"სხვადასხვა ეკონომიკური დარგების გახსნა, რაც თავისთავად იწვევს ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნის მატებას"
რეზონანსი
22.06.2020

ნავთობპროდუქტების ბაზარს გამოცოცხლება დაეტყო. როგორც ფასის, ასევე მოხმარების მხრივ მდგომარეობა ბოლო პერიოდში მეტ-ნაკლებად გამოსწორდა. შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის გავლენა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ნავთობპროდუქტების ბაზრისთვის იყო.  მასშტაბური გაიაფებისა და რეალიზაციის კლების შემდეგ, როგორც კი ეპიდემიური სიტუაცია გამოსწორდა, ნავთობპროდუქტების ბაზარზე ტენდენცია შეიცვალა. რიგი ქვეყნების მხრიდან კარანტინის მოხსნა და ეპიდემიის გამო გაჩერებული ეკონომიკის გახსნა-ამუშავება ნავთობოპროდუქტების ბაზრისთვის გამოსავალი აღმოჩნდა და ბიზნესი თანდათან ჩვეულ ტემპს უბრუნდება.

უფრო ვრცლად, როგორ აისახა პანდემია ნავთობპროდუქტების ბაზარზე, რა ცვლილებებები განიცადა და მან და როგორია მიმდიანრე ტენდენციები - ,,ბიზნეს-რეზონანსს“ საკუთარ მოსაზრებას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,მიმდინარე წელს კოვიდ-19-ის პანდემიამ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ნავთობის ფასთან დაკავშირებით. კერძოდ, თუ მარტის თვის დასაწყისში ლონდონის  სანავთობო ბირჟაზე ნავთობის ფასი შეადგენდა 51,9 დოლარს/ბარელზე, პანდემიის  გააქტიურების დაწყებისთანავე  მან კლება დაიწყო და მარტის თვის ბოლოს შეადგენდა უკვე 22,74 დოლარს/ბარელზე. მაისის თვის შუა რიცხვებამდე ნავთობის ფასი დაბალ ნიშნულზე იდგა და უკვე ამის შემდეგ დაიწყო მატება. დღეისათვის (22.06.2020წ.) ნავთობის ფასი შეადგენს 42.19  დოლარს/ბარელზე.

ბოლო პერიოდში ნავთობის ფასის ზრდა უკავშირდება მსოფლიო ეკონომიკის აღდგენის პროცესის დაწყებას, როდესაც მიმდინარეობს ქვეყნების მიერ საყოველთაო კარანტინის მოხსნა, სხვადასხვა ეკონომიკური დარგების გახსნა, რაც თავისთავად იწვევს ნავთობზე მოთხოვნის მატებას. თუმცა ასევე საყურადღებოა კორონავირუსთან დაკავშირებული სიახლეები, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს ნავთობის მოხმარებაზე. კერძოდ, კვირას გავრცელდა განცხადება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, რომლის თანახმადაც,  მიმდინარე ეტაპზე მსოფლიოში კორონავირუსის დაავადების რეკორდულად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. მათ შორის ინფიცირების  ყველაზე დიდი ზრდა აღინიშნება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში.

ასევე  მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს 16 ივნისს გამართულ „ოპეკი პლუსის" მინისტრთა საკომიტეტო სხდომაზე, რომლის თანახმადაც ნავთობის მოპოვების შემცირების უპრეცედენტო შეთანხმება კიდევ 1 თვით გაგრძელდა  (9,7 მლნ ბარელი/დღე-ღამეში). თუმცა აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ „ოპეკი პლუსის" წევრმა ქვეყნებმა მაისის თვეში ნავთობის მოპოვების შემცირების გეგმა 89%-ით შეასრულეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ბაზრიდან ამოიღეს ყოველდღიურად 8,6 მლნ ბარელი ნავთობი, ნაცვლად დაგეგმილი 9,7 მლნ ბარელისა დღე/ღამეში. აქვე აღინიშნოს, რომ გეგმის მიხედვით შეამცირეს ნავთობის მოპოვება საუდის არაბეთმა, რუსეთმა და ალჟირმა, ხოლო გეგმას ჩამორჩა ერაყი, ყაზახეთი და ნიგერია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობის მწარმოებელი და მომხმარებელი აშშ ასევე ამცირებს  ნავთობის მოპოვებას. მაგალითისათვის, მოქმედი  ნავთობის  ჭაბურღილების რაოდენობა 465 ერთეულით, ანუ 72.6%-ით შეამცირა“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა. 

ბოლო პერიოდში ნავთობზე ფასების ზრდამ, თავის მხრივ გამოიწვია  "პლატცის" მიხედვით ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების მნიშვნელოვანი  მატება. დღეისათვის ბენზინის ფასი შეადგენს 392,50 დოლარს/ტონაზე, ხოლო დიზელის  ფასი 362,25 დოლარს/ტონაზე. რის შედეგადაც  არაბრენდირებულ  გასამართ საწვავი გაძვირდა, საშუალოდ, 5-10 თეთრით ერთ ლიტრზე. 

რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, ბოლო 3 თვის განმავლობაში, მოხდა საწვავის ფასის შემცირება, ეტაპობრივად საშუალოდ 70-80 თეთრით ლიტრზე და დღეისათვის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: "რეგულარის" ტიპის ბენზინზე - 1,74-1,89 ლარი ერთ ლიტრზე, "პრემიუმის" ტიპის ბენზინზე - 1,85-1,99 ლარი, ევროდიზელის საწვავი - 1,86-1,99 ლარი, დიზელის საწვავი - 1,79-1,92 ლარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
tatoo   (22.06.2020)
ანუ ველოდოთ ფასების ზრდასს...


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×