"ეკონომიკის ორთვიანმა სრულმა გაჩერებამ იქონია ძირითადი გავლენა"
ნინა გარდაფხაძე
29.05.2020

ყველაზე დიდი შემცირება ბოლო ათწლეულში - ასეთია კოვიდ პანდემიის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, რამაც აპრილში 16.6%-ით კლება გამოიწვია. არადა, გასულ თვეშიც კი, ყველაზე პესიმისტური პროგნოზი, ეკონომიკის 5.5%-ი შემცირება იყო. ჯერ უცნობია, როგორი იქნება მონაცემები წლიურ ჭრილში, თუმცა სპეციალისტები არფერ კარგს არ ელიან და ამბობენ, რომ არესებული რეალობა, მთავრობის მიერ ეკონომიკის სრულმა პარალიზებამ გამოიწვია. 

2020 წლის აპრილში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა - ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთი თვის განმავლობაში ეკონომიკური ვარდნის მაქსიმალური მაჩვენებელია. 2020 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში კი საქართველოს ეკონომიკური ვარდნის საშუალო მაჩვენებელი 3.6%-ს შეადგენს. 

"საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის თქმით, ეკონომიკის სექტორი, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა ვარდნაში, იყო მშენებლობა. მას მოსდევს ვაჭრობისა და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორები. 

"დარგი, რომელმაც ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა კლების მიმართულებით, ეს გახლავთ მშენებლობა, შემდეგ მოდის ვაჭრობა, შემდეგ დამამუშავებელი მრეწველობა, შემდეგ კი სხვა დანარჩენი. აპრილში ძალიან ბევრი ორგანიზაცია იყო შეზღუდვების ქვეშ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის შემცირება მშენებლობის, ვაჭრობის დამამუშავებელი მრეწველობის ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, უძრავი ქონებით ოპერაციების, ასევე ხელოვნების გართობის და დასვენების სექტორებში. საქონლის ექსპორტი შემცირდა 28%-ით და 223 მილიონი დოლარი შეადგინა, 39%-ით არის შემცირებული იმპორტის მაჩვენებელი. 

აპრილში სულ დარეგისტრირდა 307 ახალი საწარმო, რაც 93%-ით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. 87%-ით შემცირდა საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მაჩვენებელიც", - განაცხადა თოდრაძემ.

ეკონომისტი, ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, რომ შემცირება ცალსახად მთავრობის არაგონივრული და დროში გაწელილი რეგულაციების დამსახურებაა. სწორედ ამიტომ კლება მაისშიც თითქმის ასეთი მასშტაბის იქნება. 

,,16.6%-იანი ვარდნა არის ძალიან მაღალი, თუნდაც ერთი თვისთვის. დაახლოებით ამავე ციფრს ველოდები მაისშიც, რადგან რამდენიმე დღეა დაიწყო ბიზნესის მეტ-ნაკლებად ამუშავება. 

მთავრობის პროგნოზით წელს, საშუალოდ, 4%-იან ვარდნას ველოდებით.  გაურკვეველია ეს რა გათვლაა, მაგრამ  სულ რომ ასე იყოს, ჩვენ უნდა გვესმოდეს რას ნიშნავს თუნდაც ამ მასშტაბით ვარდნა. 2009 წელს, როცა 3.7%-ით შემცირდა ეკონომიკა 92 000 ადამიანით  გაიზარდა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რიცხვი. შესაბამისად, ახლა დარტყმა ახლა გაცილებით დიდი იქნება. 

ამ ყველაფერს აქვს ობიექტური მიზეზები, მაგრამ მეორე მხარეა, რომ სწორედ ასეთი  ფორმაჟორის დროს, ზიანის შესამცირებლად გვყავს ხელისუფლება. სწორედ ეკონომიკის ორთვიანმა სრულმა გაჩერებამ იქონია ძირითადი გავლენა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე. მთავრობის ეფექტურობა სად ჩანს არ მესმის. ხალხი რომ სრულად ჩაკეტო და ყველაფერი გააჩერო, ამას ეფექტურობა არ სჭირდება. სრულიად შესაძლებელი იყო რაღაცებზე რეგუალციები საერთოდ არ ყოფილიყო ან ნაკლები პერიოდით შემოეღოთ“, - განუცხადა ხორგუაშვილმა ,,რეზონანსს“. 

ეკონომისტს უჭრს პროგნოზის გაკეთება, რადგან ყველაფერი მაინც მთავრობის მმთავრობის ნაბიჯებზეა დამოკიდებული, რაც ამ ეტაპზე სრულიად არა პროგნოზირებადია. 

ექსპერტ ირაკლი ყიფიანის აზრით კი, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადავა: 

„ეკონომიკური აქტივობის გაჩერებამ გამოიწვია აპრილში ეკონომიკის შემცირება და უკვე მივიღეთ ჩვენი ეკონომიკის ორნიშნა მაჩვენებლით შემცირება. სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა და ეს აღებული ვალები თუ არ მოხმარდა ეკონომიკის სტიმულირებას და ხალხის დახმარებას, როგორც ქრონიკული დაავადება შეიძლება ისე იყოს მშპ-ს შემცირება ჩვენი ეკონომიკის მახასიათებელი მომდევნო წლის ბოლომდე; ხოლო ეკონომიკური ზრდის ტემპების შენელება შემდეგ წლებშიც გაგრძელდეს. 

ახლა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით ვუპასუხოთ ამ შემცირებას. მთავრობა რა ინიციატივასაც აჟღერებს, ეს არ არის ეკონომიკის სტიმულირება, ჩვენ ვერ ვხედავთ ისეთ სამოქმედო გეგმას, რომ აღებული თანხები ქვეყანას მძიმე ვალად არ დააწვება, ეს არც ანტიკრიზისულ გეგმაში ჩანს“, - აღნიშნა "კომერსანტთან" ირაკლი ყიფიანმა.

წინა თვეში პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება. ასეთივე იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინასწარი პროგნოზი. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ 13 მაისს გამოქვეყნებული პროგნოზით კი, 2020 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 5.5%-ით შემცირდება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×