ია აბულაშვილი
03.02.2020

"მოქუის ეკლესია გუმბათოვანი დიდნაგები, აღაშენა მეფემან აფხაზეთმან ლეონ, შემკობითა დიდითა"- ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი მოქვის ტაძარს "აღწერაი სამეფოსა საქართველოისა"-ში, რომელიც აფხაზეთში, მოქვისა და დვაბის შესართავთან აუგია აფხაზთა მეფეს ლეონ მესამეს.

ტაძარი თარიღდება 957-967 წლებით და როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ტაძრის აგება უკავშირდება ქართული სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას და ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის განმტკიცებას ბიზანტიური საეკლესიო გამგებლობისგან.

"მატიანე ქართლისაის" ცნობით, აფხაზაა მეფე გიორგის ძე ლეონ კახეთში იყო სალაშქროდ, როცა მამის გარდაცვალების ამბავი შეიტყო - "შეიქცა ლეონ და ეუფლა მამულსა და სამეფოსა თვისს, რამეთუ მაშინვე შთვიდა აფხაზეთად, და განადიდა უფალმან ღმერთმან მეფობა მისი. ამან აღაშენა ეკლესია მოქვისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსად".

თქმულება მოქვის დიდოსტატზე

აფხაზთა მეფემ ლეონმა გადაწყვიტა აღემართა დიდი ტაძარი მდინარე მოქვისა და დვაბის შესართავთან. დაიბარა საუკეთესო ხუროთმოძღვრები და მოიწვია უცხოელი ოსტატები. შეჰპირდა ყოველ მათგანს ზღაპრული სიმდიდრე, თუ ააგებდნენ მეფისთვის მოსაწონ ტაძარს.

მეფეს სურდა რომ ტაძარი ყოფილიყო ლამაზი და არაჩვეულებრივი ფორმის. მისი გუმბათიდან ხელისგულივით უნდა გამოჩენილიყო მთელი აფხაზეთი. უსმენდნენ დიდოსტატები ხელმწიფეს და ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ სამეფო სასახლეს, რადგან იცოდნენ, რომ თუ საქმეს ხელს მოჰკიდებდნენ და შემდეგ დანაპირებს ვერ შეასრულებდნენ, თავს წააგდებინებდნენ.

მეფის სურვილის შესაბამისი ტაძრის აგება კი შეუძლებელი იყო. უეცრად გამოჩნდა ერთი უშიშარი ხუროთმოძღვარი, რომელმაც გადაწყვიტა ბედი ეცადა და დასთანხმდა მეფის პირობებს.

გაჩაღდა მუშაობა მოქვისა და დვაბის შესაყართან. ტაძარი სწრაფად მიიწევდა ცისკენ. იმდენად საუცხოო იყო საცქერლად, რომ გეგონებოდა, თბილ სიოს, ზღვის ქაფს და ყვავილთა სურნელს ერთად მოეყარა თავი მის კედლებში. როცა უკვე ხურავდნენ ოქროთი ტაძრის გუმბათს და ათასი იდაყვის სიმაღლეზე აღემართათ არნახული ჯვარი, მეფე ლეონმა გადაწყვიტა ამალასთან ერთად ენახა ტაძარი, დარწმუნებულიყო შეასრულა თუ არა უშიშარმა ოსტატმა პირობა.

თან წამოიღო შეპირებული ოქროთი და ვერცხლით სავსე სკივრი. დაათვალიერა მეფემ ტაძარი, ყველაფერი მოიწონა, შემდეგ ავიდა მთავარ გუმბათზე, რათა ეხილა, ჩანდა თუ არა მოქვის სიმაღლიდან მთელი აფხაზეთი. გუმბათიდან მეფე განრისხებული დაეშვა "არ შეასრულე შენ ჩემი ერთი პირობა - უთხრა ხუროთმოძღვარს, არ ჩანს ტაძრის სიმაღლიდან მთელი აფხაზეთი".

დაღონდა დიდოსტატი, გადაწყვიტა თავის თვალით ენახა მეფის ნაბრძანები, აუყვა გუმბათს, რომელიც ათასი იდაყვის სიმაღლეზე აეზიდა თავის ხელით. როდესაც დიდოსტატმა გუმბათს მიაღწია, მეფემ ბრძანა კიბე მოეცილებინათ ტაძრისთვის. ამბობენ მეფე ლეონს არ სურდა ქვეყნიერებაზე კიდევ აგებულიყო მოქვის ტაძარივით მშვენიერი რამ. ასე შეეწირა დიდოსტატის სიცოცხლე საყვარელ ტაძარს. ქარმა კი მისი ცხედარი სადაც მიმოაბინია, იქ დღემდე ხარობენ ლამაზი ვარდები.

მოქვის მონასტერმა ქართული ხელოვნება ეროვნული კულტურისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ნიმუშებით გაამდიდრა. ტაძარი მოპირკეთებული იყო ფასდაუდებელი მოზაიკით, წმინდა სოფიას ტაძრის კენჭებით. მარმარილოს იატაკის ცენტრში გამოსახული იყო მზის სხივები წითელი მარმარილოთი.

მოქვის მონასტერში გადაუწერიათ 1300 წელს ოთხთავი დანიელ მოქველის თაოსნობით, ეფრემ ბერს, რომელიც "მოქვის ოთხთავით" შევიდა ისტორიაში. ხელნაწერის ტექსტი დაწერილია ორ სვეტად, ნუსხურით. ჩასმულია ვერცხლით მოოჭვილ ყდაში. "მოქვის ოთხთავი" ერთ-ერთი უმდიდერესი ხელნაწერია, რომელიც შესრულებულია მინიატურებით და საზედაო ასოებით, ოქრომელნით დაწერილი. მინიატურები შესრულებულია სახარების მიხედვთი: მათეს ასურათებს 97 მინიატურა, მარკოზს 6, ლუკას 27, იოანეს 25 მინიატურა.

ქართული ოქრომჭედლობის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს "მოქვის ღვთისმშობლის კრედი ხატი", რომელიც დაცულია ზუგდიდის დადიანების სასახლეში. ღვთისმშოობელი ფეხზე დგას, მარჯვნივ იოანე წინამორბედი, მარცხნივ სტეფანე მთავრდიაკონი უდგას.

ოქროს ბეჭდური ხატი ჩასვენებულია დიდი ვერცხლის შეჭედილ ბუდეში. ზემოთ გამოსახულია ორ სვეტად კამარა, გამოქანდაკებული ჯვარცმა წინამდგომურებით, იოანე, მარიამი, მარიამ მაგდანილელი და მხედარი ლონგინოზით; ზემოთ ფრთაზე ხარებაა წარმოდგენილი. სვეტები შემკულია თვლებით. დაახლოებით 90 თვალი.

ბუდეს ამშვენებს თვლებით გამოყვანილი ჯვრის სახე, სულ 18 ჯვარია, ოთხი კამარის ზემოთ, ორი კამარაში, ექვს- ექვსი ასომთავრულ წარწერიან სვეტებში. ხატი მოქვის ეკლესიისთვის მოაჭვდევინა ანდრია მოქველმა. ტაძრის სამრეკლოზე ქვის ფილაზე ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა, რომელიც თარიღდება მე-12 საუკუნით "ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო მეოხ და მფარველ იქმენ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×