ია აბულაშვილი
07.05.2020

"გარდამოხსნას" (ბერძნულად ეპიტაფიოს") განსაკუთრებული ადგილი უკავია ეკლესიის წმინდა ტრაპეზის სიმბოლიკაში, რომელსაც მართლმადილებელ ეკლესიაში წითელ პარასკევს და დიდი შაბათის ღვთისმსახურების დროს გამოაბრძანებენ და ამაღლებამდე დევს საკურთხევლის ტრაპეზზე.

ამ წმინდა არდაგის სამშობლო ბიზანტიაა და იქიდან გავრცელდა სხვა ქვეყნებში. ქართველი მეფე-დედოფლები და დიდებულები განსაკუთრებული მოწიწებით სწრავდნენ "გარდამოხსნას" ეკლესიებს, მათ შორის უცხო ქვეყნებში არსებულ ქართულ ეკლესია-მონასტრებს. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში 25-მდე ძველი ქართული "გარდამოხსნაა" დაცული.

ყველაზე ძველი "გარდამოხსნა", რაც კი შემორჩა საქართველოში, არის კახთა მეფის გიორგი მერვეს (1446-1466 წ) მიერ სვეტიცხოვლისთვის შეწირული "გარდამოხსნა". "ქწ. დიდისა მეფეთ-მეფისა ალექსანდრეს ძისა, მეფეთ-მეფისა გიორგის გაუმარჯოს და ცოდვანი მისნი შეუნდევენ ღმერთმან, რომლის ბრძანებით საფლავად დიდება მხსნელისა ჩვენისა იესო ქრისტესი შეამზადა".

ეს ის "გარდამოხსნაა", რომელიც შაჰ-აბასმა სვეტიცხოვლის დარბევის შემდეგ ხელში ჩაიგდო და ცხენზე გადასაფარებლად გამოიყენა.

"უბრძანებია მეფე გიორგის ჩვენი მხსნელის და მაცხოვრის, იესო ქრისტეს "საფლავად დიდების" შემზადება. აი მოართვეს კიდეც, თვალი შეავლო და გული შეეკუმშა, არდაგზე გულხელდაკრეფილი მაცხოვარია დასვენებული, მთავრანგელოზები ფერხთით უდგანან. ტკივილისგან გულდასერილნი დედები მწუხრად ირწევიან. ღვთისმშობელს თავზე ცრემლი არ უშრება.

შაჰ-აბასი, ქართველთა მოუშორებელი ჭირი, ჩამოიგელვა ქვეყნისკენ 1614 წელს. შეიჭრა ეს უსჯულო უფლის კვართის საუფლო სვეტიცხოველში და ყველაფერი მოაოხრა, მერე თვალი ძვირფას "გარდამოხსნას" დაადგა. ყველაზე დიდი მკრეხელობა ჩაიდინა, თავის ცხენს უნაგირის ქვეშ გადაუგო და საკუთარ ქვეყანაში წაიღო"- წერს მემატიანე.

გადმოცემის თანახამად: მერე სპარსეთში ჭირი გაჩნდა, ქვეყანა ააწიოკა და დიდი გლოვა დააყენა, გამძვინვარებულ ჭირს წინ ვერაფერი დაუდგა. შაჰ-აბასს უმალ "გარდამოხსნა" გაახსენდა, იგუმანა, რომ სასჯელი თავის ქვეყანას თავისი უგუნურობით დაატეხა და დიდი ზარზეიმით დაუბრუნა სვეტიცხოველს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×