტი, ის უზრუნველყოფს დაკომპლექტებას ჩვენი წარმომადგენლების საუბნო საარჩევნო კომისიებში და ეს დამთხვევა ბუნებრივია ვერ იქნება. სასტიკად ნაცემია ეს ადამიანი ესე ლაჩრულად, როდესაც მარნეულში ვეღარ გაბედეს ამ პროვოკაციის მოწყობა," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

რაც შეეხება დაშავებულ თემურ შუბითიძეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და უტარდება გამოკვლევები. შემთხვევა დღეს დილით მარნეულში მოხდა, როდესაც თემურ შუბითიძე სამსახურში მიდიოდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
კოტე   (30.09.2020)
თვითმხილველები ყავდა ინციდენტს ,მიუხედავად ამისა ოპოზიცია ოცნების ხალხს აბრალებს მომხდარს. ვინც დაინახა იმათ სად წაუვლენ? სრულიად ნეიტრალურ ადამიანებს. როგორც ჩანს დაიწყო შეხლა-შემოხვლები, შეგნებულად არჩევნების წინ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×