"მესმის მათი, ვინც აგრესიას გამოხატავს, როცა ვამბობთ, რომ პირველივე რეისით მივბრუნდებით უკან..."
ნინა გარდაფხაძე
01.06.2020

ემიგრანტების ნაწილი, რომელიც პანდემიის გამო საქართველოში დაბრუნდა, ახლა ავიამიმოსვლის აღდგენას ითხოვს და რეისების დანიშვნისთანავე სასწრაფოდ ევროპაში წასვლას გეგმავს. მიზეზი, რასაკვირველია , საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობაა. ემიგრანტების პრობლემები კი საქართველოს ეკონომიკაზე ასე აისახა: 2020 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 42,3%-ით შემცირდა და დაახლოებით 79,1 მლნ დოლარი შეადგინა.

11 ათასამდე ადამიანი, რომელიც საქართველოში პანდემიის დროს ემიგრაციიდან დაბრუნებას ითხოვდა და საბოლოოდ ქვეყნაში ჩამოსვლა, მთავრობის მიერ დანიშნული სპეცრეისებით შეძლეს, ახლა ავიამიმოსვლის დროულ აღდგენას და უკან ევროპაში გამგზავრებას ითხოვენ. მათი აქტიურობა განსაკუთრებით სოციალურ ქსელში და მოგზაურთა ჯგუფებშია შესამჩნევი. ბუნებრივია, დაბრუნების სურვილი საქართველოში არსებული მძიმე ეკონომიკური პირობებითაა განპირობებული, თუმცა მოსახლოებაში აგრესიას იწვევს ფაქტი, რომ პანდემიის დროს შეშინებული და ხვეწნა-მუდარით უკან დაბრუნებულები, ახლა წარშეუხრელად ავიარეისების აღდგენის მოთხოვნას აყენებენ, რათა ევროპაში საბრუნდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი ჩამოყვანა, საკარანტინო სივრცით უზრუნველყოფა და ზოგ შემთხვევაში მკურნალობა საქართველოს ბიუჯეტს სოლიდური თანხა დაუჯდა. 

მეორე მხრივ კი, ემიგრანტები, მძიმე შრომის ფასად გადმორიცხულ თანხებს საქართველოში გზავდნიდნენ. ამით საკუთარი ოჯახების რჩენის გარდა, საქართველოს ეკონომიკას და ლარსაც ამყარებდნენ. ახლა უცხოეთიდან უფრო ნაკლები ვალუტა შემოდინს და ეს უარყოფითად მოქმედებს როგორც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე, ასევე ლარის სტაბილურობაზე.

ემიგრანტი რომელიც მარტის ბოლოს ქვეყანაში დაბრუნდა და ახლა ისევ იტალიაში წასვლა სსურს, ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ იმ პრობლემებზე საუბრობს რამაც ამ ნაბიჯის აუცილებლობა დაანახა:

,,როგორც კი იტალიაში უმართავი პროცესი დაიწყო და ეპიდემიამ იფეთქა, უკვე მტკიცედ გადავწყვიტე, რომ საქართველოში უნდა დავბრუნებულვიყავი. სინამდვილეში, ამ დროს იმის გარანტიაც კი არავის გვქონდა, რომ ვირუსი საქართველოსაც არ მოედებოდა, მაგრამ ვიფიქრე, ისევ ჩემიანებთან მირჩევნია-თქო. თან, როცა იმას ხედავ, რაც მე იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში ვნახე, უფრო მძაფრად აღიქვამ ყველაფერს და იმაზეც კი ვფიქრობდი, იქნებ ნიშანია, რომ საქართველოში დავბრუნდეთ-მეთქი.

13 წლის წინ საქართველოდან იმიტომ წავედი, რომ ბანკს სახლი არ გაეყიდა და მაშინ, ვამბობდი, როგორც კი ბინას გამოვიხსნი, მაშინვე დავბრუნდები-თქო. მერე როგორც ხდება, ბავშების სტუდენტობის დაფინანსება დამჭირდა, ოჯახის რჩენა და ა.შ. ახლა რომ მოვფრინავდი, ვფიქრობდი, რომ საბოლოოდ დავრჩენილიყავი სამშობლოში, მაგრამ...

პანდემიის გამო ჩემი 1 შვილი უმუშევრად დარჩა. ქმარი და უმცროსი შვილი ისედაც არ მუშაობენ და სახლში ხანშიშესული დედამთილიც მყავს. როგორ უნდა დავრჩე და რა გავაკეთო არც კი ვიცი. ჩემი ბიჭი სამსახურს იპოვნის, მაგრამ იმას ხომ არ ჩამოვეკიდებით? თან საბუთი მაქვს და მაინც უნდა გავფრინდე როგორც კი მიმოსვლა აღდგება. 

მერწმუნეთ, ძალიან რთულია. ისიც არ ვიცით რა იქნება შემოდგომაზე და იმისაც გვეშინია, თავიდან არ დაიწყოს ის უბედურება, რაც გამოვიარეთ, მაგრამ სანამ ბინას არ ვიყიდი, რომელსაც გავაქირავებ და სტაბილური შემოსავალი მექნება, ვერ დავბრუნდები ვერანაირად“, - განუცხადა მარიამ ს-მ  ,,ბიზნეს-რეზონსნსს". 

ემიგრანტების ისტორია, რომლებიც ახლა უკან დაბრუნებას ცდილობენ, თითქმის იდენტურია, მხოლოდ ქვეყნები განსხვავდება, სადაც ხელახლა გამგზავრება სურთ. გიორგი ბეროშვილი, ჩვენი რესპონდენტი იყო პანდემიის დასაწყისშიც, როცა ესპანეთიდან საქართველოში დაბრუდნება სურდა. მაშინ მიზეზი იქ არსებული მძიმე ეპიდსიტუაცია და მისი ქრონიკული დაავადების გამო გამძაფრებული შიში იყო. ახლა კი ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახის შიმშილისაგან გადასარჩენად, უკან ბარსელონაში უნდა დაბრუნდეს. 

,,როცა იტალიაში ეპიდაფეთქება მოხდა, მადრიდში ჯერ კიდევ მშვიდად ვიყავით და საფრთხეს ვერ ვგრძნობდით. ალბათ გემახსოვრებათ, მაშინ თქვენთან კომენტარის დროს, რა უცებ შეიცვალა სიტუაცია იმაზე ვყვებოდი. ბოლოს, აღარც ვდარდობდი,რომ მოვკვდებოდი და საქართველოში რომ ვერ გადამასვენებდნენ, იმის მეშინოდა. ძალიან ბევრს სიცხე ჰქნდა, ცუდად იყვნენ, მაგრამ საავადმყოფოში არ აწვედნენ, ყურადღებას თითქმის არ აქცევდნენ და ამან გადამაწყვეტინა სამშობლოში გამოფრენა. საქართველოში მართლაც სულ სხვანაირად იყო ყველაფერი. 

მესმის მათი, ვინც აგრესიას გამოხატავს, როცა ვწერთ, რომ ფრენის აღდგენას ველოდებით და მაშინვე წავალთ უკან, პირველივე რეისით, თუმცა ეს ახლა, ჩემი და ჩემი მშობლების შიმშილისგან გადარჩენის ერთადერთი გზაა. აქ იმდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი, ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ მე რამეს ვიშოვი“, - აღნიშნა გიორგი ბეროშვილმა. 

მოგზაურთა ჯგუფებში, სადაც ათი ათასობით ადამიანია, ემიგრანტების ამ სურვილს, მოქალაქეების ნაწილი აგრესიით ხვდება. ისინი საგაზეთო კომენტარზე უარს ამბობენ, მაგრამ არ ერიდებიან საკუთარი "ფეისბუქ-ანგარიშებით" კომენტარების  ღიად წერას, სადაც მათი მთავარი პრეტენზია ისაა, რომ სახელმწიფომ ძალიან დიდი თანხა დახარჯა ემიგრანტების უკან დასაბრუნებლად. ამიოტმ, ვიდრე ვაქცინა არ არსებობს, შეიძლება პანდემიის ტალღა კვლავ განმეორდეს და ისევ გახდეს საჭირო იგივე გზის გავლა. საქართველოს კი იმის ფუფუნება არ აქვს, რომ მუდმივად დიდი თანხა გაიღოს ეპიდემიური სიძნელეების გადალახვაში.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ივანე   (01.06.2020)
ჯერ არჩევნები ჩატარეთ პატივცემულო თანა მოქალაქეებო და მერე იფიქრეთ წასვლაზე. თუ რუეთის პარტიებმა ივანიშვილის თამადობით მოიგეს არჩევნები მაშინ ნოვოსიბირსკში -ჩიტასა და ვორკუტაში წადით :) რა გინდათ ევროპაში როცა უმრავლედობას რუსეთში უნდა......ასე რომ დარჩით სახლში არჩდვნებამდე და გადაწყვიტეთ ჩვენი ბედი სად წავიდეთ მოსკოვში თუ ბრიუსელში........,. კარგი აზრია არა ?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×