ია აბულაშვილი
08.03.2020

შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების არც ერთ ძეგლზე არ თქმულა იმდენი ლეგენდა, რამდენიც სვეტიცხოველზე და როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ყველა მათგანი რეალური ისტორიული მოვლენებიდან იღებს სათავეს. პირველი ლეგენდა, ისტორიულ სინამდვილესთან შეზავებული, მის სახელს - სვეტიცხოველს უკავშირდება.

ლეგენდის თანახმად, სიდონიამ იერუსალიმიდან ჩამოტანილი ძმის საჩუქარი - უფლის კვართი გულში ჩაიკრა და გარდაიცვალა. მის საფლავზე იდგა კვიპაროსის ხე. მცხეთელები ხედავდნენ, როგორ მოფრინდებოდნენ სნეული ჩიტები ხესთან, სხდებოდნენ ტოტებზე, კენკავდნენ წიწვებს და იკურნებოდნენ. წმინდა ნინომაც გამოსცადა თავის თავზე მისი განმკურნებელი და სასწაულმოქმედი ძალა და ამის შემდეგ ურჩია მეფე მირიანს, კვიპაროსის ხის ადგილას აეგო ქრისტიანული ტაძარი. წმინდა ნინო გუმანით ხვდებოდა, რომ უფლის კვართი იქ იყო დაფლული.

მირიან მეფემ შეისმინა წმინდა ნინოს ნათქვამი, მოაჭრევინა კვიპაროსის ხე და მისგან შვიდი სვეტი გამოათლევინა, რადგან სურდა, მცხეთის ტაძარი ისევე ყოფილიყო აგებული შვიდ სვეტზე, როგორც სოლომონის ტაძარი.

6 სვეტი აღმართეს, მეშვიდე კი ადგილიდან ვერ დაძრეს. დადარდიანებული მეფე მირიანი გვიან ღამით დაბრუნდა სასახლეში.

წმინდა ნინო მთელი ღამე ლოცულობდა. უეცრად, როცა ყველას ეძინა, მის წინ საოცარი ნათელი დაეცა. წმინდა ნინომ იხილა გაბრწყინებული უფლის ანგელოზი, რომელმაც მხოლოდ სამი სიტყვა უთხრა, მერე ხელი მოჰკიდა სვეტს და ხის გადანაჭერის პირდაპირ ჰაერში გააჩერა.

სვეტს თავზე შვიდი ვარსკვლავით გაბრწყინებული სამეფო გვირგვინი ედგა, ქვემოდან კი სურნელოვანი მირონი სდიოდა.

დილით მცხეთელებმა ნახეს მოგიზგიზე სვეტი, მეფის ბაღისკენ გაეშურნენ, იქ მისულებმა კი იხილეს ჰაერში დაკიდებული მირონმდინარე სვეტი. ანგელოზს მხოლოდ წმინდა ნინო ხედავდა. მირონს ყველა სენის განკურნება შეეძლო, ვინც მას ქრისტეს რწმენით იცხებდა.

მემატიანის გადმოცემით, როცა მცხეთის ყველა მორწმუნე სნეული განიკურნა, სვეტი ნელ-ნელა დაეშვა თავის გადანაჭერ ძირზე და ისე შეუერთდა, თითქოს არასდროს ყოფილა მისგან დაშორებული. ამდენი სასწაულის მხილველმა ხალხმა ამ სვეტს „ცოცხალი“ სვეტი, ანუ „სვეტი ცხოველი“ უწოდა.

წმინდა მამები მირონმდინარე ცოცხალი სვეტის გამოჩენას ადარებდნენ იმ ცეცხლოვან სვეტს, რომელიც ებრაელ ერს უდაბნოში ორმოცი წლის განმავლობაში წინ უძღოდა.

მე-4 საუკუნეში აქ პირველი ეკლესია გაქრისტიანებულმა მეფე მირიანმა ააშენა, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×