ნიკა შენგელია: ივლისში ველოდებით მერყეობას 2.95-3.07-ის ფარგლებში
გვანცა წულაია
17.06.2020

ეროვნული ვალუტის გამყარება ისევ დროებითი აღმოჩნდა და ლარმა გაუფასურება განაგრძო. დადებითი ნაბიჯების შემდეგ, ქართული ვალუტა უარყოფით ფაზაში გადადის. ლარს ახლა ყველაზე მეტად უჭირს. ექსპერტები იმაზე ცუდ ვითარებას პროგნოზირებენ, ვიდრე ახლაა ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით. 

ლარის პოზიტური ნიშნულის შემდეგ იყო მოლიდინი, რომ ეროვნული ვალუტა 3.0-ს ჩამოცდებოდა და კარგა ხანს შენარჩუნდებოდა, თუმცა ესეც არ გამართლდა. დღეს 1 დოლარის ყიდვა 3.06 ლარად შეგიძლიათ, ევროსი კი - 3.14-ად. 

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია აცხადებს, რომ ის ლარის გამყარებას თავის დროზეც არ ელოდებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ეკონომიკაში არასახარბიელო ვითარებაა, ფინანსისტი პოზიტიურ პროგნოზებს ვერ აკეთებს.

“მაისის პერიოდში გვქონდა ვარაუდი, რომ კურსი 3.0-3.15-ის ფარგლებში იქნებოდა. შემდეგ ჩვენ გავაკეთეთ ახალი პროგნოზი ივნისისთვის, რომ ლარის მერყეობა იქნებოდა 2.95-3.05-ის ფარგლებში. ჯერჯერობით, ამ ზედა ზღვართან არის. ჩვენ ლარის საფუძვლიან გამყარებას არც მაშინ ველოდებოდით და არ დაგვიფიქსირებია, განსხვავებით სხვა ექსპერტებისგან. 

მოგეხსენებათ, ზოგადად რა ვითარებაა ქვეყნის ეკონომიკაში, თუნდაც ტურისტულ სიტუაციასთან დაკავშირებით. შარშანდელ და წლევანდელ ამ დროის მონაცემებს თუ შევადარებთ, დაახლოებით 95%-ითაა შემცირებული ტურისტების მიერ დახარჯული თანხების ოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ მაისის ბოლოს გაიზარდა ემიგრანტების მიერ საქართველოში გადმორიცხული ფულადი ნაკადი, სამწუხაროდ, ლარს ეს ვერ უშველის, რადგან ეკონომიკა არის ძალიან ჩავარდნილი. 

ჩვენ 2020 წლის განვალობაში ეკონომიკის გამოსწორებას არ ველოდებით. გვაქვს პროგნოზი, რომ ეკონომიკა შემცირდება დაახლოებით 7%-ის ფარგლებში. გამომდინარე აქედან, გვაქვს ძალიან ცუდი პროგნოზი სექტემბრის ბოლოდან ლარის კურსთან მიმართებით, როდესაც უკვე იმპორტზე მოთხოვნა გაიზრდება. ივლისში ველოდებით იმავე მერყეობას – 2.95-3.07-ის ფარგლებში. თუ რა მოხდება აგვისტოში, ამას უკვე 10 ივლისისთვის განვსაზღვრავთ. 

ლარის კურსზე მოქმედი დადებითი ფაქტორებიდან ერთ-ერთი არის ბიუჯეტის შევსება, მეორე - ინვესტიციების შემოდინება, მესამე - ექსპორტი და ჩვენ არც ერთი მიმართულებით წინსვლა არ გვქონია. მთავარი ასევე არის უმუშევრობის შემცირება და ოთხივე ფაქტორთან გვაქვს ჩავარდნა, ამიტომ კორონავირუსის გამკლავება და სამედიცინო სფეროს წარმატება ლარის კურსთან ვერ იქნებოდა პირდაპირ კავშირში, ირიბად – კი”, - განუცხადა “რეზონანსს” ნიკა შენგელიამ. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლარი რეგიონში ყველაზე მერყევი ვალუტაა მაშინ, როდესაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში კურსი სტაბილურობას ინარჩეუნებს. ეკონომიკის დოქტორ მიხეილ თოქმაზიშვილის განცახდებით, ეროვნულ ვალუტას რყევა ხშირად ახასიათებს და პროგნოზი საკმაოდ რთული საკითხია. 

“საერთოდ, ლარის პროგნოზირება ძალიან რთულია. მას ხშირი რყევები ახასიათებს და პერიოდულად, როდესაც პოზოტიური სიგნალი მოდის ხოლმე, ლარი უკან იხევს და შემდგომ, როდესაც ისევ იწყება აქტივობა ფუნდამენტური ფაქტორების შედეგად (ვთქვათ იმპორტის ზრდა), ეს უკვე განაპირობებს ხოლმე ლარის კურსის გაუფასურებას.

ამგვარი გარემოება არა მარტო ეკონომკური ფაქტორებით არის განპირობებული, არამედ - სხვა მიზეზითაც, მაგალითად, გაურკვევლობასთან, რომელიც დღეს არსებობს როგორც ეკონომიკაში, ისე ზოგადად – ცხოვრებაში. ეროვნული ვალუტა სენსიტიურია და,აქედან გამომდინარე, დროდადრო რყევებს ექნება ადგილი. 

ჩვენ შესაძლოა, უფრო იოლად გამოვედით ეპიდსიტუაციიდან, მაგრამ ეს პროცესი გრძელდება და სხვა ქვეყნები უფრო ღრმა კრიზისში აღმოჩნდნენ. 

მიუხედავად ამ გარემოებისა, აქ კიდევ არის თავისებური ნდობა ხელისუფლებისადმი. როდესაც შემორჩენილია რწმენა იმისა, რომ მთავრობა მოსახლეობას გადაალახვინებს რთულ ვითარებას, მაშინ კიდევ არა უშავს ვითარებას. ასეთი დამოკიდებულების შედეგად იზრდება ნდობა ეროვნული ვალუტისადმიც. ამის კარგი კატალიზატორი არის სწორედ ეროვნული ვალუტა, როდესაც ადამიანი გაურკვეველ მდგომარეობაშია, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ხელისუფლებისადმი ნდობა არ აქვს”, - განაცხადა მიხელ თოქმაზიშვილმა “რეზონანსთან”. 

გუშინ, დღის მეორე ნახევარში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა. შესაბამისად, ლარი ცოტათი გამყარდა, თუმცა, ისევე როგორც წინა ინტერვენციის შემდეგ, ახლაც კურსის მნიშვნელოვან ცვლილებას ადგილი არ ჰქონია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×