ია აბულაშვილი
22.05.2020

ყველაწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელიც გურჯაანის მახლობლად ტყეშია აგებული, ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა საქართველოში, რომელიც მე-8 მე-9 საუკუნებით თარიღდება და დღეს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია აქვს მინიჭებული. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ეს ტაძარი თამარ მეფის დროიდან ენისელ მოურავთა მფლობელობაში იყო.

ყველაწმინდას შესახებ ხალხში არაერთი ლეგენდაა შემორჩენილი. ერთ-ერთი შემოსევის დროს, ბერებმა და მლოცველებმა სამალავს შეაფარეს თავი. დარჩენილა მხოლოდ ჩვილბავშვიანი ქალი, რომელიც სასოწარკვეთილი აქეთ-იქით დარბოდა. მოულოდნელად ეკლესიის კედელი გაიხსნა და ქალი იქ დაიმალა. ცოტა ხანში ქალს იმდენი რძე წამოუვიდა, რომ კედელში გამოჟონა და დაასველა. გადმოცემის თანახმად, ამ დღიდან დედები, რომელთაც რძე არ აქვთ, მოდიან ეკლესიაში ფხეკენ სველ კედელს, სადაც თეთრი ფერის წვეთები შეიმჩნევა და სვამენ.

საინტერესო ლეგენდა არსებობს ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატზე, რომელიც წლების მანძილზე ამ ეკლესიაში იყო დავანებული, მაგრამ ჩვენამდე არ მოუღწევია. მისი ადგილსამყოფელი დღესაც უცნობია. ღვთისმშობლის ხატი ყრმით ხელში საღებავით ყოფილა დაწერილი, გარეშემო კი მოოქროვილი ჭედური ჩარჩო ჰქონია შემოვლებული. ხატის სიგრძე დახლოებით 30 გოჯი იყო, სიგანე კი შვიდი გოჯი.

1615 წელს როცა შაჰ-აბასი კახეთს შემოესია, მონასტრის წინამძღვარს მამა იოანეს ეკლესია ბერებთან ერთად არ მიუტოვებია. ტაძრის სიწმინდები და საეკლესიო ნივთები საიდუმლო სამალავში გადაუმალავს. იმავე ღამეს მამა იოანეს სიზმარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა, რომ ხატი მონასტრიდან ცოტა მოშორებით, წამებულის ეკლესიაში გადებრძანებინა და ტაძრის სვეტის ნიშაში დაემალა, ნიშა კი ამოექოლა.

შაჰ-აბასმა მთელი კახეთი ააოხრა, მათ შორის ყველაწმინდის და წამებულის მონასტრები. 200 წლის შემდეგ, მონასტერში სასულიერო ცხოვრება აღდგა. ბერებმა გაბრიელ წინამძღოლთან ერთად დაიწყეს ღვთისმშობლის ხატის ძიება, მაგრამ ვერ მიაგნეს. ერთხელაც მამა გაბრიელმა სიზმრად იხილა ღვთისმშობელი და ხატის ადგილსამყოფელი აუწყა. მამა გაბრიელი ბერებთან და მლოცველებთან ერთად გაემართა წამებულის მონასტრისკენ, მითითებულ ადგილას კედლის გახსნის შემდეგ იპოვეს ივერიის ღვთისმშობლის ხატი და წამოაბრძანეს.

გადამალული განძის შესახებ წერდა გაზეთი "ივერია", რომ ამ ეკლესიაში დაცული ყოფილა ასევე ვერცხლის საცეცხლური, პარაკლიტონი და უნიკალური სახარება, რომელიც ეტრატზე იყო ნაწერი და დართული ჰქონდა მახარობელთა მინიატურები.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×