ია აბულაშვილი
06.02.2020

ბაგრატის ტაძარი, რომელიც ქუთაისში უქიმერიონის მთაზე მდებარეობს, 1003 წელს ერთიანი საქართველოს მეფის ბაგრატ მესამის და მისი დედის ეგრის-აფხაზეთის მეფის გიორგი მეორის ასულის გურანდუხტ დედოფლის შემწეობით აშენდა.

ამის შესახებ გვამცნობს ტაძრის კედელზე ამოტვიფრული წარწერები: "შეწევნითა ღმრთისაითა, ბაგრატისაგან, ნებითა ღმრთისა და ქართველთა მეფისაითისა გურანდუხტ დედოფლისა აღაშენა წმდაი ესე საყდარი". "ოდეს განამტკიცა იატაკი, ქორონიკონი იყო 223", ციფრები არაბული წარწერითაა შესრულებული.

ტაძრის აგების შესახებ ცნობებს გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილი: "აქა აღაშენა ბაგრატ ყოველთა წმიდისა ეკლესია შუენიერი, გუმბათიანი, სრულიად სოფიის კენჭით შინაგან ქმნილი და მარმარილოთა სპეტაკითა, წითლითა და ჭრელითა და სვეტებითვე მისითვე და ყოველთა შემკობილი სრული და ფრიად დიდი".

მეფის ბრძანებით ბაგრატის ტაძარი ყოვლადწმინდა მარიამ ღვთისმშობლის სახელზე აკურთხეს. მოწვეული იყო მრავალი საპატიო სტუმარი უცხო ქვეყნებიდან. ამ გრანდიოზულ ზეიმს ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა და ერთიანი სახელმწიფოს ძლიერებას გამოხატავდა.

"აკურთხეს ეკლესია ქუთათისა განგების დიდითა და მიუწვდომელთა, რამეთუ შეამკობიან მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი და კათალიკოსნი. ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქვემონი მამულისა და სამეფოსა მისისა მყოფნი და სხუათა ყოველთა სახელმწიფოთანი"- ასე აღწერს მემატიანე ბაგრატის ტაძრის კურთხევის ისტორიას.

ბაგარტის ტაძარში მრავალი სასწაულმოქმედი ხატი იყო დავანებული, ერთ-ერთი მათ შორის არის პალიასტომის მარიამ ღვთისმშობლის ხატი, რომელიც სასწაულებრივად მოხვდა ტაძარში.

ლეგენდის თანახმად სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატი გურიაში, ციხე- ქალაქ პალიასტომის ტაძარში იყო დაბრძანებული. ერთ ღამეს ტაძრის წინამძღვარს სიზმარში გამოეცხადა და უთხრა, რომ ციხე-ქალაქს ჩაძირვა ელოდა და ხატი იქიდან მას უნდა გამოეტანა.

მღვდელმონაზონმა სიზმარი არ დაიჯერა და არც არავის უამბო. სამჯერ ეჩვენა კიდევ წინამძღოლს ღვთისმშობელი, შემდეგ წინასწარმეტყველება ახდა, ციხე-ქალაქი ჩაიძირა, ხატი კი გადარჩა, სასწაულებრივად ჰაერზე მობრძანდებოდა.

ტაძრის წინამძღოლი სასწაულის თვითმხილველი გახდა; მუხლებზე დაეცა და ღვთისმშობელს შენდობა შესთხოვა. ამის შემდეგ ხატი მის ხელებში გადმობრძანდა. მღვდელმა ისევ ღვთისმშობლის ხატის შეგონებით ხატი ბაგრატის ტაძარში დაასვენა. გადმოცემით, სასწაულმოქმედი ხატი დავით აღმაშენებლის შვილიშვილის მეფე გიორგი მესამის დროს, მე-12 საუკუნეში არის ჩამობრძანებული.

ხახულის ღვთისმშობლის ხატი კი ბაგრატის ტაძარში ტაოში მდებარე ხახულის მონასტრიდან დავით აღმაშენებელს ჩამოუბრძანებია. ხატის ვერცხლის კრედი კი მეფე დავით და მის ვაჟს დემეტრეს შეუჭედავს, შეუმკიათ ოქრო- ვერცხლით და პატიოსანი თვლებით.

"ჩემნი ლალნი და თუალ-მარგალიტნი ხახულის ღვთისმშობლისადმი შემიწირავს" -გვამცნობს მეფის ანდერძი. ვერცხლით შეჭედილი კრედი ასევე შემკული ყოფილა მე-8- მე-9 საუკუნეების ტიხრული მინანქრით, რომელიც საქართველოში ბაგრატ მე-4 ასულს მარიამ დედოფალს ჩამოუტანია ბიზანტიიდან 1072 წელს, როდესაც ლოგინად ჩავრადნილი მამის სანახავად ჩამოსულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×