ია აბულაშვილი
17.03.2020

საქართველოს უძველეს დედაქალაქ მცხეთაში, რომელიც ეკლესია-მონასტრებითა და სიწმინდეების სიმრავლით არის გამორჩეული, ბევრ ტაძარს ძველად წმინდა ადგილების სახელებით მოიხსენიებდნენ - იერუსალიმი, ბეთლემი, თაბორი, გოლგოთა, გეთსამანია, მტკვარი კი იორდანედ იწოდებოდა. მტკვრისა და არაგვის შესართავთან, ქართველთა გაქრისტიანების ადგილას, წმინდა სტეფანე პირველწოდებულის სახელზე აგებულ ტაძარს, რომელიც ერთ-ერთი უძველესია მცხეთაში, ანტიოქია ერქვა.

გადმოცემის თანახამად, მირიან მეფის თხოვნით, ერის ნათლისღების წესის შესასრულებლად კონსტანტინე დიდმა ეპისკოპოსი გამოაგზავნა, რომელიც 325 წელს ნიკეის საეკლესიო კრებამ ანტიოქიის პატრიარქად აირჩია. კრებამ საქართველოს ეკლესია ანტიოქიის საპატრიარქოში შეიყვანა და ამიტომ დაიმკვიდრა ამ ადგილმა სახელი „ანტიოქია".

როგორც „ქართლის ცხოვრება" მოგვითხრობს, მეფე მირიანის შვილიშვილს, ვახტანგ გორგასლის პაპა არჩილ მეფეს სპარსელების განდევნის შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად ამ ადგილზე ეკლესია აუგია: „მაშინ არჩილ მეფემან აღაშენა ეკლესია სტეფანწმინდისა, მცხეთას, კართა ზედა არაგვთასა, სადა იყვნენ კოშკნი მტკიცენი საბრძოლველნი, რომელნი მასვე აღაშენნეს".

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, „ესე არჩილი იყო ფრიად მორწმუნე და მიმატებელი ეკლესიათა".

ტაძრის ხუროთმოძღვარი ყოფილა ბერძენი ოსტატი ავრელიოს აქილიოსი, რომლის სახელიც შემონგვინახა ტაძრის ზღურბლში ჩატანებულმა ფილამ, რომელზეც დატანებულია მე-4-5 საუკუნეების ბერძნული წარწერა: „მე ვარ ანი და ჰოე, გააკეთა აქილევსმა, ხუროთა რომ არის. ავრელიოს აქილიოსი. მხატვართუხუცესი და ხუროთმოძღვარი. მოსახსენიებლად არსპაკოსესი".

ეს ფილა დღეს დაცულია მცხეთის არქეოლოგიურ მუზეუმში, სამთავროს სამაროვნებში კი ნაპოვნია ხუროთმოძღვარ ავრელიოს აქილიოსისა და მისი მეუღლის საფლავები წარწერებით.

არაგვის პირას, მაღალ კლდეზე, ქრისტეს სადიდებლად აგებული ტაძარი, რომელიც მცხეთის აღმოასვლეთის კარს იცავდა, მე-8 საუკუნეში მურვან-ყრუს გამანადგურებელი ლაშქრობის დროს დაიწვა. მე-15 საუკუნეში ის ახლიდან შეუკეთებიათ.

მცხეთის ანტიოქია მოხსენიებულია მე-19 საუკუნის ცნობილი გერმანელი მოგზაურის, მორიც ვაგნერის ჩანაწერებში "ცნობები საქართველოს შესახებ", სადაც წერია: „მთის წვერზე, სიდანაც კაცს თვალწინ ეშლება საუცხოო სანახაობა მტკვრისა და არაგავის ნაპირზე, დგას ნახევრად დანგრეული ძველი ეკლესია, რომლის სახელიცაა სტეფანწმინდა".

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
სტუმარი   (18.03.2020)
კომენტარი დაფარულია არაეთიკური გამონათქვამების გამო.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×