
შორეთის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ასპინძაში, სოფელ ოთის მთაზე მდებარეობს, კედლის მოზაიკით შემკული ორსართულიანი ლავრაა სამრეკლოთი, სკრიპტორიუმით, მცირე სამლოცველო ციხით და კლდეში ნაკვეთი სენაკებით. მთავარი ეკლესია მე-6 საუკუნეში აუგიათ, რასაც მოწმობს ორი საძვალე და საკურთხევლის კარებში ჩაშენებული ქვის სვეტი-ჯვარი. ეკლესიის დანგრევის შედეგ, მე-9 საუკუნეში აუგიათ ახალი ეკლესია, მე-12 საუკუნეში კი მონასტრად გადაუკეთებიათ.
შორეთის მონასტრის კედლებზე შემორჩენილი იყო შუა საუკუნეების წარწერები, რომელიც ისტორიულ ცნობებს შეიცავს. ეკლესია მდიდარი მოზაიკური მოხატულობით იშვიათობაა ქართულ საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში. ასეთი მოზაიკა შემორჩენილია მხოლოდ წრომში, გელათში და მარტვილში.
შორეთის მონასტერი მოხსენიებლი აქვს ვახუშტი ბატონიშვილს „საჩინო ადგილების“ აღწერისას. შორეთის საგანძური, წმინდა გიორგი და წმინდა ნიკოლოზის ხატები, შემორჩენილია მე-12 საუკუნის ანდერძებში. გარდა ულამაზესი მოზაიკისა და ფრესკებისა, შორეთის საუფლისწულო მონასტერი იმ დროის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამწერლო კერა იყო, სადაც არაერთი ხელნაწერი შეიქმნა მინიატურებითა და ბეჭდურობით შემკული.
1849 წელს აკადემიკოსმა მარი ბროსემ შორეთის სამონასტრო კომპლექსი აღწერა. მკვლევარი ძეგლის სანახავად სანადირო ბილიკით ასულა მუხლამდე თოვლში. მას მეგზურობას უწევდა გამაჰმადიანებული ქართველი თავადი ქემილ-ბეგი.
„იატაკი სრული მინანქარი, მწვანე ჩინური ნაგები. აღსავლის კარი შუა მარმარილოს ძელები და ოთხი ყრუ კედელი სრული მოზაიკის კენჭით ჩაწყობილი ხატებით. ამ ათასი წლის წინ ეს ნაშთი ჩვენ წინაპართა დიდებისა კიდევ დამხვდა, ახლა სრულ გატიალებულია“, - წერდა მარი ბროსე შორეთის მონასტერზე.