რეზონანსი
14.08.2020

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ორგანიზებით, თბილისის სასტუმრო „რუმსში“ მედიკოსები შეიკრიბნენ და 4 აგვისტოს უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე დაკავებული ექიმს, ვახტანგ ყიფიანს მხარდაჭერა გამოუცხადეს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა საქმეზე ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს.

შეხვედრაზე მედიკოსებმა ორი მთავარი მოთხოვნა დაასახელეს – დაკავებული ექიმის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება და ექსპერტების ჩართულობით რეგულირების სააგენტოს შემოწმების აქტის ხელახალი გამოკვლევა.

ექიმები გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ და სამშაბათს აქციას აანონსებენ. ექიმები საყოველთაო გაფიცვასაც არ გამორიცხავენ.

„სამედიცინო საზოგადოება თანხმდება, რომ ის საქმე, რაც აღძრულია, არის დაუსაბუთებელი და ორი მოთხოვნა არის ძირითადი, წინასწარი პატიმრობის გაუქმება და რისთვისაც პროკურატურამ შეიძლება გადადგას შესაბამისი ნაბიჯები და შემდეგ მოვითხოვთ შემოწმების აქტის ახლიდან დაწერას. არ ვსაუბრობ ძველ აქტზე, არამედ – ახლიდან მოხდეს ექსპერტების ჩართვა და გაკეთდეს ახალი აქტი, რომლითაც დადასტურდება ამ ადამიანების უდანაშაულობა. ამავდროულად ასოციაციების საერთო კენჭისყრით დადგინდა შემდეგი მოთხოვნები, რასაც წარმოგიდგენთ. პირველი ეს არის მოთხოვნა, მოხდეს შეხვედრა გენერალურ პროკურორთან და შესაბამისი წერილი შევა ბატონი შოთაძის სახელზე.

აქცია იყო დაგეგმილი სამინისტროსთან, რომელიც გადაიდო, რადგან იყო მოლოდინი, რომ რაღაც შეიცვლებოდა. შესაბამისად, აქცია სამინისტროს წინ სამშაბათს, 17:00 საათზე არის ძალაში, მოთხოვნა არის შემოწმების პროცესის ახლიდან დაწყება. მოხდება საერთაშორისო ასოციაციების ინფორმირება ამ საკითხზე, რომ ხდება ჩვენი კოლეგის უსამართლო დადანაშაულება. დარგობრივი ასოციაციები შეთანხმდნენ, რომ ვიდრე არ მოხდება საკითხის ხელახალი შესწავლა, ექსპერტიზაზე ასოციაციები აცხადებენ უარს. ჩვენ ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას მოსახლეობის წინაშე და შეიქმნება სპეციალური საორგანიზაციო კომიტეტი, რომელიც მოამზადებს სამართლებრივ და ტექნიკურ საკითხებს, რათა საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმოს გამაფრთხილებელი გაფიცვა მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმურ სერვისებზე“, – განაცხადა სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების პრეზიდენტმა, არჩილ მორჩილაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×