"პანდემიის გამო ფასის კლების რამე სტიმული თუკი არსებობდა, ამ ინიციატივამ, პირიქით, ეს ბოლომდე გააქარწყლა"
ნინა გარდაფხაძე
16.06.2020

მთავრობამ იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მომხმარებლები, წახალისების ნაცვლად, დააზარალა. ამას ბაზარზე ფართებზე მომატებული ფასი მოწმობს. მეორე მხრივ, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ინიციატივის დროში გაწელვის გამო, გაყიდვები შემცირებულია.

საქართველოს მთავრობა იპოთეკური სესხის 4%-ს ასუბსიდირებს. იგი შეეხება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე გაფორმდება. როგორც პრემიერმა განაცხადა, ამით მთავრობა უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.

როგორც ცნობილი გახდა, სუბსიდია შეეხება მათ, ვინც 2020 წლის 1-ლი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს;

სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება იქნება 4%;

სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომლებიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას; სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში;

სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს (განაახლებს თუ ასცდა);

სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად, სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა თუ სესხი აიღო და შემდეგ ამ სესხს ვერ იხდის, მთავრობა ბანკს გადაუხდის გადაუხდელი სესხის 20%-ს.

ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა სულ ამ მიზნით გამოყოფს 434 მილიონ ლარს (135 მილიონი აშშ დოლარი).

უძრავი ქონების ბაზრის მონაწილეები ამბობენ, რომ ინიციატივამ გაყიდვების პროცესი შეანელა და მომხმარებელი მოლოდინის რეჟიმში გადაიყვანა. პარალელურად, მომხმარებლები ბინების გაძვირებაზე საუბრობენ.

სამართლის დოქტორი, სამშენებლო სამართლის ექსპერტი უჩა ზაქაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ სუბსიდირება ცალსახად იყო არასწორი ნაბიჯი, რამაც სამშენებლო სექტორს ფასის კლების ყველანაირი მოტივაცია გაუქრო.

,,ასეთი წახალისებები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება პოზიტიური. გასაგებია, რომ ეს კარგია სამშენებლო სექტორისათვის, მაგრამ ამ კონკრეტული ინიციატივის შინაარსი გაუგებარია, რადგან ჩვენი გადახდილი ფულით ფინანსდება გარკვეული ჯგუფის სესხები, რაც ძალიან შორსაა სამართლიანობისგან.

მეორე მხრივ, საჭირო თუ არასაჭირო დადებითი თუ გაუგებარი რეგულაციების გამო სამშენებლო სექტორის ფუნქციობა გაძვირდა და პანდემიის გამო ფასის კლების რამე სტიმული თუკი არსებობდა, ამ ინიციატივამ, პირიქით, ეს ბოლომდე გააქარწყლა. მეტიც, უახლოეს პერიოდში ეს გახდება ფასის მატების სტიმული და მომხმარებელი საერთოდ ვერ იგრძნობს სუბსიდირებულ 4%-ს" - განუცხადა სპეციალისტმა ,,რეზონანსს".

ბიზნეს საქმიანობაში უხეშ ჩარევას არ ეთანხმება არც ,,საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე. მისი აზრით, ეს პროცესი ხელოვნურად შეინარჩუნებს მაღალ ფასს ბინებზე.

,,ზოგადად, ფასწარმოქმნაში ჩარევა არ მომწონს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მოთხოვნა ყველაფერზეა შემცირებული, მათ შორის, უძრავ ქონებაზე, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. შესაბამისად, პოსტპანდემიურ პერიოდში უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ვარდნა მოსალოდნელი იყო, მაგრამ გიორგი გახარიას ზემოხსენებული გადაწყვეტილებით, ეს პროცესი ხელოვნურად გავწელეთ, ანუ უძრავ ქონებაზე მაღალ ფასებს ხელოვნურად ვინარჩუნებთ. ერთადერთი სარგებელი, რაც შეიძლება აქედან მივიღოთ, ისაა, რომ სამშენებლო სექტორი გაყიდის ამ უძრავ ქონებას, კომპანიაში დასაქმებული ადამიანები არ დარჩებიან უმუშევრად და ამის შემდეგ, სამშენებლო სექტორი ხელს ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს.

აქედან გამომდინარე, ვისურვებდი, რომ სახელმწიფო ცოტა უფრო სხვა ფორმით დახმარებოდა სამშენებლო სექტორს და არა ასე - გადასახადების გადამხდელების ხარჯზე, თან ასე უსამართლოდ, როდესაც თქვენ და მე უსამართლობის განცდა გვიჩნდება, რადგან ვიღაცის იპოთეკური სესხის გადასახადს ვიხდით", - თქვა "რეზონანსთან" კეპულაძემ.

გარდა მომხმარებლის პრობლმებისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2020-ის

ანტიკრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების გაჭიანურებამ პრობლემა სამშენებლო სექტორს შეუქმნა, რადგან მომხმარებლები ელოდებიან, როდის მოხდება 4%-ის სუბსიდირების ამოქმედება.

,,ვინაიდან მთავრობის მიერ ინიცირებული იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა გაიწელა, ბევრმა მსურველმა თავი შეიკავა ბინის შეძენისგან", - აღნიშნა სამშენებლო კომპანია „რედკოს" დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა.

ჯერჯერობით, უძრავი ქონების ბაზარზე გაურკვეველი ვითარებაა, რაც როგორც მყიდველებს, ასევე მფლობელებს უარყოფით მოლოდინს უქმნის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ლალი   (17.06.2020)
პროცენტები დაწიეთ და სანშენებლი სექტორმა ცოტა ფასს დაუწიიოს თორემ შეგრჩებათ ხელში ახალ აშენებული ბინები და შესცქირეთ მერე პირდაღებულებმა

რატომ?   (17.06.2020)
მავნებლები!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×