ხელფასების სუბსიდირება გარკვეული ფენისთვის - ახალი ინიციატივის შეფასება
ირაკლი ლომიძე
22.06.2020

დასაქმების ხელშეწყობის მიზნით საზოგადოების გარკვეული ფენებისთვის ხელფასების სუბსიდიამ შეიძლება ბიზნესს თაღლითობისკენ უბიძგოს, რადგან ყალბი დასაქმების შემთხვევებს გაზრდის. გარანტია პროექტს არც მთავრობის მხრიდან აქვს, რადგან პროგრამის განსახორციელებლად ეყოფა თუ არა რესურსი ბიუჯეტს, რომელიც სუბსიდირებების პროგრამებში ისედაც ასობით მილიონ ლარს ხარჯავს, არავინ იცის. ერთი შეხედვით, ხელფასის 50%-ის სუბსიდირება კარგი ინიციატივაა, მაგრამ ამან შეიძლება დამატებითი პრობლემა შექმნას და სიტუაცია გაართულოს.

ახალი ინიციატივის მიხედვით, სქართველოს გადასახადის გადამხდელებს შესაძლოა, კერძო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების სუბსიდირება დაევალოთ. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი “ქართული ოცნების” წევრთა მიერ მომზადებულ კანონპროექტს მიიღებს, რომლის მიხედვით, ხელფასის სუბსიდირება შეეხებათ მხოლოდ კონკრეტული კატეგორიის მოქალაქეებს, მათ შორის შშმ პირებს, სოციალურად დაუცველებს და დევნილის სტატუსის მქონეებს. კომპანიები, რომლებიც ამ მოქალაქეებს შტატში აიყვანენ და დაასაქმებენ, მათი ხელფასის სარგოს 50%-ის სუბსიდიას მიიღებენ, რასაც დამატებით დასაქმებულს გადაუხდიან. 

სოციალურად მოწყვლადი ჯგუფისთვის დახმარების ასეთ ფორმას არ იწონებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი, რომლის შეფასებითაც, ბევრად უკეთესია, რომ დახმარება ფულადი სახით იქნას გაცემული, რაც კორუფციის რისკს შეამცირებს.

,,ცალსახაა, რომ განსაკუთრებით შშმ პირებს და დევნილებს მთავრობა იმდენად მცირედით ეხმარება, რომ კრიზისის პერიოდში აუცილებელი ხდება დამატებითი დახმარების გაწევა. სჯობდა, რომ პირდაპირ ფულადი დახმარება მიეცათ  ბიუჯეტიდან, დიდ თანხებზე არ გავიდოდნენ და თაღლითობის ფაქტებიც არ გვექნებოდა, რისი რისკიც უკვე არსებობს. 

ხელფასის სუბსიდიის საკითხმა შეიძლება პრობლემები წარმოშვას. მაგალითად, ის, რომ ბიზნესები მოერიდებიან ამ კატეგორიის თანამშრომლების აყვანას სამსახურში, თავიდანვე დაიჭერენ თადარიგს  და ეცდებიან, არ მიიღონ ან ხელფასის სუბსიდირების ნაცვლად, ამ პირებს გაუუარესონ პირობები, ეს ყველაფერი დასაშვებია. როცა ჩვენ ბიზნესს ვაკისრებთ ხარჯს, არ უნდა გვეგონოს, რომ ზუსტად გააკეთებენ ყველაფერს ისე, როგორც რეგულაციაში წერია. არა იმიტომ რომ ბიზნესი ცუდია, არამედ ადამიანი ასეა მოწყობილი. 

გაუგებარი კანონპროექტია, თან არ ვიცით, როდის შევა ძალაში,  ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება კონტროლის მექანიზმი, რაც ასევე ხარჯს მოითხოვს და ა.შ. ბევრად კარგი იქნებოდა, პირდაპირ ფულადი დახმარება მიეცათ ამ ხალხისთვის, თანაც სწრაფად. ეპიდემიის დაწყებიდან, თვეებია გასული და მხოლოდ ახლა დაიწყეს ფულის გაცემა, მათ შორის, შშმ პირებზე და დევნილებზე, გარკვეული რესურსის მობილიზება სწორედ ახლა არის საჭირო“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ხორგუაშვილმა და დასძინა, რომ ხელფასების სუბსიდირებისას დიდია კორუფციის რისკი, რის გამოც მთავრობის მიდგომა არასწორი და გაუაზრებელია.

,,ცდუნება ყოველთვის არის, რომ მოხდება ბიუჯეტის თანხის ჯიბეში ჩადება. წარმოქმნება დამატებითი ბიუროკრატიაც. სახელმწიფოს აქვს როგორც ფულადი, ისე არაფულადი დანახარჯი, ამიტომ აქ მომავალში რთულია განსაზღვრო. ერთია, რომ განარჩევენ მოქალაქეებს კატეგორიების მიხედვით,  მეორეც, არ ხდება პირდაპირი ფულადი დახმარება, რომელიც ბევრად გამჭვირვალეა და შუამავალს არ საჭიროებს. ფაქტობრივად, ახალი ბიუროკრატიაა, რომელიც არც ეკონომიკურ სიტიმულს იძლევა და როგორ დაეხმარება ხალხს, ესეც გაურკვეველია“, - აღნიშნა ხორგუაშვილმა.

კორუფციის საფრთხეზე აკეთებს აქცენტს ბიზნესის სფეროს ექსპერტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი, თუმცა საუბრობს იმაზეც, რომ მთავრობა ასეთი მიდგომით მოწყვლადი ჯგუფის ნაწილს დასაქმებაში ნამდვილად დაეხმარება.

,,სოციალური ფენა საქართველოში ძალიან მრავალრიცხოვანია. ამდენმა კონფლიქტმა და დაპირისპირებამ არაერთი სოციალურად მოწყვლადი ჯგუფი გააჩინა, რასაც უმუშევრობის კატეგორიაც დაემატა და სოციალური პაკეტი ღირებულებით თუ არა, სოციალური ფენების მიმართულებით, საკმაოდ მოცვადი გახადა.  გასათვალიწინებელია ასევე ერთჯერადი დახმარებები, რასაც მოალაქეები მათივე განცხადებების საფუძველზე მერიებისა და სხვადასვა მუნიციპალური სტრუქტურებისგან 

ნებისმიერ შემთხვევაში, როცა სოციალურ ფენას უკავშირდება საკითხი, მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ყოველთვის შეიცავს კორუფციის ნიშნებს და ეს რისკი მუდმივად იქნება. ცხადია, არც ამ ეტაპზე ვართ დაზღვეული. ასეთი ტიპის შემთხვევები რომ გამოვავლინოთ, სწორედ ამისთვის არის საჭირო კონტროლის გაძლიერება. თუმცა, იმის თქმა, რომ კორუფციის შიშით  ჩვენ სოციალური პროექტი არ უნდა განვახორციელოთ, არ შეიძლება. რაც არ უნდა იყოს, კორუფციასთან ბრძოლის დიდი რესურსი აქვს ქვეყანას და ნებისმიერი ასეთი ფაქტი გამოსავლენია, რათა რეაგირების გარეშე არ დარჩეს“, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" აკაკი ჩარგეიშვილმა.

როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, შრომითი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს სუბსიდირებას, უნდა დაიდოს არანაკლებ 9 თვის ვადით, ხოლო დასაქმებულს სუბსიდია მიეცემა არაუმეტეს 3 თვისა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×