ია აბულაშვილი
09.03.2020

სნეულთა შემწე და ყოვლადმოწამე ნიკომედიელი მკურნალის პანეტელეიმონის წმინდა ნაწილები მთელს მსოფლიოშია მიმოფანტული, მისი ხატი კი ყველა მართლამდიდებულ ეკლესიაში დასვენებული.

ხატზე პირმშვენიერი ჭაბუკია გამოსახული, ერთ ხელში კოვზი უჭირავს, მეორეში კი წამლების ყუთი. ოცდაცხრა წელი იცხოვრა პანტელეიმონ მკურნალმა მიწიერი ცხოვრებით. უფლისაგან დაიმსახურა სასწაულმოქმედის ნიჭი და სახელი "პენტელეიმონ", რომელიც ქართულად ყოვლადმოწყალეს ნიშნავს.

დიდებულების ოჯახში დაბადებულმა ჭაბუკმა სიმდიდრეზე უარი თქვა, მამის სიკვდილის შემდეგ მთელი ქონება გაყიდა და გლახაკებს დაურიგა. ქრისტეს სახელით "ხელითა თვისითა" ხალხს კურნავდა და ქრისტეს რჯულს ქადაგებდა.

ისე გაითქვა სახელი, რომ ნიკომედიაში ხალხმა ყველა ექიმზე უარი თქვა. იმპერატორ მაქსიმილიანეს, რომელიც ქრისტიანთა დევნით გამორჩეოდა, პანტელეიმონს კერპების თაყვანის ცემა აიძულა, მაგრამ, ვერანაირმა მუქარამ ვერ მოდრიკა ნეტარი.

იმპერატორის ბრძანებით, პენელეიმონი ჯერ საშინლად აწამეს და შემდეგ თავი მოკვეთეს, მაგრამ მისი სხეულიდან სისხლის ნაცვლად მოულოდნელად რძე წამოვიდა. განრისხებულმა იმპერატორმა ახლა მისი დაწვა ბრძანა, მაგრამ ცეცხლში ჩაგდებული წმინდანის სხეული უვნებელი გადარჩა. მადლიერმა მოქალაქეებმა იგი იქვე პატივით დაკრძალეს.

წმინდა პანტელეიმონ მკურნალის თავის ქალა დღეს სინას მთაზე ინახება. წმინდანი, არა მხოლოდ სიცოცხლეში, არამედ სიკვდილის შევდეგაც კურნავს და მძიმე სენისგან ათავისუფლებს ადამიანებს, ვინც მას ჭეშმარიტად იწამებს. მისი სახელით მრავალ ადამიანს თვალის ჩინი დაუბრუნდა, დამბლადაცემული განიკურნა.

ქალკედონიაში მშობლებს თურმე ერთი ვაჟი ჰყოლიათ, რომელიც ძლიერი სნეულების შემდეგ დამუნჯებულა. მშობლებს გაუგიათ პანტელემონ მკურნალის სასწაულების შესახებ. ოთხი წელი ატარეს ასეთ მდგოიმარობაში ჭაბუკი ნიკომედიაში პანტელემონ მკურნალის ტაძარში.

გადაუხადეს ჯანმრთელობის პარაკლისი. ასვეს წმინდა პანტელემონის წყაროს წყალი, მაგრამ ჭაბუკი არ გამოჯანმრთელდა. დამწუხრებულებმა შინ დაბრუნება გადაწყვიტეს. გზაში ნავით მოცურავდნენ, მაგრამ შორიდან პანტელემონ მკურნალის ტაძარი მაინც მოსჩანდა.

ჭაბუკი ეკლესიას თვალს არ აშორებდა. ამ დროს შემოესმა მისი სახელი "ქრისტოდელ". ბიჭმა მოიხედა და შესძახა " შეხედეთ ზევით ჩიტი, ჩიტი და პანტელეიმონი". მშობლებმა ვერც ჩიტი დაინახეს, ვერც პანტელემონ მკურნალი, ვერც იმის ხმა გაიგონეს ვინც მათ ვაჟს სახელით ეძახდა.

ჭაბუკს მყისვე დაუბრუნდა მეტყველება და სთხოვა მშობელებს უკან მონასტერში დაებრუნებინათ. ორმოცი დღე დაჰყო ჭაბუკმა მონასტერში და მთელი ეს დრო წმინდანისადმი სამადლობელ ლოცვებში გაატარა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×