ია აბულაშვილი
17.11.2020

ნაბახტევის ეკლესია, რომელიც ხაშურში, სოფელ ნაბახტევში მდებარეობს, მე-15 საუკუნეში, ხეობის ფეოდალის ქუცნა ამირეჯიბის დაკვეთით ააგეს. ეკლესიის მოხატულობა, რომელიც 1412-1432 წლებშია შესრულებული, ქართული ხელოვნების უნიკალურ ნიმუშად ითვლება.

პირველი ექსპედიცია, რომელმაც ნაბახტევის მხატვრობა შეისწავლა, 1916 წელს ივანე ჯვახიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით შედგა. ექსპედიციაში შედიოდნენ ცნობილი მხატვრები - ლადო გუდიაშვილი, გიორგი ერისთავი, მოსე თოიძე, დიმიტრი შევარდნაძე, კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი.  

ექსპედიციის წევრებს ეკლესიის მოხატულობა ძლიერ დაზიანებული დახვდათ. ამიტომ, გადარჩენის მიზნით, მნიშვნელოვანი ფრესკები ჩამოხსნეს და მუზეუმში გადაიტანეს, მათ შორის „განკითხვის დღე“ და იოანე ნათლისმცემლის ფრესკა, რომელიც დღეს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული.

კონქში შემორჩენილია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობლის გამოსახულება, ორივე მხარეს წმინდანთა ფიგურებით; სატრიუმფო თაღში მღვდელმთავრები; დარბაზში და საკურთხეველში გამოსახულია „ფხიზელი თვალი“, „აბრაამის სტუმართმოყვარეობა“; მეორე რეესტრში სვიმონ მესტვირეს ფრესკა. 

ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესიის მშვენებაა ქტიტორთა პორტრეტები, მათ შორის მეფე ალექსანდრე დიდის ფრესკა, ტრადიციულ სამეფო ტანსაცმელში გამოწყობილი, რომელიც ანალოგია ბედიის მონასტერში დაცული ბაგრატ მესამის ფრესკის. ალექსნდრე დიდის პორტრეტს თან ახლავს ასომთავრული წარწერ „მეფეთ-მეფე ალექსანდრე“. 

ნაბახტევში ასევე დაცულია ქუცნა ამირეჯიბისა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×