ვატო სურგულაძე: ისედაც 25-30%-ით არის შემცირებული კლინიკების უმეტესობაში ხელფასები
თამარ მუკბანიანი
17.06.2020

მსოფლიოს ყველა პრობლემა, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, მედიცინის საფარქვეშ მოექცა და ამ ჭრილში განიხილება. ამ ფონზე, უფრო მწვავედ გამოჩნდა ყველა ის სისუსტე და ძლიერი მხარე, რომლებიც ჯანდაცვის სისტემებშია. საქართველოში კიდევ უფრო გაიზარდა მედიკამენტების ფასი, მეტად გამწვავდა პირველადი ჯანდაცვის მომსახურების საკითხები, კლინიკების უმეტესობაში ხელფასი 25-30%-ით შემცირდა.

ყველაზე მეტად ეპიდემიის პირობებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრობლემა დადგა, რადგან იმ პაციენტებთან, რომელთაც ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები არ მიდიოდნენ. მათ ოჯახის ექიმისათვის უნდა მიემართათ, თუმცა ანამნეზის (შეკრებილი ცნობები ავადმყოფობის შესახებ) გარკვევამდე პაციენტები მომსახურებით ვერ სარგებლობდნენ და უგვიანდებოდათ სერვისის მიღება. 

პანდემიის დაწყებამდე სამედიცინო სექტორისა და კლინიკებისათვის ყველაზე დიდი პრობლემა 520-ე დადგენილება იყო. კლინიკებმა პრემიერსა და სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებს რეფორმის შეჩერების თხოვნით 15 ნოემბერს მიმართეს. სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა 21 ნოემბრიდან ამოქმედდა და მას შემდეგ ეს თემა მუდმივად აქტუალური იყო. კლინიკების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სამინისტროს მიერ დაწესებული ტარიფები ჩამოუვარდებოდა მომსახურების ღირებულებას, არ ითვალისწინებდა ვალუტის კურსის ცვლილებასა და აპარატურის ხარჯებს.

სექტორი ითხოვდა 520-ე დადგენილების, მინიმუმ, ნახევარი წლით გადავადებას და ისეთი ტარიფების დამტკიცებას, რომლებიც რეალურად ასახავს დღევანდელ ეკონომიკურ პარამეტრებს. მედიკოსები  ირწმუნებიან, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია. ასევე არაა გათვალისწინებული არც ლარის გაუფასურების ფაქტორი და არც ის, რომ, 2013 წელთან შედარებით, გაზრდილია კომუნალური ტარიფები.

ჩამოთვლილი მიზეზების გათვალისწინებით, კლინიკების მფლობელები და დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ  ტარიფების გათანაბრებას მოჰყვება პაციენტებზე სამედიცინო მომსახურების ხარისხის  გაუარესება, მათი უფლებების დარღვევა და ეს ყველაფერი გამოიწვევს მთლიანად დარგის საქმიანობის შეფერხებას.

თუმცა ეს პრობლემაც კორონავირუსმა გადაფარა, სანაცვლოდ კი მრავალი ხარვეზი გამოაჩინა. სამედიცინო დარგის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე “რეზონანსთან“ აღნიშნავს, რომ მწვავე პრობლემები, რომლებიც კორონავირუსს დახვდა, კიდევ მეტად გამოიკვეთა პანდემიის პირობებში და ნათლად გამოაშკარავდა ჯანდაცვის სფეროს სისუსტეები. 

“პანდემიამდე ჯანდაცვაში უამრავი პრობლემა იყო, რომლებიც უფრო და უფრო მეტად მწვავდებოდა, დაწყებული ხარისხით, ანაზღაურებითა და მედიკამენტების ფასით დასრულებული. ეს პრობლემები არსად წასულა, პირიქით, პანდმიამ უფრო მეტად გამოკვეთა, უბრალოდ, ჩვენ მეტად გადავერთეთ მხოლოდ კორონავირუსის გარშემო. 

ასეთი გახლდათ თუნდაც 520-ე დადგენილება, რომელიც ყოველგვარ აზრსა და ანალიზს მოკლებული იყო თავიდანვე და ყველა ერთხმად ვურჩევდით სამინისტროს, რომ  გადადებულიყო და შეცვლილიყო. ყველაზე ცუდ შედეგებს ახლა მივიღებთ და ამით დაზარალდებიან ისევ სამედიცინო დაწესებულებები. ამ სამი თვის განმავლობაში, გეგმური ოპერაციები იყო გადადებული და მომსახურების დიდი ნაწილიც. ახლა, როცა დაიწყება მიღება, დაწესებულებებს დაგვიანებით ჩაერიცხებათ უკვე შემცირებული თანხები. მაგალითად, 2019 წელი თითქმის 300 მლნ ვალით დაასრულა ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების მიმართ. 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ტარიფები შემცირდება, მომსახურება შეიზღუდება და შედეგად, ფინანსური პრობლემა კიდევ მეტად გაძლიერდება. 

სერიოზული პრობლემაა პირველადი ჯანდაცვა, რომელიც უფრო და უფრო პრობლემური ხდება. ამის შედეგი იყო, რომ ბინაზე ვერ ვმკურნალობდით პაციენტებს და თუ ჩვენ გვეყოლებოდა ბევრი ინფიცირებული, წარმოუდგენელია, რა უნდა გვექნა.  

2016 წლიდან დამძიმებულია სიტუაცია წამლების ფასსა და ხარისხთან მიმართებით და ეს პრობლემები უფრო და უფრო მწვავდება. ნეგატიური ვითარება, რომელიც პანდემიას დახვდა, კიდევ უფრო დამძიმდება", - აღიშნა "რეზონანსთან" ჩიხლაძემ. 

კლინიკების უმრავლესობაში 25-30%-ით შემცირდა სახელფასო ანაზღაურება. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტის, ვატო სურგულაძის ინფორმაციით,  პანდემიურ პერიოდს სამედიცინო სექტორი კრიზისში შეხვდა. ექიმებს ქება კი არა, რეალური დახმარება სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან. 

,,მოხდა ისე, რომ ყველაფერი გადაერთო პანდემიასთან ბრძოლისკენ და ისინი, ვინც არ იყვნენ ინფექციასთან ბრძოლაში ჩართული, პრაქტიკულად, გაჩერდნენ, საუბარია როგორც ამბულატორიულ ისე ოპერაციული ჩარევებზე. ამიტომ კლინიკები სექტემბერსა და ოქტომბერში მიიღებენ ორჯერ ან სამჯერ შემცირებულ თანხებს. აი, მაშინ დაიწყება ნამდვილი პრობლემები ამ დარგში. ისედაც 25-30%-ით არის შემცირებული კლინიკების უმეტესობაში ხელფასები“, - განუცხადა ვატო სრუგულაძემ “რეზონანსს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×