ია აბულაშვილი
02.04.2020

"ესე ყოველნი და ამათსა, ფრიად უმნიშვნელოვანესი წიგნი თარგმნა ღმერთშემოსილმა მამამან ჩვენმა და ესრეთ აღაღორძინა მისდა რწმუნებული იგი ტალანტი"- წერს მემატიანე, ათონის მთაზე ქართულ მონასტერში მოღვაწე ექვთიმე მთაწმინდელზე.

ექვთიმე მთაწმინდელის მამა, გამოჩენილი ქართველი მოღვაწე იოანე, რომელის სახელსაც უკავშირდება ათონის ივერიის მონასტრის დაარსება, დიდგვაროვანთა ოჯახის წარმომადგენელი, დავით კურაპალატის ჯარის სარდალი იყო. მან დატოვა სამეფო ოჯახი და ოთხთა ეკლესიის ლავრაში ფარულად ბერად აღიკვეცა.

ამ დროს ბიზანტიის იმპერატორის კარზე მძევლად იმყოფება მისი ვაჟი ექვთიმე. იოანე ეხალა იმპერატორს და შვილი გამოსთხოვა. 965 წელს შვილთან ერთად ათონის მთაზე გადავიდა და ათანასეს ლავრაში დამკვიდრდა.

პირველად წმინდა იოანე მახარობლის ეკლესია ააშენა ქართველ ბერებთან ერთად, 980-983 წლებში კი ქართველთა მონასტერი ივერიონი, რომლის თავდაპირველი წინამძღოლიც თვითონ იყო.

იოანეს ვაჟს ექვთიმეს, სრულიად დავიწყებული ჰქონდა ქართული ენა. ერთხელ ექვთიმე ძლიერ ავად გახდა, მაგრამ ღვთისმშობლის სასწაულებრივი გამოცხადების შემდეგ სრულიად განიკურნა და ქართულად ალაპარაკდა. ექვთიმემ მამას მოუყვა, რომ გამოეცხადა დიდებული დედოფალი და ჰკითხა " რაი არს, რაი გელმის, ეფთიმე". "მოვკვდები დედოფალო"- მიუგია ექვთიმეს.

"არარაი არს ვნებანი შენ თანა, აღდეგ, ნუ გეშინინ და ქართულად ჰსნილად უბნობდი". ამ სასწაულის შემდეგ ექვთიმეს ქართული "აღმოუდიოდა პირითგან, ვითარცა წყარო უწმინდესი ყოველთა ქართველთასა".

იოანემ მადლი შესწირა უფალს და შვილს უთხრა " შვილნო ჩემო, ქართველთა ქვეყანაი დიდად ნაკლულოვან არს წიგნთაგან და მრავალი წიგნი აკლიან და ვხედავ, რომელ ღმერთს მოუმადლებია შენდა, აწ იღვაწე, რაითა განამრავლო სასყიდელი შენი ღმრთისაგან". წმინდა ექვთიმე შეუდგა მამის შეგონებას. ბერძნულიდან ქართულად თარგმინიდა საღმრთო წიგნებს და მალე ყველა გააკვირვა თავისი ღვაწლით.

გიორგი მთაწმინდელის გადმოცემით, ექვთიმეს კალამს ეკუთვნის 40-მდე ნათარგმნი საღმრთო წიგნი. როდესაც დავთი კურაპალატს წაუკითხავს მთაწმინდიდან გამოგზავნილი წიგნები, სიხარულით აღივსო და უთქვამს " მადლი ღმერთსა, რომელმან ჩუენთა ამათ ჟამთა ახალი ოქროპირი გამოაჩინა".

ორმოცი წელი იცხოვრა ათონის მთაზე წმინდა იოანემ, მისი მოღვაწეობის დროს მობრძანდა ივერიონში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომლის შემწეობითაც გაბრწყინდა ივერიონი და სულიერი ადგილი დაიმკვიდრა ათონელთა ცხოვრებაში.

სიცოცხლის ბოლო წლებში წმინდა იოანეს ნიკრისის სენი შეეყარა და მონასტერზე ზრუნვა თავის ვაჟს ექვთიმეს ჩააბარა. ამ დროს გამრავლდნენ ათონზე ქართველები. 300 ბერთაგან შემდგარი კრებული. რომიდანაც ბევრი კაცი ამოსულა და მონაზვნად აღკვეციალა. როგორც გიორგი მთაწმინდელი გადმოგვცემს "ღირს მამა გაბრიელს ქართველსა და ლეონ დიდს, რომაელს ფრიად სიყვარული აქვნდათ". მ

ამა გაბრიელსა და ლეონ დიდს გვერდიგვერდ ჰქონდათ სენაკები. როცა შებინდდებოდა გამოვიდოდნენ თავის საკნებიდან, დასხდებოდნენ და ცისკრამდე საღმრთო საგნებზე საუბრობდნენ. სასწაული იმაში იყო, რომ ისინი თავთავიან ენაზე საუბრობდნენ, თანამოსაუბრის ენა არ იცოდნენ, მაგრამ ერთმანეთის შესანიშნავად ესმოდათ.

14 წელი იყო ექვთიმე ათონზე ივერთა მონასტრის წინამღძოლი; წლების შემდეგ ისევ დაუბრუნდა თავის საქმეს, ჩაიკეტა სენაკში და წიგნებს თარგმინდა. მონასტრის ხელმძღვანელობა კი გიორგი მთაწმინდელს დაავალა. ექვთიმე ათონელი 1028 წელს გარადაიცვალა. იგი ათონის მთაზეა დაკრძალული.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×