ელზა პაპოშვილი
06.05.2020

კორონავირუსთან დაკავშირებით ეკლესიას თავისი დამოკიდებულება და ახსნა აქვს. ეს დამოკიდებულება, რომ ხელისუფლებისი და მედიკოსების წარმომადგენლებისგან  განსხვავდება, აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებაც ცხადყოფს. 

თუმცა, გიორგობის დღესასწაულზე ტაძარში შეკრებილ მრევლს პატრიარქმა კიდევ ერთხელ მიმართა და განაცხადა, რომ ეს ვირუსი ჩვენი განსაცდელისთვის არის მოვლენილი. მან მსოფლიოსა და საქართველოში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და მრევლს უთხრა, რომ ეს არა სასჯელი, არამედ გაფრთხილებაა უფლისგან. 

პატრიარქის თქმით, მსოფლიოს ბევრ ქვაყანაში ტაძრები დაკეტილია, ხოლო საქართველოში ამ მხრივ თავისუფლებაა.  

„ეს დღესასწაული მუდამ იყო დიდი ეროვნული დღესასწაული საქართველოსა. ის საზეიმოდ აღინიშნებოდა ჩვენს ოჯახში, იმიტომ, რომ მამაჩემს ერქვა გიორგი. ამ დღეს მას ეკლესიიდან გამოჰყავდა მათხოვრები და პირველი მაგიდა მათთვის იშლებოდა. 

“ჩვენ ვსხდებოდით მათთან ერთად და აღვნიშნავდით გიორგობას. დიდი ზეიმი იყო. დიდი იმედი იყო. წმინდა გიორგის დღესასწაული იმედის დღესასწაულია. წმინდა გიორგიმ, როცა აწამებდნენ, წარმოთქვა სიტყვაა, ღმერთო ჩემო, რასათვის დამიტევე მე. მას ხმა მოესმა, - ნუ გეშინია გიორგი, მე შენთან ვარო. ეს მაცხოვრის სიტყვები იყო. 

“უნდა გვახსოვდეს, რომ ამ გაჭირვების დროს, როცა მთელ მსოფლიოს უჭირს, ჩვენ გვესმის ხმა მაცხოვრისა: "ნუ გეშინიათ, მე თქვენთან ვარ". მსოფლიო განიცდის იმას, რაც ხდება. 

“მე მატყობინებენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში დაკეტილია ტაძრები და მონასტრები და ხალხი იძულებულია, წავიდეს სოფლებში და იქ დაესწროს წირვას. ჩვენ აქ თავისუფლად ვართ. 

“დიდება და მადლობა უფალს მისი დიდი წყალობისათვის. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს სასჯელია თუ გაფრთხილება? ეს არის გაფრთხილება, ესაა მოქცევა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი განიცდის ჩვენთან ერთად. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა ინებოს, რომ მწუხარება ჩვენი სიხარულად გადაიქცეს. 

ნუ დაგავიწყდებათ, სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი, სეფისკვერი და საკმეველი. ყოველდღე უნდა დააკმიოთ, ყოველდღე უნდა ასხუროთ თქვენს სახლსა და კარ-მიდამოს. ეს დიდ ძალას მოგცემთ“, - მიმართა პატრიარქმა მრევლს.

 ის, რაც ახლა ხდება ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ეს არის განსაცდელი, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მძიმე განსაცდელი, რაც კაცობრიობას გადაუტანია, - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ყოფილა უფრო მძიმე, სასიკვდილო დაავადებებიც, რაც ქართველ ხალხს და მსოფლიოს გადაუტანია.

„წმინდა გიორგობას გილოცავთ. წმინდა გიორგი არის და იქცა აღდგომის სიმბოლოდ, მრავალჯერ აწამეს, მრავალჯერ მოკლეს და ღმერთმა აღადგინა. ქართველმა ხალხმა წმინდა გიორგი აირჩია განსაკუთრებულ წმინდანად იმიტომ, რომ მისგან განსაკუთრებულად ვისწავლოთ გამხნევება. 

“ის, რაც ახლა ხდება ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ეს არის განსაცდელი, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მძიმე განსაცდელი, რაც კაცობრიობას გადაუტანია. 

“მე არ ვლაპარაკობ ომებზე და ფიზიკურ დაზიანებეზე. ავადმყოფობები რომ ავიღოთ, უფრო სერიოზული, უფრო მძიმე, უფრო სასიკვდილო დაავადებები უფრო მეტად ყოფილა გავრცელებული და გადაუტანია ჩვენს ხალხს, მთელ მსოფლიოს. იმედიც სწორედ აქ უნდა ვნახოთ. დღეს წმინდა გიორგის უნდა შევთხოვოთ, მრავალტანჯულ წმინდა გიორგის და ის დაგვეხმარება შიშის გაფანტვაში“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა. 

თეოლოგი ლადო ნარსია  კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ პატრიარქის ეს იმედისმომცემი სიტყვები უდაოდ დასაფასებელია. 

„თუმცა, ამის მოსმენაზე ყოველთვის გვახსენდება სიკვდილისთვის განწირული დეკანოზი გიორგი მამალაძე და გვსურს ვკითხოთ კათოლიკოს-პატრიარქს - "რატომ მიატოვეთ თქვენი სულიერი შვილი განსაცდელში"? ჩვენ გვინდა ვკითხოთ პატრიარქს - თქვენ გააფრთხილეთ თუ დასაჯეთ მეუფე პეტრე ცაავა? დიახ, ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ ყველა თქვენს მიერ დასჯილსაც ამხნევებს უფალი - "ნუ გეშინიათ, მე თქვენთანა ვარ", - ამბობს ნარსია „რეზონანსთან“

მისივე  თქმით, ის რომ სააღდგომოდ ეკელსიების არ დაკეტვა  საპატრიარქოს გაჯიუტება არაა და პირადად პატრიარქის პოზიციით უნდა ავხსნათ, დღესაც  მისი განცხადებიდან ნათლად გამოჩნდა. 

„პატრიარქის ეს იმედისმომცემი სიტყვები უდაოდ დასაფასებელია, თუმცა  აქვე უნდა გავისხენოთ, რომ რამდენიმე თვის წინ, კორონავირუსის გამოჩენისთანავე კათოლიკოს პატრიარქმა სულ სხვა შინაარსის მესიჯი გაუგზავნა საზოგადოებას. 

“მაშინ ის არა გაფრთხილებაზე, არამედ  ქვეყნიერების დასასრულის მომასწავებელ მოვლენაზე საუბრობდა - მეორედ მოსვლაზე.  ცოტა ხნის შემდეგ კი თქვა, რომ კორონავირუსი საქართველოში იმიტომ ვერ შემოვიდა , რომ საქართველოს ღვთისმშობელი იცავსო. ეხლა როცა ვირუსით გამოწვეული მძიმე მდგომარეობა თვალსაჩინოა, სულ სხვა შინაარსის მესიჯებს აგზავნის. 

“რაც შეეხება დღევანდელ ქადაგებას, პატრიარქის ნებისმიერ დამოძღვრასა და ღვთის წყალობის მნიშვნელობაზე მითითებისას ყოველთვის უნდა გავიხსენოთ სიკვდილისათვის განწირული დეკანოზი გიორგი მამალაძე და ვკითხოთ პატრიარქს -  - "რატომ მიატოვეთ თქვენი სულიერი შვილი, გიორგი განსაცდელში"?  ასევე, უნდა ვკითხოთ პატრიარქს - თქვენ გააფრთხილეთ თუ დასაჯეთ მეუფე პეტრე? მე ნამდვილად მჯერა, რომ ყველა პატრიარქის მიერ დასჯილსაც ამხნევებს უფალი - "ნუ გეშინიათ, მე თქვენთანა ვარ...პატრიარქის მიერ ყველა დასჯილსაც წმინდა გიორგის მსგავსად ამხნევებს უფალი” - ამბობს ნარსია „რეზონანსთან“. 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×