
თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა დაადასტურა, რომ შვილს ელექროშოკი თავად უყიდა:
"რამდენიმე თვის წინ თამუნამ მკითხა, მამა, ელექტროშოკი სადმე იყიდებაო? ვუთხარი, კი, შვილო, ნავთლუღში მაქვს ნანახი-მეთქი. წავედი, მოხუც ქალს 4 ცალი ელექტროშოკი ჰქონდა, ფასი ვკითხე, 12 ლარი ღირს და 10 ლარში მოგცემო, - მიპასუხა. მეც ვიყიდე და მივეცი ბავშვს.
გამოვკითხე ამბავი, მაგრამ ბავშვი შიშის ქვეშ იყო, დიდი ხანია საფრთხეს გრძნობდა. მას არ დაუკონკრეტებია არაფერი. ჩემი დიდი გულისტკივილი დღესდღეობით ის არის, რომ ვერ დავეხმარე. ძალიან ვნანობ, ძალიან! ერთხელ გავბრაზდი კიდეც და ტირილი დაიწყო, მამა, არაფერი მკითხო, გეხვეწები, არავითარი პრობლემა არ მაქვს. თუ რამე, თვითონ მივხედავ თავსო. საღამოობით, უცებ დავინახავდი - ტიროდა, მერე მეორე ოთახში გადავიდოდა და ცრემლიანი თვალებით ვხედავდი.
ერთი წელი ვიტანჯებოდი, მას მერე, რაც საფრანგეთიდან ჩამოვიდა... სულ ტიროდა. ერთი სიტყვით მაინც რომ ეთქვა, რაღაცას ვიზამდი, ვუშველიდი. არ ვიცი, გაფრთხილებული იყო, შეშინებული, თუ რა. ეს ელექტროშოკი თამუნას თან დაჰქონდა. რომ მივუტანე, ბავშვს ესიამოვნა და თითქოს გული დაუწყნარდა", - განუცხადა "ამბები.ჯი"-ს ჯუმბერ ბაჩალაიშვილმა.