ია აბულაშვილი
06.03.2020

იმ ადგილას, სადაც ახლა დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაა, ლეგენდის თანახმად, ძველად საძოვრები ყოფილა. ერთ მწყემსს, რომელიც დიდუბეში ცხვრებს აძოვებდა, ანგელოზი დაესიზმრა და უთქვამს "დიდუბის მინდორში, ამა და ამ ადგილას ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია დასვენებელი. ეახლე, თაყვანი ეცი და საწაულს გიჩვენებსო". მწყემსმა ხილვა დედ-მამასა და თანასოფლებებს უამბო. ხატის ხილვა ყველამ მოინდომა, მათ შორის ყოფილა უსინათლო მოხუცი, რომელსაც იმედი მიეცა, რომ სასწაულმოქმედი ხატი თვალის სინათლეს დაუბრუნდებდა.

მეორე დღეს მთელი სოფელი ანგელოზის მიერ მინიშნებული ადგილისკენ გაემართა, მაგრამ ბრმა მოხუცი არ წაიყვანეს, მაინც ვერაფერს დაინახავსო. სახლში დარჩენილმა მოხუცმა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს "გიხაროდენ" უგალობა და შეევედრა "მეოხ მყავ წინაშე ძისა შენის და ღმერთის ჩვენისა, რათა ნათლითა თვისითა განმანათლოს მეცა, ღირს მყოს ხილვად და თაყვანისცემად დიდებულსა ხატსა შენსა". მოხუცის ვედრება ღვთისმშობელმა შეისმინა და თვალი აეხილა. ეს მოხდა შობიდან პირველივე ორშაბათს. სასწაულმოქმედი ხატის ამბავი მთელ საქართველოს მოედო. ხატის სასწაულად პოვნის ადგილას ნიშა აღმართეს, ხატი იქ დაასვენეს და თაყვანი სცეს. მალე ნიშის ადგილას ეკლესია აუგიათ. მოჰყავდათ საქართველოს ყვლა კუთხიდან სნეული ადამიანები და ყველა განკურნებული ბრუნდებოდა შინ. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის განსადიდებლად ყოველ ორშაბათს წირვის შემდეგ ტაძარში ღვთისმშობლის ჯანმროთელობის პარაკლისი დღესაც აღევლინება.

ისტორიული წყაროების მიხედვით, შუა საუკუნეებში, ამ ადგილას სადაც დღეს დიდუბის ტაძარი დგას, მეფის სასახლე ყოფილა, იქვე იყო ეკლესია. ამ ეკლესიაში 1189 წელს ჯვარი დაიწერეს თამარ მეფემ და დავით სოსლანმა. დიდუბის ეკლესიის მთავარი ხატი, ღვთისმშობლის ხატი თამარ მეფეს შეუწირავს. 1760 წელს ეკლესია ლეკების შემოსევის დროს დაზიანდა. 1795 წელს კი აღა-მაჰმად ხანის ლაშქარმა მთლიანად დაანგრია. 1880 -1884 წლებში დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია ხელახლა აშენდა.

"23 ოქტომბერს აკურთხეს დიდუბის ეკლესია. ეს ეკლესია იმ ძველთაგანია, ჟამთა-ვითარებას დანგრეულ-დაქცეული რომ დაუტოვა. აქ უკურთხებიათ მეფედ ქართველთა სათაყვანებელი თამარ. ეკლესია ხელახლა აშენდა შეწირულთა საშუალებით და საფასით, გულის მონდომება ყოფილა აზნაურ გიორგი ქართველიშვილისა" - წერს მემატიანე.

დიდუბის ტაძრისადმი შეწირული საგანძური კომუნისტებმა გაძარცვეს, სწორედ მაშინ დაიკარგა დიდუბის ღვთისმშობლის პერანგი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×