გაზზე ფასს ამცირებს როგორც აზერბაიჯანული “სოკარი”, ასევე - რუსული “გაზპრომიც”
თამარ მუკბანიანი
26.05.2020

რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გაზის გატარების სანაცვლოდ საქართველო ,,გაზპრომისაგან“ მიღებული თანხით გაზის  ტარიფის 15%-ით შემცირებას შეძლებს. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ეს შედეგი არსებული ხელშეკულების გადახედვის შემდეგ დადგება. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით  პრემიერთან კითხვები აქვს ოპოზციასა და ანალიტიკოსების ნაწილსაც. 

ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის ბუნებრივი გაზის განახლებული პროგნოზით, საქართველო იმპორტირებული და ადგილობრივი წყაროებიდან, საერთო ჯამში, 2 მლრდ 569,594 მლნ კუბმეტრი გაზის მიღებას ელოდება. ეს მაჩვენებელი მცირედით ჩამორჩება თავდაპირველ პროგნოზს, რომელიც 2 მილიარდ 572.953 მლნ კუბმეტრი იყო.

პირველადი საპროგნოზო დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანიდან საქართველოში 2 მილიარდ 385.221 მლნ კბ/მ გაზის მოწოდება იგეგმებოდა, მათ შორის "სოკარიდან" - 1 მილიარდ 511.417 მლნ კბ/მ, შაჰ დენიზიდან კი - 873.804 მლნ კბ/მ. განახლებული მაჩვენებლები კი ასეთია: აზერბაიჯანი - 2 მლრდ 347,588 მლნ კბ/მ, მათ შორის შაჰ-დენიზი - 882,742 მლნ კბ/მ, „სოკარი“ - 1 მლრდ 464,846 მლნ კბ/მ.

საქართველოში დღეს ბუნებრივი აირის ბაზარი სრულიად კონკურენტულია და კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად ამცირებს როგორც აზერბაიჯანული გაზის შემომტანი „სოკარი", ასევე რუსული „გაზპრომიც" ამ ტენდენციას მიჰყვება. ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას ინფორმაციით, კომერციული გაზი ბაზარზე რამდენიმე სხვადასხვა ალტერნატიული წყაროდან შემოდის, რაც ბუნებრივ აირზე ფასის კლების ერთ-ერთი პირობაა.

„2018 წლიდან მოყოლებული, ჩვენ უფრო მეტი კონკურენცია შემოვიტანეთ ბუნებრივი აირის ბაზარზე, გავხსენით გაზის კომერციული ბაზარი და ახლა ის რამდენიმე სხვადასხვა ალტერნატიული წყაროდან შემოდის. ამ გაძლიერებული კონკურენციისა და იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ნავთობპროდუქტების ფასები ეცემა, „გაზპრომთან" უკვე მოქმედი კონტრაქტი გადაიხედა, რასაც ფასის დაკლება მოჰყვა", - განაცხადა მინისტრმა.

თურნავას ინფორმაციით, ბუნებრივ აირზე დაახლოებით 15%-ით მოხდება ფასის შემცირება. ამასთან ერთად, კომერციულ ნაწილში ფასებს ეტაპობრივად აკლებს როგორც აზერბაიჯანული „სოკარი", ისე - რუსული „გაზპრომი". „მომავალში შესაძლოა ფასის კიდევ მეტად შემცირებაც, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება ბაზრის კონიუნქტურაზე", - დასძინა თურნავამ.

“გაზპრომიდან" 2020 წელს, პირვანდელი საპროგნოზო დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში 169,865 მლნ კბ/მ გაზის იმპორტი იგეგმებოდა, განახლებულ პროგნოზში კი ეს მაჩვენებელი 200,000 მლნ კბ/მ-ს გაუტოლდა.

ანალიტიკოსი ენერგეტიკის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე ,,რეზონანსთან“ ადასტურებს, რომ საქართველოს ნამდვილად შეეძლება გატარების სანაცვლოდ მეტი გაზის შესყიდვა. ფასების ცვლილება მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულების ვარდნას უკავშირდება, რამაც ასევე ბუნებრივი აირიც გააიაფა. 

,,ეს ხელშეკრულება არ არის არაფერი განსაკუთრებული, ესაა გაზის ტრანზიტის მონეტიზება, რის სანაცვლოდაც ჩვენ ვიღებთ გარკვეულ თანხას, აღებული თანხით კი შეგვიძლია, ვიყიდოთ აირი. შესყიდული გაზის რაოდენობა დამოკიდებულია ბუნებრივი აირის ფასზე მოცემულ მომენტში. დღეს ნავთობის ფასი დავარდნილია მსოფლიო ბაზარზე და, აქედან გამომდინარე, შემცირებულია მასზე მიბმული გაზის ფასიც. შეიძლება, ახლა ცოტა უფრო მეტი ვიყიდოთ იმ თანხით, რომელიც გაზის გატარებისათვის გვეკუთვნის. 

ნატურით დღეს გაზს აღარავინ იღებს. ეს არ შეესაბამება არავითარ საერთაშორისო სტანდარტს და ამიტომ მოითხოვდა "გაზპრომიც", შეცვლილიყო ეს წესი“, - განაცხადა ლიანა ჯერვალიძემ. 

კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებას არ ელოდება არც ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. მისი აზრითაც, ნავთობზე ფასის შემცირებამ მოიტანა გაზის 15%-იანი გაიაფება და სხვა არაფერ შუაშია.. 

,,მოგეხსენებათ, კონტრაქტი გაისაიდუმლოებულია, ამიტომ ყველაფერი არის ვარაუდი, რა წერია და რის სანაცვლოდ რა ხდება. პირობების გაუმჯობესების მოლოდნი არ მაქვს. მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ღირებულება  შემცირებულია და ესაა 15%-იანი სხვაობის მიზეზი და სხვა არაფერი“, - უთხრა ხუხაშვილმა ,,რეზონანსს“.

შეგახსენებთ, საქართველო 2020 წელს "გაზპრომისგან" 200 მილიონი კუბმეტრი ბუნებრივი აირის შეძენას გეგმავს, რაც მთლიანი მოხმარების, დაახლოებით, 8 პროცენტია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
😙😃😡მ   (27.05.2020)
რავაც იქნა გავგე კაი საქმე კეთდება ეს საქმეები არცეთი არ კეთდებოდა მიშას დროს მაგრამ მაინც ღმერთი იყო


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×