რეზონანსი
16.07.2020

საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რატომ არ გაიარა ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ორკვირიანი სავალდებულო კარანტინი.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განაცხადეს, საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის „ბ" პუნქტში, რომელიც ადგენს საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების წესს, აღნიშნულია, რომ ვიზიტიდან დაბრუნებული დელეგაციის წევრები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმალობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა.

"სახელმწიფო და მისი თითოეული მოხელე, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთლიანად უწყება უდიდესი პასუხისმგებლობით უდგება არსებული რეკომენდაციების დაცვას, რაც მიმართულია მოსახლეობის ჯანმრთელობის და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს დადასტურდა კიდეც COVID-19 პანდემიის ეფექტიანი და შედეგიანი მენეჯმენტით, რომელიც აღიარებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და დელეგაციის სრულ შემადგენლობას ბრიუსელიდან დაბრუნებისთანავე, საქართველოს მთავრობის 332-ე დადგენილების 11(1) მუხლის „ბ" პუნქტის შესაბამისად, ჩაუტარდა PCR კვლევა და კვლევის შედეგები არის უარყოფითი.

სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ძალიან კარგად იციან დადგენილების აღნიშნული რედაქცია, კვლავ აქვს ადგილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას და ამ თემით სპეკულაციას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ ეცნობიან შესაბამის საკანონმდებლო აქტებს, ეს კიდევ უფრო მეტად მიუთითებს კანონმდებლობის მიმართ მათ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×