რეზონანსი
03.08.2020

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატის, შოთა კახიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობს და საგამოძიებო უწყებას დეტალური ჩვენება მისცა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, რევზიშვილმა გამომძიებელს მისი ტელეფონის გამხსნელი პაროლი თავად მიაწოდა, საქმეში ეს არ აღინიშნა და „გაჩნდა ოპერატიული თანამშრომლობის პატაკი, რომელმაც თითქოს საიდუმლოდ გაიგო ნიკა რევაზიშვილის ტელეფონის პაროლი, რაც არის ტყუილი".

„გასულ კვირას, პენიტენციური დაწესებულებიდან გამოყვანილი იქნა ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი, რომელიც გამოძიების საწყის ეტაპზევე გამოთქვამდა სურვილს სრულად ეთანამშრომლა გამოძიებასთან და მონაწილეობა მიეღო ნებისმიერი სახის საგამოძიებო მოქმედებაში, მათ შორის ამოცნობაში. შედგა ამოცნობა და გურამ ამირხანაშვილმა დაადასტურა, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილი მან ნახა არაგვის ხიდთან მდებარე ე.წ. ფერად შენობასთან. ამოცნობის დროს ადვოკატების მიერ დასმულ შეკითხვებზე, გურამ ამირხანაშვილს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილმა რაიმე სახის მონაწილეობა მიიღო, როგორც თვითონ აცხადებს მის არაერთ შეცვლილ ჩვენებაში, ავტომანქანაში მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასმაში.

საზოგადოებას ხშირად ესმის საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენელთა განცხადებები, რომ ბრალდებულები არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან. სხვა ბრალდებულებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა რაც შეეხება ნიკოლოზ რევაზიშვილს: მან ნებაყოფლობით, დეტალური ჩვენება მიაწოდა გამოძიებას, საკუთარი სურვილით მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, გამოძიებას ნებაყოფლობით გადასცა გაურეცხავი, იმ ღამით ნაცვამი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ნებაყოფლობით წარუდგინა გამოძიებას მობილური ტელეფონი, რომელსაც გამოძიება თურმე ამდენი ხნის მანძილზე ვერ ხსნიდა პაროლის არცოდნის გამო, თუმცა ამ ნაწილშიც გამოძიებას სწორედ ნიკოლოზ რევაზიშვილი დაეხმარა. კერძოდ: გასულ კვირას, პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკოლოზ რევაზიშვილს შეხვდა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ერთ-ერთი გამომძიებელი, რომელსაც ნიკამ მიაწოდა მისი ტელეფონის გამხსნელი პაროლი, თუმცა აღნიშნული გამომძიებელმა ოქმში არ დააფიქსირა და საქმეში გაჩნდა ვიღაც ოპერატიული თანამშრომლობის პატაკი, რომელმაც თითქოს საიდუმლოდ გაიგო ნიკა რევაზიშვილის ტელეფონის პაროლი, რაც არის ტყუილი და არ შეესაბამება რეალობას. ამაზე მკაფიო და ხელშესახები თანამშრომლობა გამოძიებასთან, ამ ტერმინის ყველაზე ფართო გაგებით, წარმოუდგენელია.

ბოლოს, ნიკოლოზ რევაზიშვილი, თუ ყველაზე არა, ერთ-ერთი ყველაზე დაინტერესებული პირია საქმეზე დადგინდეს სიმართლე, ვინაიდან სიმართლის დადგენა ნიშნავს მის უდანაშაულობას",- აცხადებს ადვოკატი შოთა კახიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×