
„ტბას მიერთვის წყალი ფოსოსი, რომელი გამოსდის ყარსის მთას, და მოდის ჩრდილოთ. ამ წყალზედ არს, წყაროსთავის ეკლესია, ფრიად დიდი, მშვენიერი, გუმბათიანი, რომელიც ააშენა მირდატ გორგასლის ძემან“ - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი წყაროსთავის ეკლესიას, რომელიც მდებარეობდა კარწახის ტბის მახლობლად.
შუა საუკუნეების ქართული ტაძარი, რომელიც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა, მოხსენიებულია მესხური დავითნის ქრონიკაში. მემატიანე ჯუანშერის ცნობით, რომელიც მე-11 საუკუნეში მოღვაწეობდა, პირველი ტაძარი მე-6 საუკუნის დასაწყისში ვახტანგ გორგასლის ძის მირდატის დროს აშენდა და არქიტექტურით ოპიზის ტაძარს წააგავდა.
მე-10 საუკუნეში გუმბათოვან ტაძრად გადაკეთდა და გუმბათის ყელი ორნამენტებით და ჯვრის გამოსახულებებით შეუმკიათ. აღმოსავლეთ ფასადს კი ამშვენებდა ფრესკა ღვთისმშობელი ყრმით.
წყაროსთავის საეპისკოპოსო ერთ-ერთი უძველესი იყო საქართველოში, მისი ეპარქია მოიცავდა ტერიტორიას არტაანიდან ყარსის მთამდე.
წყაროსთავი ძველი ქართული მწერლობის მნიშვნელოვანი კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი მწიგნობრები: მე-11 საუკუნეში ექვთიმე გრძელი, მე-13 საუკუნეში საბა მწერალი.
ცნობილია წყაროსთავიდან მოღწეული ძვირფასი ხელნაწერები: წყაროსთავის სახარება და მე-12 საუკუნეში შექმნილი წალკის ოთხთავი.
წყაროსთავის ეკლესია, სრულ განადგურებამდე, 1902 წელს აღწერა ექვითმე თაყაიშვილმა თურქეთში მოგზაურობის დროს. დღეს ამ უნიკალური ტაძრიდან მხოლოდ ქვებია შემორჩენილი, რომელიც სოფლის გარშემოა მიმოფანტული.