ია აბულაშვილი
10.03.2020

ქაშუეთის ეკლესიის ისტორია მე-6 საუკუნეში იწყება და საქართველოში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოსული ასცამეტი მამიდან ერთ-ერთის, დავით გარეჯელის სახელს უკავშირდება. თქმულების თანახმად, დავით გარეჯელს ერთი დედაკაცი ედავებოდა, თითქოს მისგან შვილი უნდა შეძენოდა. განრისხებულ ბერს ქალისთვის უთქვამს - „თუ ეს მართალი არ იქნება, ქვა შვიო“. აქედან მოდის ტაძრის სახელწოდება „ქვაშვეთი“.

თბილისის ცენტრში ქაშუეთის პირველი ეკლესია მე-6 საუკუნის დასაწყისში აშენდა, რომელიც მალევე დაზიანდა. ძველ ადგილზე ახალი ეკლესია ააგეს, მაგრამ ისიც დაინგრა და მესამედ 1754 წელს ქართველი ერისთავის გივი ამილახვრის სახსრებით აიგო. ამ ეკლესიამ მე-20 საუკუნემდე მოაღწია. 

1904 წლის ნოემბერში ტაძრის ახალი მშენებლობა დაიწყო. მის ასაგებად საგანგებოდ მოიწვიეს იტალიელი არქიტექტორები ლეოპოლდ ბილფილდი და ედუარდ ანდრეოლიტი. ქვის ხელოსნები იყვნენ ქართველი ძმები აღლაძეები.

ქაშუეთის ეკლესიაში დაცული იყო: ორი ჯვარი ცხოველმყოფელი ხით, წმინდა ევსტათის მარჯვენა ხელის ოთხი თითი, დავითგარეჯიდან ჩამოსვენებული წმინდა მოწამეთა ნაწილები, იოანე ნათლისმცემლის სისხლი, ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის წმინდა ნაწილები; ასევე - ქრისტეს ცრემლისა და ოფლის ქაღალდი, პავლე მოციქულის საფლავის მიწა.

ტაძრის პირველი წინამძღვარი იყო კალისტრატე ცინცაძე, რომელიც ტაძარს 1932 წლამდე, მის პატრიარქად აღსაყდრებამდე წინამძღვრობდა. 1921 წელს ბოლშევიკების მიერ თბილისში მრავალი ეკლესია დაინგრა, დანგრევის საფრთხე შეექმნა ქაშუეთსაც. ეკლესიის ადგილას აბანოს აშენება უნდოდათ. ერთ-ერთი ვერსიით, კალისტრატე ცინცაძე ამ ამბით შეწუხებული ეკლესიის ეზოში იდგა, როცა მისი მრევლი, დიდმორწმუნე ქალბატონი მართა ჯაყელი ეკლესიას ფეხშიშველი გარს უვლიდა. მართა ჯაყელი ლავრენტი ბერიას დედა იყო. კალისტარტე ცინაძეს მისთვის უთქვამს: „ჩემო მართა, შემოაურე ქაშუეთს, მალე ის აქ აღარ იქნება“; კალისტარტეს სიტყვები გულში მოხვდა ბერიას დედას და მიუხედავად იმისა, რომ შვილისგან სასტიკად აკრძალული ჰქონდა, რაიმე ეთხოვა, უწმინდესს უთხრა, დაწერეთ წერილი და მომეცითო. 

მართლაც, მალე მოსკოვიდან მოვიდა წერილი ბერიას რეზოლუციით - „შეაჩერეთ“.

1947 წელს, კალისტრატე ცინცაძის თხოვნით, ქაშუეთის ეკლესია ცნობილმა ქართველმა მხატვარმა ლადო გუდიაშვილმა მოხატა, მაგრამ ბოლომდე ვერ დაასრულა, მხოლოდ საკურთხევლის მოხატვა მოასწრო, რადგან კომუნისტები გასაქანს არ აძლევდნენ. ამბობენ, როდესაც დიდოსტატი ქაშუეთს ჩაუვლიდა, ასე ეალერსებოდა: „ჩემი კაპელა“.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×