ია აბულაშვილი
28.04.2020

ქართულ ხელნაწერებს 16 საუკუნოვანი ისტორია აქვს. ისინი გადაწერილია როგორც საქართველოს, ის მის ფარგლებს გარეთ არსებულ ეკლესია-მონასტრებში. ხელნაწერების უდიდესი ნაწილი პალესტინაში და ბიზანტიის ქართულ მონასტრებში, ასევე სირიაში შავი მთის მონასტერში მოღვაწე ბერების მიერ არის შესრულებული და დღეს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ცნობილ საცავებში ინახება. მარტო საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში 32 ქართული ხელნაწერია დაცული.

ქართული ხელნაწერები ძირითადად სრულდებოდა ჭილზე (პაპირუსზე) ან ტყავზე შავი მელნით. გასაფორმებლად ან სათაურის დასაწერად იყენებდნენ სინგურ-წითელი ფერის საღებავებს. გვხვდება ისეთი ხელნაწერებიც, რომელიც შესრულებულია ოქროს თხელ ფირფიტაზე ოქროს მელნით. ასეთია მოქვის ოთხავი-დაფენილი ოქროს ფირფიტით.

რვა უძველსი ხელნაწერი, რომელიც დღეს საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრში. მათ შორის არის უძველესი ხელნაწერი "ანბანდიდი", მე-9 საუკუნის სახარება, რომელიც ერთ-ერთი უძველესი ხელნაწერია მსოფლიოს ყველა კოლექციაში დაცულ ხელნაწერებს შორის.

"ანბანდიდი" ნაწერია თავიდან ბოლომდე ასომთავრულით, ორ სვეტად. დღეისათვის შემორჩენილია მხოლოდ 192 ფურცელი. მათ შორის ლუკას სახარების მცირე ნაწილი და იოანეს სახარება მთლიანად. ხელნაწერს აქვს მინაწერები, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში "ანბანდიდის" სახარება ტაო-კლარჯეთში ინახებოდა. სახარების შიგნით წითელი და შავი მელნით შესრულებულია გოლგოთას ჯვარი.

საინტერესო ისტორია აქვს გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ ქართულ ხელნაწერებს, რომელიც სინას მთაზეა გადაწერილი. ეს ხელნაწერი შეუსყიდია ავსტრიელ მხატვარს ალფონს მალირს ეგვიპტეში. ხელნაწერის ყიდვის დროს ეგვიპტელ ვაჭარსა და ავსტრიელ მხატვარს შორის ნამდვილი ბრძოლა გამართულა. გამალებული ვაჭრობის შემდეგ გამარჯვება ავსტრიელ მხატვარს დარჩა, რომელმაც სინას მთაზე გადაწერილი 4 ქართული ხელნაწერი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორს 420 გულდენად მიჰყიდა. დღეს ეს უნიკალური ხელნაწერები გრაცის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საპატიო ადგილს იკავებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×