ია აბულაშვილი
03.03.2020

„იმ ადგილას, რომელიც აღსავსეა საქართველოს მოციქულობაზე მოგონებებით, ოდესღაც აშენდა ეკლესია მიძღვნილი წმინდა ჯვრისადმი", - ასე იხსენიებენ თავის ჩანაწერებში მე-14-16 საუკუნის უცხოელი მოგზაურები მტკვრისა და არაგვის შესართავთან აღმართულ მთის წვერზე მდგარ ქართული ხეროთმოძღვრების შედევრს ჯვრის მონასტერს. მე-4 საუკუნეში, წმინდა ნინოს მითითებით და მირიან მეფის ბრძანებით, ტაძრის ადგილას აღმართული იყო ხის დიდი ჯვარი, როგორც სიმბოლოს ქრისტიანული სარწმუნოებისა.

„კლდე გორას, რომელზედაც აღმართულია ჯვრის მონასტერი, ერქვა ბორცვი. 324 წელს წმინდა ნინო, მეფე მირიანი, დედოფალი ნანა და მცხეთის ერი გამოემართნენ ამ ბორცვისაკენ. მოჰქონდათ მცხეთიდამ სასწაულმოქმედის ხისგან გაკეთებული ჯვარი, მღვდლები წინ უძღოდნენ, გალობდნენ. მოვიდნენ, ბორცვისკენ წინ დადგნენ ღამის სათევად. იქვე ბორცვის კლდეში იყო მწარე წყალი. ნინოს ლოცვით წყარო გემრიელად იქცა და ამას აქეთ დაერქვა ცრემლისწყარო.

„მეორე დღეს ავიდნენ ბორცვის თავზე და აღმართეს ჯვარი. ყველანი დაჩოქილ-ხელაპყრობილნი ევედრებოდნენ ღმერთს. ზე მაღლა გამოჩნდა გუნდი ანგელოზებისა, მაკურთხებელნი ერისა. ჯვრის ძალით უძლურნი, მკელობელნი, ბრმანი იკურნებოდნენ. მკვდრად მისუსტებულნი ცოცხლდებოდნენ. მცხეთის ჯვრის ძლიერების ამბავი სწრაფად მოედო საქართველოს, კავკასიას და ყოველი მხრიდან მოდიოდნენ დედაქალაქში ამ ჯვრის თაყვანის საცემად.

„ჯვრის მონასტერი კეთილ- დიდ შენი, სადაც დაასვენა ნინომ ჯვარი სვეტისგან გამოკვეთილი. შემდგომად გუარამ კურაპალატისგან მეფემან იწყო ეკლესია ვინათგან აქამდე ჯვარი უეკლესიოდ ესვენა და ძემან მისმან დიმიტრიმ შეასრულა. ზის არქიმანდრიტი. ამის დასავლეთით, მუნვე კედელსა შინა დის წყარო წმინდანის ნინოსაგან სასმისად კეთილი და ჰკურნავს სენთა", - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი „საქართველოს გეოგრაფიაში" ჯვრის მონასტრის აგების ისტორიას.

ისტორიული წყაროებით, ტაძარი აუგიათ 584-604 წლებში. რელიეფზე შემორჩენილი ასომთავრული წარწერები ქართული დამწერლობის უძველეს ნიმუშს წარმოადგენს. გუმბათის ყელის სამხრეთ წახნაგზე გამოსახული მუხლმოდრეკილი კაცის რელიეფური ფიგურა, ისტორიკოსთა ვარაუდით, ამ ტაძრის ხუროთმოძღვარი უნდა იყოს. სარკმლის ზემოთ გამოსახული რელიეფი, ქრისტეს წინაშე მუხლმოდრეკილი სტეფანოზია, რომლის გვერდით დგანან დიმიტრი და ადარნასე მფარველი ანგელოზებით.

გადმოცემის თანახმად, ჯვრის მონასტრიდან სვეტიცხოვლის გუმბათამდე გადაჭიმული იყო წვრილი ჯაჭვი და წმინდა ბერები მით გადადიონ-გადმოდიოდნენ, ამიტომ ამ მონასტერს ჯაჭვის საყდარსაც უწოდებდნენ. ჯვრის კვარცხლბკი დღემდე დგას მონასტერში. მასზე დგას 1995 წელს ილია მეორის კურთხევით დამზადებული 4 მეტრის სიმაღლის ჯვარი კვიპროსიის ხისგან, რომელზედაც გამოსახულია სახარების 13 სცენა. ჯვარი შემკულია ვერცხლის ფირფიტებით და ძვირფასი ქვებით. საგანგებოდ გაკეთებულ სათავსოში ჩასვენებულია ბეთლემში მოღვაწე მღვდელმონაზონ ანტონის მიერ დამზადებული მცირე ზომის ჯვარი, რომელშიც ჩაბრძანებულია ცხოველმყოფელი ჯვრის მცირე ნაწილი, რომელზედაც ქრისტე აწამეს.

ჯვრის მონასტერი, საქართველოს ჯვარგუმბათოვანი არქიტექტურის პირველი და საუკეთესო ნიმუში, შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×