“ამ სიტუაციიდან გამოსავალს კომპანიების ნაწილი ვერ იპოვის, რის გამოც ისინი გაკოტრდებიან"
გვანცა წულაია
27.05.2020

კორონავირუსის გამო კომპანიების საკმაოდ დიდ ნაწილს თავისი ვალდებულებების გასტუმრება უჭირს. ამის შესახებ კვლევაც ჩატარდა, სადაც 1938 კომპანიის 28%-მა სწორედ ასეთი პოზიცია დააფიქსირა. კორონავირუსმა ბიზნესზე უმძიმესი გავლენა მოახდინა, რის გამოც, უკეთეს შემთხვევაში, კომპანიების ნაწილი დროებით გაჩერდა და გარკვეული სახის ზარალი მიიღო, უარეს შემთხვევაში კი, ისინი საერთოდ დაიხურნენ. 

ასეთია კორონავირუსის გავლენა ბიზნესზე, რომელიც პანდემიის პირობებში საკმაოდ დაზარალდა. ვირუსის გამო, ბევრი კომპანია დროებით ან სამუდამოდ დაიხურა, ნაწილმა კი, რომელთაც კოვიდ-19-ს გაუძლო, თანამშრომლებისა და ხელფასების შემცირება დაიწყო, რათა გაკოტრებას გადარჩენოდა. 

როგორც Pჭჩ-ის ანგარიშში წერია, მოთხოვნის შემცირება არის პანდემიით გამოწვეული ყველაზე გამოკვეთილი გვერდითი მოვლენა. მოთხოვნის შემცირებამ გამოკითხული საწარმოების უმეტესობაში (65%) უკვე გამოიწვია 50%-ზე მეტით შემოსავლის შემცირება. რესპონდენტებს შორის ყველაზე მეტად დაზარალდნენ სასტუმროები და რესტორნები, რომელთა 75%-ზე მეტმა განიცადა შემოსავლის მნიშვნელოვანი ვარდნა.

“მოთხოვნის შემცირებამ, კლიენტების მხრიდან დაგვიანებულმა გადახდამ და, ზოგადად, მომხმარებელთა ქცევის შეცვლამ კომპანიების ლიკვიდობის პრობლემა გამოიწვია. გამოკითხული კომპანიების 28%-ს უკვე წარმოეშვა ვალდებულებების გასტუმრებასთან დაკავშირებით შეფერხება, დაახლოებით ნახევარს მსგავსი გამოწვევა 1-6 თვის განმავლობაში შეექმნება, ხოლო გამოკითხულთა მხოლოდ 15% გეგმავს შემცირებების გარეშე ლიკვიდობის შენარჩუნებას.

წარმოქმნილი პრობლემების დროულად საპასუხოდ კომპანიებს თანამშრომლების რაოდენობის შემცირება მოუხდათ. გამოკითხული საწარმოების 50%-ზე მეტმა სხვადასხვა მასშტაბით უკვე შეამცირა დასაქმებულთა ოდენობა. მათ შორის ყველაზე დიდი ოპტიმიზაცია სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში შეინიშნება - აღნიშნულ სექტორში კომპანიების 40%-ზე მეტმა გაათავისუფლა ყველა დასაქმებული. ამ თვალსაზრისით, სოფლის მეურნეობის სექტორი ყველაზე ნაკლებად დაზარალდა”, - ნათქვამია კვლევაში, რომელიც ინვესტორთა საბჭოს დაკვეთით ჩატარდა. 

შეიძლება ითქვას, რომ პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გამო, სამი კომპანიიდან ერთს დახურვა ემუქრება. ექსპერტი ირაკლი შავიშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, რომელიღაც კომპანიამ იპოვოს გამოსავალი და პრობლემები არ შეექმნას, ზოგი კი ამ სიტუაციიდან გამოსავალს ვერ იპოვის, რის გამოც გაკოტრდება. 

“ძალიან რთულია იმის თქმა, რომ აუცილებლად ყველა კომპანიას გაუჭირდება და თანამშრომლებს დაითხოვს. საერთოდ, ეს საკითხი ინდივიდუალურია. თუ რომელიღაც კომპანიამ ამ სიტუაციაში ვერ ნახა გამოსავალი, გაკოტრდება ანდა მომავალში დახურვა ელის. არის კატეგორია, რომელიც გამოსავალს იპოვის და არც გაკოტრდება და თანამშრომლებსაც შეინარჩუნებს. 

ისეთი განწყობა, რადგან კორონავირუსი გავრცელდა და ცოტა ხნით გავჩერდით ამის გამო, სამსახურებიდან ყველა თანამშრომელი უნდა დავითხოვოთ, არ შეიძლება. ამის ინტერესი თავად კომპანიასაც არ უნდა ჰქონდეს. იმ თანამშრომლების, რომლებიც კომპანიებს წლების განმავლობაში დაქირავებული ჰყავდათ და მათი მუშაობით იღებდნენ შემოსავალს, გათავისუფლება რომ პირდაპირ ვინმეს უნდოდეს, ეს არის დიდი სისულელე. თანამშრომლების გაზრდასა და ადაპტირებაში ბევრი ფულია ჩადებული”, - აღნიშნა “რეზონანსთან” შავიშვილმა. 

პანდემიის გავრცელებასთან ერთად, კომპანიების უმეტესობა დამატებითი დაფინანსების მოძიების გამოწვევის წინაშე დადგა. კომპანიების უმეტესობას ფინანსური დახმარება სჭირდება, რადგან მათ დიდად არ იზარალონ ანდა საერთოდ არ მოხდეს მათი დახურვა. ეკონომისტი და ბიზნესმენი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში, კომპანიებს ფინანსურად გაუჭირდებათ, რის გამოც ნამდვილად მიიღებენ გარკვეული სახის ზარალს. 

“ვერ გავაკეთებ იმის პროგნოზს თუ რა მდგომარეობა იქნება, მაგრამ, ბუნებრივია, პანდემიიდან გამოწვეული მიზეზების გამო, სამეწარმეო საქმიანობა შეიზღუდება. კომპანიებიც მიიღებენ გარკვეულ ზარალს, ზოგი - დიდს, ზოგიც - შედარებით ნაკლებს. გააჩნია, რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემიისგან გამოწვეული პრობლემები. ფინანსურად კომპანიებსაც ძალიან გაუჭირდებათ”, - განაცხადა “რეზონანსთან” ზურაბ ტყემალაძემ.

პანდემიის გავრცელებასთან ერთად, კომპანიების უმეტესობა დამატებითი დაფინანსების მოძიების გამოწვევის წინაშე დადგა. გამოკითხულთა 79%-ს ესაჭიროება დამატებითი დაფინანსება, მაგრამ ამ ეტაპისთვის გამოკითხული კომპანიების 85%-ს ჯერ არ მიუმართავს ფინანსური ინსტიტუტებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად, ხოლო იმ სეგმენტისგან, რომელმაც უკვე მიმართა ფინანსურ ინსტიტუტებს, დიდ ნაწილს უარი ეთქვა დაფინანსებაზე. ამ სეგმენტში გამონაკლისს წარმოადგენენ დიდი ზომის კომპანიები, რომელთა 42%-მა მიიღო დაფინანსება, 36% ელოდება პასუხს ბანკის მხრიდან, ხოლო 22%-ს ეთქვა უარი დაფინანსებაზე.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×