ია აბულაშვილი
19.08.2020

„ავლაბარში არს ეკლესია ზედა წმინდა მოწამეთა ირაკლი და დარიასათა, აშენებული ნებითა და წარსაგებულითა მეფის ირაკლის მეორის მეუღლის დედოფლისა დარიასითა წელსა 1789-სა, ვინადგან სახელებითა ამის იწოდებულნი თვთ აქ ხსენებულნი მეფე და დედოფალი, და ამას ეკლესიასა შინა ასვენიან მრავალნი წმინდათა ნაწილები და პინაკიტა იგი, რომელიცა დაიდგომოდა წინაშე უფლისა იესოსა, გარდმოტანილი ქვაბათხევის მონასტრით. ესე არს მონასტერი დიდებული" - ასე აღწერს ეგნატე იოსელიანი დარიის ეკლსიას თავის კატალოგში.

მეტეხის გორაზე, ჩიტის ბედესავით დაკიდებული თბილისის მშვენება დარეჯანის სასახლე და კარის ეკლესია მე-18 საუკუნის 70-იან წლებში ერეკლე მეორის მეუღლეს, დედოფალ დარეჯანს 1789 წელს აუგია ავლაბარში, ძველი ციხის ნანგრევებზე. სასახლეს „საჩინო" შეარქვეს, რადგან დედაქალაქის ყველა კუთხიდან კარგად სჩანდა, ეკლესიას კი „დარიის მონასტერი", აქ მთავრდებოდა თბილისის გალავანიც.

1795 წელს აღა-მაჰმად ხანმა თბილისის აღებისას დარეჯანის სასახლე და ეკლესია დაანგრია და გაძარცვა. სასახლე და ტაძარი მალევე აღდაგინეს, სადაც დაარსდა სამრევლო სასწავლებელი და სასულიერო პირთა შვილებისთვის წმინდა ანდრია პირველწოდებცლის სემინარია. „დარეჯანი, აქვე სცხოვრობდა შემდეგ ერეკლეს გარდაცვალებისა, 1803 წლამდის. ხოლო ამ წელიწადს იგი გადაასახლეს რუსეთს, სადაც აღსრულა 1807 წელს. სასხალე და ეკლესია იყიდა ექსარხოსმა თეოფილაქემ; 1824 წელს 29 ოქტომბერს იოანე მიტროპოლიტმა ტაძარი აკურთხა მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრად. უმთავრეს ტაძარში ჰმარხიან არქიმანდრიტი ევგენი, რექტორი სემინარიისა, გორის ეპისკოპოსი ნიკიფორე ჯორჯაძე, მთავარეპისკოპოსი დოსიოთოსი, რომელსაც 1815 წლიდან ებარა სამწყესო თელავისა და კავკასიისა" - ასეთ ცნობას გვაწვდის, ეკლესიის შემდგომ ბედზე ცნობილი ქართველი ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი.

ავლაბრის ფერისცვალების ეკლესიაში საუკუნების მანძილზე მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი სასულიერო პირები, მეოცე საუკუნის 10-იან წლებში წინამძღოლი იყო შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია; მონასტერში დაცული იყო წმინდანთა ნაწილები, მათ შორის წმინდა რაჟდენ პირველმოწამის ნაწილები, რომელიც დღეს სიონის ტაძარშია დაბრძანებული. ტაძარი მოხატული იყო უნიკალური ფრესკებით. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ფერისცვალების ეკლესიამ არსებობა შეწყვიტა, ბოლშევიკებმა აქ 26 კომისრის მუზეუმი გახსნეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×