ია აბულაშვილი
30.04.2020

საეკლესიო მედიცინა, რომელიც ქართული საერო მედიცინის განუყოფელ ნაწილად ითვლება, სათავეს უხსოვარი დროიდან იღებს და როგორც მემატიანენი წერენ, "სენთა კურნება" ეკლესიის მსახურთა მოვალეობაში შედიოდა. "კარაბადინებიც" უმეტესად სასულიერო პირების ღვაწლის შედეგად შეიქმნა. გელათისა და იყალთოს აკადემიებში, შვიდ დისციპლინასთან ერთად მედიცინა ისწავლებოდა.

დავით აღმაშენელისა და თამარ მეფის ეპოქაში საექიმო საქმიანობა, საავადმყოფოების დაფუძნება ეკლესია-მონასტრებში ტრადიციად იქცა. ხალხში თამარ მეფეს "აქიმ დედოფლად" მოიხსენიებდნენ.

მის დროს შეიქმნა "წიგნი საექიმო", სადაც ქართული სამედიცინო სკოლის დიდი გამოცდილებაა თავმოყრილი. რაც შეეხება წამალთმცოდნეობას და წამლის მომზადების ტექნიკას, ეს საქმე ძალზედ განვითარებული იყო და ამის დასტურია ვარძიის ციხე-ქალაქში, კლდეში ნაკვეთი თაღჩებიანი აფთიაქი, "წამლის სახლი".

ვარძიის კომპლექსის მე-6 სართულზე მდებარეობდა ეს აფთიაქი, 15-20 მეტრის ფართობის ოთახში. მის კედლებში გამოჭრილი იყო ერთი და იმავე სიდიდის 265 ნიშა, თითოეული ნიშა განკუთვნილი იყო თითო სამედიცნო საშუალებებისთვის.

გათხრების შედეგად აღმოჩენილია იმ დროში მრავალფეროვანი სააფთიაქო საგნები, ჯამები, ათასი ფორმის ჭიქები, წამლის სალესი მცირე ფორმის ფიალები. ორმაგძირიანი კერამიკის ჭურჭლები, გველის გამოსახულებიანი კოჭობები (თიხის ქოთნები), სხვადასხვა საწურები, სპილენძის ქვაბები-თანგორები.

სხვადასხვა ზომის სასწორები და ა.შ. არსებობდა წამლის ფორმების ნაირსახეობა, მაგალითად აბს ერქვა - ყურსი, მალამოს - სალბუნი. სხვადასხვა სახის ნარევს- მაჯუნი. მოწამვლის წამალს - თარიაყი. გამზადებულ წამალს - მათბუხი.

ისტორიკოსთა ვარაუდით, ასეთ მრავალფეროვან აფთიაქთან ერთად სავარაუდოდ ვარძიაში საავადმყოფოც უნდა ყოფილიყო. ამის დასტურად შეიძლება ჩაითვალოს ვარძიიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული ვანისქვაბის მონასტერი, რომელიცი ასევე კლდეშია გამოკვეთილი.

მონასტერი თამარის მეფობის დროს აუშენებია, მწიგნობართუხუცესს ანტონ ჭყონდიდელს. ვანისქვაბის მონასტრის ტიპიკონის თანახმად, რომელიც ცნობილია "ვაჰანის ქვაბთა განგების" სახელწოდებით, ირკვევა, რომ აქ იყო სასნეულო და ტიპიკონით განსაზღვრული იყო ავადმყოფა მოვლის პროცესი, სამჯერ სნეულთა შემოვლა და მათი "უშურველი" უზრუნველყოფა საკვებითა და ყოვლგვარი სამედიცნო საშუალებებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×