რეზონანსი
21.09.2020

ტაჯიკეთის მოქალაქის, მუზაფარ ბურიევის ჩვენებას „კურიერი“ ავრცელებს, სადაც ბიზნესმენი მათზე განხორციელებულ ზეწოლას დეტალურად აღწერს.

ტაჯიკი ბიზნესმენი ირწმუნება, რომ პანკისელები ბიზნესის მფარველობისთვის თვეში 4 000 დოლარის გადახდას სთხოვდნენ. პანკისელი ბიზნესმენი, ვახტანგ ფარეულიძე ამტკიცებს, რომ ტაჯიკ ბიზნესმენს 150 000 დოლარი აქვს აღებული, პირობები კი დარღვეული.

ყველაფერი 13 აგვისტოს იწყება, როცა ავტომობილის ვაჭრობის საქმიანობით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბათუმიდან თბილისში ბრუნდებოდნენ.

„გზაში შეგვაჩერა „ტოიოტა პრადოს“ მარკის ავტომობილში მსხდომმა ოთხმა პირმა. ისინი სავარაუდოდ, ჩეჩენი ეროვნების, 30 წლამდე ახალგაზრდები იყვნენ. გვითხრეს, რომ ჩვენს საქმიანობაზე ყველაფერი იცოდნენ და იმისთვის, რომ მათი მფარველობა გვქონოდა, საჭირო იყო გადაგვეხადა ყოველთვიურად 4 000 ამერიკული დოლარი. ვუთხარით უარი, რაზეც გვიპასუხეს, რომ პრობლემებს შეგვიქმნიდნენ.

16 აგვისტოს საღამოს სახლიდან გამოვედი და შევნიშნე, რომ უკან სწორედ ის ავტომობილი მომყვებოდა, რომლის მგზავრებიც ქობულეთში დაგვემუქრნენ. „შანგრილას“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადამიკეტეს გზა, რა დროსაც, ერთი პირი ჩამიჯდა მანქანაში და მითხრა, გავყოლოდი თეთრი ფერის ჯიპს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკვლით დამემუქრა. გადავხტი მანქანიდან და გავიქეცი ხიდის მიმართულებით. დამეწია სამი მამაკაცი და ძალით ჩამსვეს მანქანაში. რა დროსაც, სამჯერ დამარტყეს მუშტი სახეში.

ჯიბიდან ამომაცალეს საფულე და ტელეფონი, რომელიც გათიშეს. ამოიღეს სიმ-ბარათიც, მე თავზე ჩამომაცვეს სპორტული ქურთუკი და წამიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. 

მომთხოვეს ჩემი და ჩემი მეგობრების ავტომობილების „რენჯ-როვერისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომობილების გადაფორმება. დამემუქრნენ, რომ ადგილზევე დამმახრავდნენ.

ამის გამო ყველა მათ მოთხოვნას დავეთანხმე. ღამის სამ საათზე დამაბრუნეს თბილისის ერთ-ერთ უბანში. სახლში დაბრუნებული კი მივხვდი, რომ ჩვენი ავტომობილიდან დაკარგული იყო 7 000 აშშ დოლარი“, – ამბობს ჩვენებაში ბიზნესმენი.

დაზარალებულის ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს ბიზნესმენი ვახტანგ ფარეულიძე. მისი თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებას თავი აარიდეს.

„ჩვენებები წავიკითხე, რომ თვიურად უნდა გადაეხადათ ფული, დაუჯერებელია. შსს-ს ერთი ზარი რომ განეხორციელებინა ჩვენთან და ეთქვა, რომ ასეთი ბრალდებაა, ბიჭები აუცილებლად გამოცხადდებოდნენ. მე თავად ვითანამშრომლებდი გამოძიებასთან“, – ამბობს ბიზნესმენი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×