ია აბულაშვილი
25.02.2020

„აღმოსავლეთიდამ არაგუს ერთვის...ჩხოტის ხევი. ამის ჩრდილოეთ არს სტეფან-წმინდა. დაბა კარგი. ...დასავლით არის გერგეტი არაგუს იქით კიდესა. ზემოთ ამისა არს, მყინვარის კალთასა ზედა, მონასტერი სამებისა, გუმბათოვანი, მცხეთის სამკაულის სახიზრად, სადაცა ესსუენა ნინოს ჯვარი, შუენიერ ნაშენი. შუენიერს ადგილს", - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი გერგეტის სამების ტაძარს, რომელსაც „ხევის პატარძალსაც" უწოდებენ.

ჩვენი ქვეყნის სულიერ ცხოვრებაში გერგეტის სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა, ხევის ისტორიაში კი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მასთან იყო დაკავშირებული.

ხევში ასეთი ლეგენდაც იყო - ქართლ-კახეთის დიდებულებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, სად უნდა აშენებელიყო წმინდა სამების ტაძარი. ერთ ბერიკაცს მცხეთიდან მათთვის უთქვამს „ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ. მოვა შავი ყორანი და სადაც მას გახრავს, სამება იქ ააშენეთო".

დიდებულნი ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრინდა და წაუღია სამგორელი. მდევრად ხალხი დაადევნეს. ყორანს ჯერ ანანურის თავზე დაუსვენია - აქ სამების ნიშა ააგეს; აქედან ბადარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილზე) დაფრენილია ყორანი - აქ ჯვარი აღუმართავთ; აქედან კი გერგეტში „ელგეშის" ნიშთან გადაფრენილა, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს. ამის შემდეგ დაიწყო ტაძრის მშენებლობა, ამბობს ლეგენდა.

ტაძრის ასაგებად ქვა დევ-წიქარა ხარებს ყანობ-ყურთისიდან ამოუტანიათ, კალატოზებისთვის წყალი მეცხვარეს უზიდია, ამ წყაროს დღესაც კალატას წყაროს ეძახიან.

თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით, ხევში საქადგებლად ჩამოსულა ანდრია მოციქული, რომელმაც გეგრეთში აღმართა ჯვარი. ჯვარი აღუმართავს წმინდა ნინოს, რომელმაც ხევში იქადაგა.

ისტორიული წყაროებით გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი მე-14 საუკუნით თარიღდება. ამას მოწმობს თეიმურაზ ბატონიშვილის "ივერიის ისტორია" და ის, რომ მანამდე გერგეტის მთაზე მხოლოდ ჯვარი ყოფილა აღმართული. ცარიზმის რეჟიმის დროს ეკლესია კირით შეუღებიათ.

ღვთისმშრობლის, მაცხოვრის, იოანე ნათლისმცემლის და წმინდა ნინოს გამოსახულებებით გერგეტის ტაძრის მხატვრობა ერთ-ერთი უნიკალურია, რომელიც მე-14 საუკუნით თარიღდება. სამებაში ინახებოდა კუბოს კარად წოდებული კარის ფორმის ორი ხატი. ხატები ფიცარზე იყო ნახატი და ვერცხლის პერანგით შემოსილი. ერთ მათგანს ეწოდებოდა საავდრო და მასზე გამოსახული იყო ღვთისმშობელი, ხარება, შობა, მირქმა და ნათლისღება. მეორე ხატს, რომელსაც სადარო ერქვა, გამოსახული იყო ჯვარცმა, აღდგომა. ავდრის დროს გამოჰქონდათ სადარო ხატი, გვალვისას კი საავდრო და წყაროს წყალში ბანდნენ.

გერგეტის მონასტერში დაიწერა მატიანე „მოსახსენებელი სულთაი" - ცნობათა კრებული, რომელიც მრავალ საინტერესო ისტორიას ინახავს საქართველოს შესახებ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×