როგორია მრავალჯერ გადადებული ინსპექტირების რეგლამენტი ავტომფლობელებისთვის?
თამარ მუკბანიანი
26.05.2020

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რომლებიც 2020 წლის პირველი აპრილიდან  უნდა ამოქმედებულიყო. ავტომობილის მფლობელებს, რომლებსაც პერიოდული ტექინსპექტირების გავლა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში უწევდათ, ტექდათვალიერების გასავლელად დამატებით ორთვიანი ვადა მიეცათ, დანარჩენებისათვის კი რეგლამენტში არაფერი შეცვლილა, მათ გამკაცრებული ნორმებით მოუწევთ მანქანების ინსპექტირების გატარება.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, მიხეილ ხმალაძის განცხადებით, ავტომობილების მფლობელებმა სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერება მიმდინარე წლის 21 ივლისამდე უნდა განახორციელონ.

“ისინი, ვისაც უკვე უწევთ ტექინსპექტირების გავლა, ვალდებულნი არიან, ავტომობილების დათვალიერება განახორციელონ, წინააღმდეგ შემთხვევაში 50 ლარით დაჯარიმდებიან. იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა უწევდათ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, განისაზღვრა დამატებით კიდევ 60 კალენდარული დღე, ანუ 21 ივლისამდე ისინი შეძლებენ ინსპექტირების გავლას. თუ, მაგალითად, დღეს ან მომდევნო დღეებში უწევთ ტექდათვალიერება, ამ შემთხვევაში უკვე ამ ადამიანებმა თავის დროზე უნდა გაიარონ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება" , - განაცხადა მიხეილ ხმალაძემ.

“რეზონანსი“ დაუკავშირდა ეკონომიკის სამინისტროსაც, სადაც ადასტურებენ, რომ პერიოდული  ტექინსპექტირების გასავლელად საგანგებო რეჟიმის დასრულებიდან 60 დღე ექნებათ ავტომფობელებს. 

“დიახ, 1-ელ აპრილს რაც უნდა შესულიყო ძალაში, ის წესი ამოქმედდება ტექინსპექტირებასთვის და ზუსტად ის რეგლამენტი შევა ძალაში, მაგრამ გვინდა გარკვევით განვუმარტოთ ავტომფლობელებს, რომ ეს იქნება საგანგებო რეჟიმის დასრულებიდან 60 დღის შემდეგ, ამიტომ შეუძლიათ, იყვნენ მშვიდად“, - განუცხადეს “რეზონანსს“ უწყებაში. 

წესები კი, რომლებიც უკვე ძალაშია, ასეთია: 

ახალრეგისტრირებულ ავტომობილებთან მიმართებით ჩნდება კატალიზატორის მოთხოვნა, უკვე ქვეყანაში არსებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი ეს ნორმა 2022 წელს ამოქმედდება. 

რეგულაცია საბურავებსაც შეეხება. 10 ან მეტი წლის საბურავებით მანქანები ინსპექტირებას ვეღარ გაივლიან. იგივე ითქმის, გარდა ამისა, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე, რომლებსაც ევროპული სტანდარტების შეუსაბამო ფარები ექნებათ.

გარდა ამისა, ახალი ნორმების ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა. ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე ტექდათვალიერების გავლისას საჭის გადატანის აკრძალვა ამოქმედდება, თუმცა საჭის გადატანა მარჯვენასაჭიან ავტომობილებში სავალდებულო არ არის. მარჯვენასაჭიანი ავტომობილები, პირველადი ტექნიკური დათვალიერების გავლის შემდეგ, გადატანილი საჭით მას განმეორებით ვეღარ გაივლიან. გარდა ამისა, მარჯვენასაჭიანი მანქანები, ფარებზე სპეციალური სტიკერების დაკვრის შემდეგაც ვერ გაივლიან ტექდათვალიერებას.

როგორი იქნება მრავალჯერ გადადებული ინსპექტირების რეგლამენტი ავტომობილებისათვის, ამაზე “რეზონანსს“ ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის ხელმძღვანელა ვაჟა იორდანიშვილი ესაუბრა. 

“უნდა დავიწყოთ იმით, რომ 2-თვიანი ვადა მიეცემათ მათ, ვისაც საგანგებო მდგომარეობის დროს უწევდათ ტექინსპექტირება, დანარჩენებისათვის კი წესები ჩვეულებრივ მოქმედებს. რეგლამენტი იქნება ის, რაც 1-ელ აპრილს შევიდა ძლაში. 

პირველ რიგში, გამონაბოლქვის ნორმა მკაცრდება. ნახშირჟანგის შემცველობა გამონაბოლქვში არ უნდა აჭარბებდეს 0.7-2 ერთეულს. 2021 წლიდან უკვე 0.6-ერთეულამდე ჩამოვა, ხოლო 2022 წლიდან - 0.5-ზე.

რაც ეხება სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. თუ ადრე ავტომობილი პირდაპირ ითვლებოდა გამართულად ან გაუმართავად, ახლა შემოდის ახალი განმარტება -  უმნიშვნელო ხარვეზი. ასეთ დროს ავტომობილს ეძლევა ვადა და ის შემდგომი ინსპექტრებისას უნდა გამოსწორდეს, ანუ ავტომობილს, რომელსაც მსგავსი დარღვევა ექნება, მთლიანად აღარ გადაუვადდება ინსპექტირება.

ასევე, საბურავებზე შემოდის ახალი რეგულაცია, რის მიხედვითაც, 10 და მეტი წლის საბურავებით ვეღარ გაივლიან ინსპექტირებას ავტომობილები. სამაგიეროდ, 2022 წლამდე გადავადდა ის, რაც იყო პირველად მოთხოვნაში, ესენია: ცეცხლმაქრი, უსაფრთხოების სამკუთხედი და სააფთიაქო ყუთი”, - აღნიშნა იორდანიშვილმა “რეზონანსთან".

შეგახსენებთ, ცვილებები, რომელთა მიხედვითაც, კატალიზატორი სავალდებულო ხდებოდა უკვე რეგისტრირებული ავტომობილებისათვის, 1-ლი აპრილიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, წესში იანვრის ბოლოს შესული ცვილებების თანახმად, ნორმა 2022 წლამდე გადაიდო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×