ია აბულაშვილი
01.05.2020

ეკლესია-მონასტრებთან სამკურნალო დაწესულებებისა და სამედიცინო განათლების კერების არსებობა, რომელიც მე-5 საუკუნიდან დასტურდება, დიდ როლს ასრულებდა ქართული მედიცინის განვითარებაში. ქართველი მოძღვრები კი „არა მხოლოდ სულის, ხორცის მკურნალადაც გვევლინებოდნენ", მათ შორის გამორჩეულები იყვნენ ასურელი მამები. იოანე ზედაზნელი, დავით გარეჯელი და მისი მოწაფე ლუკიანე, რომლებიც დახელოვნებულნი ყოფილან „სენთა მკურნალობაში".

საექიმო საქმიანობით განთქმული იყო ათონის ივერთა მონასტერი, სადაც მე-11 საუკუნიდან მოყოლებელი რამდენიმე საავადმყოფო არსებობდა, მათ შორის კეთროვანთათვის; იმ დროს ეკლესიას სათავეში ედგა ცნობილი ქართველი მოძღვარი და საექიმო საქმის კარგი მცოდნე ექვითმე ჩორჩანელი. მე-11 საუკუნით თარიღდება პეტრიწონისა და გელათის მონასტრებთან გახსნილი საავადმყოფოები.

1948 წელს გელათში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას ცნობილი ქართველი მეცნიერი სიმონ ყაუხჩიშვილი წერდა, რომ "გელათის მონასტრის აღმოსავლეთით, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით გალავნის იქით არის შენობა, რომელსაც "სოხასტერს" ეძახიან. შეიძლებოდა ამ მიდამოებში გვეძებნა ის დაწესებულება, რომელსაც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი "ქსენონს" უწოდებს. მემატიანე წერს, რომ მეფე ხშირად მოდიოდა ქსენონში და პირადად ნახულობდა ავადმყოფებს "თვით მოვედის, მოიკითხნის და ამბორს უყვის თითოეულსა მამებრ სწყალობდეს". ამავე პერიოდში "სასნეულოები" გახსნილი იყო იერსუალიმის ქართველთა ლავრაში. სამაცხე ჯავახეთში ვანისქვაბის მონასტერში, ხანძთის სავანეებში. შატბერდის მონასტერში კი მოღვაწეობდა ცნობილი "აქიმი სამცხისა", წამალთმცოდნე გრიგოლ ვაჩაბორელი.

ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით, პირველად ქართულ ენაზე კარაბადინის თარგმნა ეკუთვნის პეტრე იბერს, რომლის საექსიმო საქმიანობაზე მოგვითხრობს „ქართლის ცხოვრება". „ის უშვილოთა შვილიერ სნეულთა განკურნებდა, უნაყოფოთა ნაყოფიერ ჰყოფდა". ქანანელის „უსწორო კარაბადინი" კი მე-11 საუკუნეში შექმნა. მე-12 თარიღდება ხოჯაყოფილის "წიგნი საექიმო". რამდენიმე საუკუნის შემდეგ კი ზაზა ფანასკერტელმა დაწრა „სამკურნალო წიგნი-კარაბადინი", დავით ბატონიშვილმა კი „იადიგარ დაუდი".

საინტერესო ისტორია აქვს თეძამის ხეობაში მდებარე ერთაწმინდის ეკლესიას, სადაც სამკურნალოდ მოჰყავდათ სულით დაავადებულები, მაგრამ მათ წამლით არ მკურნალობდნენ. ლეგენდის თანახმად, ეკლესიის კედელში გამოჭრილი ყოფილა ჯაჭვი „დადიანური". ავადმყოფებს ჯაჭვით შეკრავდნენ, ჯაჭვის ორივე ბოლოს კედელში გამოუყრიდნენ და გააქან-გამოაქანებდნენ. მეორე დღეს სრულიად განკურნებულს უშვებდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×