რეზონანსი
21.09.2020

რიკოთის უღელტეხილის მშენებლობას აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა ქვეყნისთვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხარისხობრივად სულ სხვა ქვეყანას მივიღებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პაატა კვიჟინაძისა და ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ხარაგაულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა პირველ რიგში, შიდა გზებია.

„ისტორიულად, ამ მუნიციპალიტეტისთვის, რეგიონისთვის, გზას ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, აქ ცნობილი საქარავნე, სავაჭრო გზები გადიოდა. რაც დღეს აქ ხდება და რასაც ყოველდღე ვუყურებთ, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში ვმოძრაობთ, მართლაც შთამბეჭდავია. ამ რეგიონში არსად, მსგავსი სირთულის საინჟინრო ნაგებობები არასდროს აშენებულა. რასაც დღეს აქ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს, უაღრესად შთამბეჭდავი და მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, პანდემიისა, ამ მშენებლობაზე, სამუშაოები არც ერთი დღით არ შეჩერებულა. ჩვენ ამით ხაზი გვინდა გავუსვათ იმას, რომ რიკოთის უღელტეხილის მშენებლობას აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა ქვეყნისთვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ხარისხობრივად სულ სხვა ქვეყანას მივიღებთ. ეს იქნება მობილობის უმაღლესი დონე, რომელიც პირდაპირ იმოქმედებს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე. ხარაგაულისთვის ამ გზას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. მინდა იცოდეთ, რომ ის მცირე ბიზნესები, რომლებიც ამ გზის ირგვლივ ყოველთვის იყო და იქნება, ჩვენ, მათი შენარჩუნებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ და ეს ყველაფერი, უფრო უკეთესი ფორმით იქნება გაკეთებული. როდესაც ეს გზა დასრულდება, მიუხედავად იმისა, რომ დღესაც აქ უამრავი ადგილობრივია დასაქმებული, ის უნდა გახდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დასაქმების სტიმულირების ახალი, ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი და დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება“, - განაცხადა გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×