ია აბულაშვილი
20.08.2020

ქართველ წმინდანთა შორის, ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია ვახტანგ გორგასლის თანმოღვაწეს, გაქრისტიანებულ სპარსს, წმინდა რაჟდენ პირველმოწამეს, რომელიც ქრისტიანობისთვის ეწამა. 

რაჟდენი იყო აღმზრდელი ვახტანგ გორგასლის მეუღლის, ირანის შაჰის ასულის ბალენდუხტის. როცა მეფე ვახტანგმა ბალენდუხტი ცოლად შეირთო, რაჟდენი დედოფალს საქართველოში ჩამოჰყვა, ქრისტიანობა მიიღო და სამუდამოდ აქ დასახლდა. გორგასალმა მას "სოფელნი უბოძა და საკუთარ და თანამზრახველ თვისსა ყო იგი".

რაჟდენი, რომლიც გიორგასლის სარდალი იყო, ყველა ბრძოლაში თან ახლდა მეფეს. სპარსელებთან ერთ-ერთი ბრძოლის დროს ტყვედ ჩავარდა, ირანის შაჰმა მას სარწმუნოების შეცვლა უბრძანა და დიდ ქონებასაც დაჰპირდა, მაგრამ რაჟდენი არ დაუბრუნდა ცეცხლთაყვანისცემას.

მაშინ შაჰმა მისი სიკვდილით დასჯა ბრძანა. გორგასლისა და ქრისტიანობის ერთგული რაინდი სოფელ წრომში ძელზე გააკრეს და ისრები დაუშინეს. ეს იყო 457 წელს 3 აგვისტოს;

აღსასრულამდე დილეგში დატყვევებულ სასტიკად ნაწამებ რაჟდენს, მაცხოვარი არ ტოვებდა და ამხნევებდა. ჯვარზე გაკვრის ჟამს კი, ისევე როგორც მაცხოვრის ჯვარცმის დროს, შუადღისას წყვდიადი ჩამოწვა. ამოვარდა ქარი და გაფანტა ყველა იქ მყოფი. მცველებმა წმინდანის სხეული საჯიჯგნად მხეცებს მიუგდეს, მაგრამ იქარუმა ქრისტიანებმა ღამით მალულად მიწას მიაბარეს.

როცა საქართველოში მშვიდობა დამყარდა, ვახტანგ გორგასალმა წმინდა რაჟდენის ნეშტის მოძიება დაიწყო, მაგრამ ამაოდ, არავინ იცოდა სად იყო დამარხული. ერთ მღვდელს, ღამით წმინდანი თავად გამოეცხადა და უთხრა "

"ხუცეს აღდეგ, ნუღარ აყოვნებ, მეფეს სურს იხილოს ჩემი ნაწილები და შემეგებოს. აუწყე სად ასევენია და სადაც ენებოს იქ დაასვენოს". მღვდელი მყის ეწვია მეფეს და უამბო ეს ამბავი. ვახტანგ მეფემ ღმერთს მადლი შესწირა, ხალხი გააგზავნა სოფელ წრომს, მეფე და დიდებულები ცრემლით შეეგებნენ წმინდანის ნეშტს და ნიქოზის ეკლესიაში დაკრძალეს. წმინდა რაჟდენ პირველმოწამის წმინდა ნაწილები დღეს სიონის საკათედრო ტაძარშია დასვენებული. მისი მოწამებრივი ცხოვრების შესახებ კი პირველი თხზულება მე-12 საუკუნეში დაიწერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×