ია აბულაშვილი
24.08.2020

იკორთის წმინდა მთავარნგელოზის ტაძარი ქართლში 1172 წელს ააგეს. ამის შესახებ გვამცნობს ტაძარზე შესრულებული წარწერა.  იკორის ტაძარს განსაკუთრებლი ადგილი უკავია ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში. მისი მოხატულობა, რომელიც მე-12-13 საუკუნეების მიჯანზე შეიქმნა, დღემდე ქართული ხელოვნების უნიკალურ ნიმუშად ითვლება. 

ტაძარი იმითაცა გამორჩეული, რომ აქ დაკრძალული არიან კახეთის ძლევამოსილი აჯანყების გმირები - მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად წოდებული ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები.

„არღარა სადა იხსენებოდა სახელი ქრისტესი თვინიერ მცირედ ოდენ“, - ამგვარი ჭირი და განსაცდელი დაატყდა აღმოსავლეთ საქართველოს მე-17 საუკუნეში. 

შაჰ-აბასმა კახეთი ააოხრა და ულუსების სამკვიდრებლად აქცია. სრულიად საქართველო ყოფნა-არყოფნის წინაშე დადგა. სწორედ ამ დროს მოავლინა ჩვენს სამშობლოს ყოვლისშემძლე და ყოვლადმოწყალე ღმერთმა მხსნელად „ბიძინა სანატრელი“, „ელიზბარ ახოვანი“, „შალვა ყოვლად ქებული“ - ასე მოიხსენებს ცნობილი ქართველი ჰაგეოგრაფი ნიკოლოზ ტფილელი კახეთის აჯანყების გმირებს და მოგვითხრობს, სპარსეთში მათი წამების შემზარავ ამბავს.

ბიძინა ჩოლოყაშვილმა ქსნის ერისთავებს - ბიძა-ძმისწულ ელიზბარსა და შალვას უსჯულო მტერზე გასამარჯვებლად ჯარის შეკრება სთხოვა. იკორთის ეკლესია მაშინ ქსნის ერისთავების რეზიდენციად ითვლებოდა. აღმოსავლეთ საქართველოს მთა და ბარი აქ ერთად შეიკრა. ელიზბარმა და შალვამ თიანეთიდან იხმეს თუშები, მთიულები და ასე „ჩავლეს ახმეტა“ პატიოსანი ჯვრის ძალით და წმინდა გიორგის წინამძღოლობით. ბიძინა ჩოლოყაშვილის მეთაურობით ამოხოცეს უსჯულოები, ერთი სპარსელის  ჭაჭანებაც აღარ იყო, ეს მოხდა 1660 წელს.

განრისხებულმა შაჰ-აბასმა, მეფე ვახტანგს, შაჰ- ნავაზად წოდებულს, კახეთის აჯანყების მოთავეების სპარსეთში გაგზავნა უბრძანა. სამივე გმირი, ბიძინა შალვა და ელიზბარი, თავისი ნებით ეახლნენ შაჰს, რათა მტრის რიხვა აეშორებინათ ხალხისგან.

შაჰმა სამივეს რჯულის შეცვლა უბრძანა და რაღას არ დაჰპირდა, მაგრამ ამაოდ, სასტიკი უარი მიიღო. მაშინ საქართველოში სირცხვილნაჭამმა შაჰ-აბასმა მათი სასტიკად დასჯა ბრძანა.

ბიძინა ჩოლოყაშვილს თვალწინ მოუკლეს ძმისწული, ახოვანი ვაჟკაცი; ტანმორჩილი სპარესელები ვერ შესწვდნენ და ფეხის წვივებში ჩასცეს ლახვარი. ჩოლოყაშვილს კი ჯერ ქალის ლეჩაქი დახურეს თავზე, ვირზე შესვეს და ისე ატარეს ქუჩა-ქუჩა, მაგრამ ვერ გატეხეს. 

„სათითაოდ ყველა თითები დააჭრეს, ამას შემდეგ ხელები და ფეხები მოჰკვეთეს, მარტო თავიღა შერჩა აჩეხილ კაცსა, მაგრამ გული მანც უძგერდა და ლოცვა არ შეუწყვეტია“, - წერს ნიკოლოზ ტფილელი.

ამის მნახველმა, გაოცებულმა ჯალათმა მაშინ კი ჰკრა მახვილი და გული განუგმირა კახეთის აჯანყების გმირს ბიძინა ჩოლოყაშვილს. სამივე იქაურმა ქრისტიანებმა მალულად დამარხეს. რამდენიმე წლის შემდგ, შალვას მეუღლემ დიდებულმა ქეთევანმა სანდო კაცები გააგზავან სპარსეთს მათი ნეშტის გადმოსასვენებლად. მათი სხეულები საფლავშიც სასწაულად შეერთებოდნენ ერთმანეთს და ასევე განუყოფლად დაკრძალეს კახეთის აჯანყების გმირები, იკორთის წმინდა მთავარანგელოზის ტაძარში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×