ია აბულაშვილი
17.04.2020

იერუსალიმში ქრისტეს აღდგომის ტაძარი მე-4 საუკუნეში, ქრისტეს აღდგომის ადგილას აშენდა. იმპერატორმა კონსტანტინემ ტაძარი დედის, ელენე დედოფლის თხოვნით ააგო, რომელიც დროთა არაერთხელ გაიძარცვა, დაინგრა და აღდგა. ამ წმინდათა წმინდა ტაძრის ისტორია გოლოგოთაა, სადაც ქართველებს პირველი ადგილი ეპყრათ. ამის შესახებ წერდნენ უცხოელი ისტორიკოსები. 1347 წელს ლუდოლფ ზუდჰაიმი თავის თხზულებაში წერს, რომ "გოლგოთას მთის ძირში იბერთა მიწაა, სადაც იბერიელები თავიანთ წირვას ასრულებენ. ქართველებს აქვთ წმინდა საფლავის ეკლესიის გასაღები და ისინი არ შეელევიან საფლავის ქვის უმცირეს ნატეხსაც".

ცნობილი ქართველი მღვდელმსახური პეტრე კონჭოშვილი, რომელმაც 1899 წელს იესრუსალიმში აღდგომის ტაძარი მოილოცა, ქრისტეს საფლავს ასე აღწერს: "ქრისტეს საფლავი წარმოადგენს პატარა ეკლესიას, დიდ ტაძარში მდებარესა, "წმინდა კუვოკლიად" წოდებულს, რაც ნიშნავს განსასვენებელს, სამეფო საუნჯეს, რადგან აქ განისვენა სამი დღე ხორცითა, ვითარცა მკვდარმან, მაცხოვარმა კაცთა ნათესავისამ. შესავალი კარი მისი ძლიერ დაბალია, შესვლის სიგრძე იმოდენია სივრცით, რამდენზედაც დაეტევა გაშლილი გვამი მიცვალებულისა. კლდის სარეცელი, რომელზედაც განისვენებდა ყოვლად უხრწნელი გვამი ქრისტესი, მდებარეობს მარჯვენა მხარეს შესავლიდან. იგი შემოსილია მარმარილოთი. გარშემო ქრისტეს საფლავის ქვისა ამოჭრით წარწერილია ტროპარი წმინდა იოანე დამასკელისა, "ვითარცა ნათლით შემოსილისა და ვით როცა უმშვენიერის სამოთხისასა, ესრეთ გიცნობთ შენ, რომელი გამოსჩნდა მხსნელად ყოვლისა სოფლისა, აღსდეგ უბრწყინვალესი ყოველთა ნათლითა ქრისტე, ღმერთი ჩვუენი, და გამოჰსჩნდა საფლავი შენი, ვითარცა წყარო ჩუენისა აღდგომისა".

ამ ეკლესიის გუმბათის ქვეშ არის გოლგოთაც, ის ადგილი, სადაც ჯვარს აცვეს უფალი იესო ქრისტე. აქვე ტრაპეზს უკან აღმართულია დიდი ჯვარი, ჯვარცმისა იესო ქრისტეს ხატითა. გარშემო მისა მდგომნი დედა ღმრთისა მგოდებელი და მოწაფე ქრისტესი იოანე მწუხარე სახითა. ქვის გულიც შეწრწუნდება ამ სურათის ხილვით. მარჯვნივ ტრაპეზისა, მოსჩანს გაპობილი კლდე, რომელიც გასკდა იმ წამსა, რა ჟამს უფალმან განუტევა სული. ქვეშ გოლგოთისა არის ბნელი სალოცავი ადამისა. პირველ ქრისტიანობიდან დაწყებული მე-18 საუკუნემდის ქართველებს პირველი ადგილი ეპყრათ გოლგოთაზედ" - წერს ქართველი მღვდელმსახური.

გოლგოთის ქვეშ დილეგია, სადაც ინახება უფლის ქვის ბორკილები. მარჯვნივ არის მწუხარე ღვთისმშობლის ხატი, რომელის სახეზეც, გადმოცემის თანახმად, დროდადრო ცრემლები ჩნდება. სალოცავს, რომელსაც აქვს ორი სამყოფელი, ერთი ანგელოზისაა, სადაც მარია მაგდალინელმა საფლავის ქვაზე მჯდომი ანგელოზი იხილა. "აი მოხდა დიდი მიწისძვრა, რადგან ღვთის ანგელოზი ზეციდან ჩამოვიდა, გადასწია ქვა საფლავის კარიდან და დაჯდა მასზე. იგი ელვას ჰგავდა და მისი სამოსი იყო თეთრი, როგორც თოვლი". ანგელოზის მიერ გადაგორებული ქვა დგას სამლოცველოს ცენტრში და იგია წმინდა საყდარი (ტახტი) მართლმადიდებელი ლიტურგიის შესრულების. ანგელოზის სამლოცველოს კედლების მარჯვნივ და მარცხნივ არის შავი ხვრელი - დიდ შაბათს წმინდა ცეცხლის გარეთ გადასაცემად.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×