ია აბულაშვილი
03.07.2020

"არს ეკლესია წილკანს ღვთისმშობლისა, გუმბათიანი და შვენიერი, აღაშენა მეფემან ბაქარ, ზის ეპისკოპოსი, მწყემსი მუხრანისა, ორივე არაგვისა და ბაზალეთისა" - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი წილკნის ეკლესიას, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელზეა აგებული.

ისტორიული წყაროების მიხედვით, დღეს სადაც წილკნის ეკლესა დგას, ეკლესიის მეშენებლობა მეფე ბაკურს დაუწყია "ბაკურ დაიწყო წილკანსა ეკლესიასა შენება". საეკლესიო გადმოცემით 506 წლის საეკლესიო კრებას, სხვა ქართველ მღვდელმთავრებთან ერთად წილკნელი ეპისკოპოსიც დაესწრო.

ლეონტი მროველის ცნობით, ეკლესიის აგება მეფე მირიანის ვაჟის ბაქარის სახელს უკავშირდება. ქართული მატიანე მოგვითხრობს, რომ მეფე მირიანის ვაჟი ბაქარი, კონსტანტინე დიდის კარზე იმყოფებოდა. ბიზანტიიდან სამშობლოში დაბრუნების წინ, ქართველი უფლისწული დიდი პატივით გამოისტუმრეს და ძვირფასი საჩუქრებიც გამოატანეს. გამეფების შემდეგ ააგო წილკნის ეკლესია.

წილკნის ეკლესიას, რომელსაც სასწაულთა სავანესაც უწოდებენ, ამშვენებს მე-6 საუკუნის მოხატულობა. ტაძრის ცენტრში ორმაგ წრეში გამოსახულია ქრისტე, რომელიც მარჯვენა ხელით აკურთხებს, ხოლო მარცხენაში გადაშლილი სახარება უჭირავს. ორმაგ წრეში ასომთავრული წარწერაა "იხილე და შეიყვარე შვენიერება სოფლისა შენისა და ადგილი აქ უფალო გადმოხედე ზეცით". ცენტრალური წრის გარშემო მახარობლებია გამოსახული.

მე-6 საუკუნის მეორე ნახევარში, წილკანში მოღვაწეობდა ასურელ მამათაგან ერთ-ერთი, იოანე ზედაზნელის მოწაფე ისე წილკნელი, რომელიც ამავე ტაძარშია დასაფლავებული. ასევე ეფრემ წილკნელი, რომელიც იაკობის ჟამისწირვის მე-9 საუკუნის ხელნაწერში იხსენიება. კალიგრაფი ბასილი, არსენ მანგლელ-წილკნელ-თბილელი და სხვა ცნობილი საეკლესიო მოღვაწენი.

წილკნის ეკლესიაში ინახებოდა განსაკუთრებული სიწმინდე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც თავისი მადლითა და სიძლიერით ქართელთა შემწედ ითვლება. საეკლესიო გადმოცემით, ღვთისმშობლის ხატი წმინდა ლუკა მახარობელმა მაცხოვრის აკვნის ფიცარზე შეასრულა. ხატი ბიზნტიიდან ჩამოაბრძანა მეფე ბაქარმა და თავის აშენებელ ეკლესიაში დაავანა, სადაც იგი უამრავ სასწაულს ახდენდა და სახელიც აქედან მოდის, წილკნის სასწაულმობქმედი ხატი. 1926 წლამდე ღვთისმშობლის ხატი წილკნის ეკლესიაში ინახებოდა, დღეს კი საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდშია დაცული.

ხალხური გადმოცემით, როცა წილკნის მინდვრებს კალია დაერეოდა, ღვთისმშობლის ხატს ტაძრიდან გალობით გამოაბრძანებდნენ, ლოცვა-გალობით შემოატარებდნენ ნათესებში და კალიაც გაეცლებოდა იქაურობას. ხატი სეტყვისგანაც იცავდა სოფლის ნათესებს. ტაძარში თურმე ისეთ ზარი ეკიდა, რომ მისი ხმა "მუხრანს გადიოდა". ზარი ნახევარი ოქრო ყოფილა, ნახევარი კი თითბერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )