ია აბულაშვილი
03.05.2020

შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი დათუნას ეკლესია, რომელიც დაღესტანში, შამილის რაიონის სოფელ დათუნასთან მდებარეობს, მე-10 საუკუნის ბოლოს და მე-11 საუკუნის დასაწყისში აუგიათ. ერთი ვერსიით, მისი აგება დავით აღმაშენებლის სახელს  უკავშირდება, ხოლო მეორე ვერსიით - ქართველ მისიონერებს. 

შამილის მდივან ჰაჯი-ალი ჭუხელის ცნობით, ქართველებს ყაჰიბის ხეობაში (კვირაცხოვლობის ქვაბული) თლილი ქვის ეკლესია აუგიათ. არაბი ისტორიკოსის - იბნ-რუსტეს ცნობით კი, გიმრიში (ხუნძური) მე-10 საუკუნეში ქრისტიანი მეფე იჯდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ხუნძურში ასევე აღმოჩენილია ქართულწარწერიანი ქვის ჯვარი.

დათუნას ეკლესია ქართული უგუმბათო, დარბაზული ტიპის ეკლესიაა. აგებულია მოოქროსფრო-მოყვითალო ქვისგან. მისი სიგრძე 9 მეტრია. ნაგებობის ერთ მხარეს კელიებია განთავსებული, რაც სამონასტრო ცხოვრებაზე მიუთითებს.

ტაძარში ქართულად წირვა მე-13 საუკუნის ბოლომდე აღევლინებოდა, შემოსევების შედეგად კი ნახევრად დანგრეულა.  მე-19 საუკუნეში, კავკასიის ომის დროს, იმამ შამილის მხარეს  გადასულ რუს ჯარისკაცებს გადაეცა იგი ღვთისმსახურებისთვის.

გასულ წელს დათუნას ეკლესიაში აღმოაჩინეს მე-6 საუკუნით დათარიღებული ქართული ხელნაწერი-სახარება, რომელიც ასომთავრულით არის შესრულებული. ქართული ხელნაწერი არაბული ხელნაწერის ქვეშ იყო მოქცეული.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×