ია აბულაშვილი
27.01.2020

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორი წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს - 1-ლ ივნისს მის საქართველოში შემოსვლას და 27 იანვარს წმინდანის გარდაცღვალების დღეს.

წმინდა ნინო გარდაიცვალა 338 წლის 27 იანვარს (ძველი სტილით 14 იანვარს) კახეთში. გადმოცემის თანახმად, ქართველთა განმანათლებლის სიკვდილით დამწუხრებულმა მირიან მეფემ განიზრახა წმინდანი მცხეთაში გადმოესვენებინა და სვეტიცხოვლის წინ დაეკრძალა, მაგრამ ორასმა კაცმა ვერ დასძრა ის მცირე საკაცე, რომელზედაც წმინდა ნინო აღესრულა.

წმინდანი დაკრძალეს ბოდბეში, მთელი სამეფო კი მას ოცდაათი დღე გლოვობდა. მირიან მეფემ წმინდა ნინოს დაკრძალვის ადგილას ეკლესია ააშენა, ხოლო ნანა დედოფალს ანდერძით დაუბარა, რომ სამეფო სალარო ორად გაეყო და ერთი ნაწილი წმინდა ნინოს საფლავისთვის შეეწირა, რადგან ამ ადგილს დიდება არ მოჰკლებოდა. მთავარეპისკოპოსს კი მეფემ სთხოვა, რომ ამ ადგილის პატივსაცემად დღესასწაული დაეწესებინა.

მე-11 საუკუნით დათარიღებული ხელნაწერით, რომელიც შატბერდის მონასტერში გადაიწერა და შატბერდის კრებულის სახელით არის ცნობილი, შესულია თხზულება „წმინდა ნინოს ცხოვრება", რომელიც წმინდა ნინოს მოახლოებული აღსასრულის აღწერით იწყება.

წმინდა ნინო კახეთში „დაბასა ბოდბეს" მყოფი დასნეულებელი, სიკვდილის პირას იყო მისული, როცა მას ქართლის სამეფოს კარის წარმომადგენლები ეწვივნენ. მირიან მეფის რძლის სალომე უჯარმელისა და ვინმე პეროჟავრ სივნიელის დაჟინებული თხოვნით ჩაიწერეს წმინდა ნინოს მონათხრობი, რომელიც საფუძვლად დაედო „წმინდა ნინოს ცხოვრებას".

„წმინდა ნინოს ცხოვრებას" ერთი ავტორი არ ჰყავს, სხვადასხვა ავტორთა მონათხრობი შესულია „მოქცევაი საქართველოისაში". პირველი ოთხი თავი თავად წინდა ნინოს მონათხრობია (ჩაწერილი სალომე უჯარმელის მიერ). ამ თავებში მოთხრობილია წმინდა ნინოს მშობლების ისტორია, ნინოს დაბადება, აღზრდა და მცხეთაში მოსვლა.

დანარჩენ თავებში შესულია მცხეთელი ებრაელი მღვდლის, აბიათარის ასულის სიდონიას მონათხრობი წმინდა ნინოს მიერ ნანა დედოფლის განკურნება და ქრისტიანობაზე მოქცევა; მირიან მეფის ნადირობა, მზის დაბნელება და მეფის სასწაულებრივი მოქცევა. სამეფო ბაღში ეკლესიის მშენებლობა და სვეტის სასწაულებრივი აღმართვა, სვეტის მიერ მოხდენილი სასწაულები და კურნება.

„წმინდა ნინოს ცხოვრების" შესახებ მოთხრობლია ორ სინურ ხელნაწერშიც, რომელიც სინას მთაზეა გადაწერილი და თარიღდება მეათე საუკუნით. ასევე ისტორიკოს ლეონტი მროველის თხზულებაში, რომელიც მე-11 საუკუნით თარიღდება. მე-12-13 საუკუნით თარიღდება არსენ ბერის თხზულება „წმინდა ნინოს ცხოვრება".

გარდა ქართული წყაროებისა, საქართველოში წმინდა ნინოს მოღვაწეობის შესახებ საინტერსო ცნობებს გვაწვდის უძველსი ხანის უცხოური წერილობითი წყაროები. მათ შორის ერთ-ერთი რომაელი ისტორიკოსის გელასი კესარიელის ნაშრომი, რომელიც მე-4 საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. მის თხზულებას ჩვენემდე არ მოუღწევია, თუმცა შემონახულია მე-5 საუკუნეში მოღვაწე გელასი კეზიკელის ნაშრომში.

გელასი კესარიელს ქართლის გაქრისტიანების შესახებ ამბავი ჩაუწერია ქათველი მეფისწულის ბაკურისგან, რომელიც მის დროს აღმოსავლეთ რომის იმპერიის დემოსკოსი ყოფილა. იგი პირადად იცნობდა ქართველ მეფისწულს „ფრიად სარწმუნო ბაკურს, კაცს ფრიად ღვთისმოშიშს. მეფის შთამომავალს და იბერთა შორის სახელოვანს, რომელიც გახდა რომაელთა სატრაპი".

წმინდა ნინოს ცხოვრება აღწერილია ასევე რომაელი ისტორიკოსის რუფინოს აკვალელის თხზულებაში. ვინმე „ტყვე ქალის მისიონერულ მოღვაწეობაზე" წერდნენ სოკრატე სქოლასტიკოსი და ერემია სოზომენი თავის ნაშრომებში, სადაც მოთხრობილია ნინოს მიერ იბერიის დედოფლის განკურნების და მოქცევის შესხებ, იბერიის მეფის ნადირობისას მომხდარი სასწაულის, მისი მოქცევის, ეკლესიის მშენებლობის და სვეტის აღმართვასთან დაკავშირებული ამბავი.

წმინდა ნინოს საქართველოში მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაწვდის არაბული, სირიული და კოპტური ძეგლები. კოპტურ წყაროებში წმინდა ნინო „თეოგნოსტას" სახელით არის ცნობილი, რაც ქართულად „ღვთის მცოდნეს" ნიშნავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×