სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარი ჩიტაია
    25.01.2014

    2013 წელს, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მინერალური წყლების ექსპორტი 71%-ით გაიზარდა. ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების უცხოეთში გატანა კი გაორმაგდა. ეს ყველაზე მაღალი შედეგია, რომელიც 2008 წლის შემდეგ ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტმა აჩვენა.

    მაკა ხარაზიშვილი
    25.01.2014

    2013 წელს ექსპორტის ზრდამ იმპორტს 21,6%-ით გადააჭარბა. ექსპორტის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებში. ევროპაში 2013 წელს 72%-ით მეტი პროდუქტი გავიდა, ვიდრე 2012 წელს. ზოგადად კი, შარშან საგარეო ვაჭრობამ 6%-ით მოიმატა. ექსპორტში ყველაზე დიდი წილი ავტომობილების რეექსპორტს უჭირავს. ამიტომაც ეს ზრდა ეკონომიკის განვითარებაზე მნიშვნელოვნად არ აისახება.

    ელზა წიკლაური
    25.01.2014

    შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი, სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი და უცხოელი ბიზნესმენები, მათ შორის, "ტატა ჯგუფის", "ბლექ სთოუნ ჯგუფის", "აგკოს" ხელმძღვანელები - ეს იმ ზოგიერთ პირთა ჩამონათვალია, რომელთაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში მიმდინარე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა. ღარიბაშვილი უცხოელ ბიზნესმენებს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე ესაუბრა, საერთაშორისო ორგანიზაციებს კი მათ მიერ განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.

    მარი ჩიტაია
    24.01.2014

    სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი ჩავარდა. ამინდის გამო გუდაურის სასტუმროებს მუშაობა 90%-ით შეუმცირდათ. ცოტათი უკეთესი მდგომარეობაა ბაკურიანში. კურორტზე თოვს, რის გამოც ადგილობრივმა სასტუმროებმა დამსვენებელი შეინარჩუნეს. განსაკუთრებული ხალხმრავლობა შაბათ-კვირაობითაა.

    მაკა ხარაზიშვილი
    24.01.2014

    2013 წელს კომერციული ბანკების მოგება თითქმის 200%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ბანკები მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას ისევ თავს არიდებენ. სპეციალისტების განცხადებით, საკრედიტო ბაზარზე სახაზინო ვალდებულებების სახით სერიოზული კონკურენტი გაჩნდა. შესაბამისად, ბანკებს ურჩევნიათ, ფული ურისკოდ დააბანდონ და გარანტირებული მოგება მიიღონ. წელს ფინანსთა სამინისტრო 1 მილიარდ ლარამდე სახაზინო ვალდებულებისა და ობლიგაციის ემისიას გეგმავს.

    მაკა ხარაზიშვილი
    23.01.2014

    2014 წელს საქართველოს მთავრობა 1,036 მლრდ ლარის საგარეო ვალს აიღებს. 2011 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას ასეთი დიდი საგარეო ვალი არ აუღია. მთლიანობაში, წელს ბიუჯეტში 1,636 მილიარდი ლარის ახალი ვალი გაიწერა. ამ დროს მხოლოდ 529 მლნ ლარის გასტუმრება ხდება. მთავრობა უზარმაზარ ვალს იმის იმედად იღებს, რომ მესამე ან მეოთხე წელს ეკონომიკა გაიზრდება და ვალების გასტუმრება პრობლემა აღარ იქნება.

    ელზა წიკლაური
    23.01.2014

    "საზოგადოებაში მრავალგზის გაჩენილ კითხვებზე რეაგირების მიზნით" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრების ხელზე ასაღები ხელფასი 1 300 ლარით შეამცირა. თუ აქამდე მინისტრის ყოველთვიური სარგო 6 300 ლარი იყო, ამის შემდეგ ისინი თვეში მხოლოდ 5 ათას ლარს აიღებენ. შემცირება დანამატის ხარჯზე მოხდა, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წლის იანვარში ყოფილი პრემიერის ბრძანებით გაიზარდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    22.01.2014

    საქართველოს მთავრობა სტრატეგიული ობიექტების ნუსხაზე იწყებს მუშაობას. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ ქვეყანას სტრატეგიული ობიექტები უნდა ჰქონდეს, თუმცა ასეთი ჩამონათვალი არასოდეს შემდგარა. პირიქით, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში "პრივატიზაციის შესახებ" კანონში ცვლილებები შევიდა და ყველა ობიექტი პრივატიზაციას დაექვემდებარა.

    მაკა ხარაზიშვილი
    22.01.2014

    შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა 2017 წელს განახლდება. მანამდე მთავრობამ ოპტიმალური გათვლა უნდა გააკეთოს, რათა ძალიან ძვირი არ დაუჯდეს რკინიგზის მშენებლობა-შენახვა. შემოვლითი რკინიგზა "საქართველოს რკინიგზის" ლონდონის ბირჟაზე გაყიდული ევრობონდებით ფინანსდებოდა.

    ელზა წიკლაური
    21.01.2014

    2013 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოში ტვირთბრუნვა 3,3%-ით შემცირდა. თუ 2012 წლის იანვარ-ნოემბერში სატრანსპორტო სფეროში გადაზიდული ტვირთის საერთო რაოდენობა 44,7 მლნ ტონა იყო, 2013 წლის 11 თვეში გადაზიდული ტვირთის საერთო მოცულობამ 43,2 მლნ ტონა შეადგინა. ტვირთბრუნვის შემცირებაში ყველაზე დიდი წილი კი (9,7%) "საქართველოს რკინიგზაზე" მოდის. ოფიციალური მონაცემებით, 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, რკინიგზამ თითქმის 1,8 მლნ ტონით ნაკლები ტვირთი გაატარა.

    ელზა წიკლაური
    21.01.2014

    2013 წელს ეკონომიკა მხოლოდ 3,1%-ით გაიზარდა და ამ მაჩვენებლის მიღწევაც 2012 წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში გაზრდილი ეკონომიკის შედეგად მოხდა. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ოქტომბერში ეკონომიკურმა ზრდამ - 4,1%, ნოემბერში - 8,1%, ხოლო დეკემბერში - 8,5% შეადგინა. რაც შეეხება 2014 წელს, მთავრობა 5%-იან ზრდას ელოდება, რასაც ჯერჯერობით ყველა რეალურად მიიჩნევს.

    მაკა ხარაზიშვილი
    21.01.2014

    ექსპერტები მთავრობას "სახელმწიფო საინვესტიციო საბჭოს" შექმნისკენ მოუწოდებენ. საბჭოს მიზანი, ინვესტორების პრობლემის სწრაფი მოგვარება უნდა იყოს. ძირითადად, საუბარია მსხვილ ინფრასტრუქუტრულ და ენერგეტიკულ პროექტებზე, რომლის დასაწყებად ინვესტორს ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო პრობლემები ექმნება. ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება განვიხილოთ "ხუდონჰესი", რომლის ასაშენებლად გარემოს დაცვის სამინისტრო ინვესტორს ნებართვას არ აძლევს იმ მოტივით, რომ ელექტროსადგურის ასაშენებლად მომზადებული გარემოს დაცვის შეფასების დოკუმენტი არასრულყოფილია.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved