ია აბულაშვილი
27.02.2020

ათონის მთას, რომელსაც მართლმადიდებლური სამყაროს გულს უწოდებენ, მრავალი ეკლესია-მონატსრითა და სასწაულმოქმედი ხატით არის განთქმული. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია - დოქიარის მონასტერში დავანებული ღვთისმშობლის "მსწრაფლშემსმენელი" ხატი. ამ სასწაულმოქმედი ხატის ასლი საქართველოში ათონის მთიდან ჩამოაბრძანეს და დღეს ყოვლადწმინდა სამების ტაძარშია დაბრძანებული.

გადმოცემის თანახმად, მე-10 საუკუნეში ათონის მთაზე ცხოვრობდა წმიდა ნიკიფორე, რომლის სახელსაც უკავშირდება დოქიარის მონასტრის დაარსება. მონასტრის საძმოს სატრაპეზოს წინ, კედელზე, ნიშაში ეკიდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც სასწაულებს ახდენდა და სნეულთ კურნავდა.

ბერებს ხშირად უწევდათ გავლა ამ გასასვლელით დღისით თუ ღამით. ერთ-ერთი მამა ღამით ხშირად ჩაივლიდა ხოლმე ამ ხატის წინ ანთებული კვარით ხელში.

ერთხელაც ხმა მოესმა, მაგრამ იფიქრა, რომ რომელიმე ბერი იქნებოდა და გზა განაგრძო, ანთებული კვარი არ ჩაუქრია. ისევ შემოესმა ხმა - "ბერო უღირსო, როდემდის უნდა მიხრჩოლოო". ეს ხმა შემოესმა ბერს და მაშინვე თავალის ჩინი დაკარგა.

მიხვდა, რომ ღვთისმშობლის ხატისადმი უგულისყურობის გამო დაისაჯა. დღე და ღამე მოხლმოდრეკილი ევედრებოდა ხატს შეწყალებას. აღთქმა დადო, რომ სანამ არ მიუტევებდა ხატს არ მოშორდებოდა.

ერთხელაც შემოესმა ხმა "შესმენილ იქნა შენი ვედრება, დაგიბრუნდება თვალისჩინი. აუწყე ბერებს, რომ ვარ საფარველი, მფარველი და მეოხი თქვენი სავანესი.

დაე, მათ და მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა მომმართონ მე გასაჭირის ჟამს და არავის დავტოვებ შეუსმენელს ყოველთა ჩემდამი სასოებით მოლტოლვილთა, ვექმნები შუამდგომლად და მათ თხოვნას ჩემი ოხით შეისმენს ძე და ღმერთი ჩემი.

დღეიდან ეს ხატი წოდებული იქნება "მსწრაფლშემსმენელად", რამეთუ ყოველთა მვედრებელთა მოვუვლენ წყალობას და მათ თხოვნას მსწრაფლ შევსიმენ". ასე უწოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა საკუთარ ხატს "მსწრაფლშემსმენი".

ეს ამბავი მთელ ათონის მთას მოედო. ბერებმა ადგილს, სადაც წმინდა ხატი იმყოფებოდა, გალავანი შემოავლეს და მის მარჯვნივ "მსწრაფლშემსმენელის" სახელობის ტაძარი ააგეს.

მას შემდეგ "მსწრაფლშემსმენელი" ხატის მადლით მრავალი სნეული და გასაჭირში მყოფი განიკურნა და გადარჩა. ხატი ეხმარება ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვინც რწმენითა და წრფელი გულით ლოცულობს.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×